ევრო 2012. ჩეხეთის ნაკრები. ტომაშ როსიცკი რუსეთთან ითამაშებს, მილან ბაროში?

AutoSharing Option
საფეხბურთო ჩეხეთმა შვებით ამოისუნთქა: ნაკრების ლიდერმა და კაპიტანმა, "არსენალის" ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, გამოჯანმრთელებულია.

შესაბამისად, ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხალ ბილეკი უკვე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ როსიცკი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველივე ტურში (რუსეთთან) ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ როსიცკი პრემიერლიგის ბოლო ტურში (3:2 ვესტ ბრომვიჩთან) დაშავდა. მას მერე მხოლოდ მსუბუქად ვარჯიშობდა და ჩეხეთის ნაკრების ტესტ-მატჩებში ვერ იასპარეზა.

მის გარეშე ჩეხებს ძალიან რომ უჭირთ, ეს თუნდაც უნგრეთთან 1:2-ზე წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაში
დადასტურდა. ხსენებულ შეხვედრაში ბილეკმა როსიცკის პოზიციაზე ირჟაჩეკი ათამაშა და მართალია, ამ უკანასკნელმა ძალიან მოინდომა, მაგრამ გუნდის შეტევებს ორგანიზებას ვერ უკეთებდა.

თუმცა როსიცკი გამოჯანმრთელდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რუსეთთან აუცილებლად ითამაშებს.

"ტომაში თავს უკვე ძალიან კარგად გრძნობს და ვფიქრობ, პარასკევს სასტარტო შემადგენლობაში გავამწესებ.

მართალია, საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ვარჯიშებზე უდიდესი მონდომება ეტყობა. ჩვენ სწორედ ასეთი, უაღრესად მოტივირებული როსიცკი გვჭირდება," - აცხადებს ბილეკი.

ბაროშის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა
სამაგიეროდ, რუსეთთან შეხვედრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშაა ჩეხეთის ნაკრების მთავარი გოლეადორის, 30 წლის მილან ბაროშის ასპარეზობა.

"გალათასარაის" თავდამსხმელს გუშინ კუნთი დაეჭიმა და იძულებული გახდა, ვარჯიში ნაადრევად დაესრულებინა.

ბაროში მაშინვე ჩეხეთის ნაკრების მთავარმა ექიმმა პეტრ კრეიჩიმ და ფიზიოთერაპევტმა მარტინ იანუშეკმა შეამოწმეს და პირველი დიაგნოზი ასეთია: მილანი პარასკევს, ალბათ, მაინც ითამაშებს.

"ამ დღეებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთთან უმნიშვნელოვანეს მატჩში ბაროშის თამაში რისკთან არ იყოს დაკავშირებული და რომ მიხალ ბილეკმა მილანი 100 პროცენტით გამოიყენოს. დღეს კი შეუძლებელია გადაჭრით იმის თქმა, რომ ბაროში აუცილებლად ითამაშებს," - ეს კრეიჩის სიტყვებია.

მისი თქმით, თუ მილანი ტკივილს დღესაც იგრძნობს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ პარასკევს მოედანზე ვერ გავა.

ჩეხი: ჯობდა ახლა, ვიდრე მერე...
ამ დღეებში საფეხბურთო ჩეხეთი მხოლოდ როსიცკის ჯანმრთელობის გამო როდი ნერვიულობდა. პარასკევს, უნგრეთთან 1:2-ზე წაგებულ მატჩში, ჩეხებს საფიქრალი მეკარე პეტრ ჩეხმაც გაუჩინა - მან უიშვიათესი შეცდომები დაუშვა.

თუმცა თვითონ პეტრი არ ნერვიულობს: "უშეცდომო არავინაა და ასეთი რაღაცები ხანდახან მეც მემართება ხოლმე. მიხარია, რომ შეცდომები ამხანაგურ მატჩში დავუშვი. ეს ამცირებს იმის შანსს, რომ ევროპის ჩემპიონატზეც შევცდე" - თქვა პეტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ნაკრები A ჯგუფშია და პარასკევს, პირველ ტურში რუსეთს ხვდება, რის შემდეგაც ბილეკის გუნდი ჯერ (12 ივნისს) საბერძნეთს დაუპირისპირდება, მესამე ტურში კი (16 ივნისს) მასპინძელ პოლონეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული