ევრო 2012. ამხანაგური მატჩი. საფრანგეთის სამიდან სამი

AutoSharing Option
საფრანგეთი-ესტონეთი 4:0
საფრანგეთი: ლორისი, მექსესი, რამი, ევრა, დებიუში, ა. დიარა (კოშელნი 65), მალუდა (ჟირუ 73), კაბაი (ვალბუენა 51), რიბერი (მარტენი 65), ბენზემა (მენეზი 74), ნასრი (ჟირუ 73)
ესტონეთი: პარეიკო, კლავანი, რანი, ტენისტე (კრუგლოვი 45), იააგერი, ვასილიევი, დმიტრიევი, კინკი (პურიე 68), პური, ოპერი (ვოსკობოინიკოვი 67), ოამაა (სააგი 61)
გოლები: 1:0 რიბერი (25), 2:0 ბენზემა (37), 3:0 ბენზემა (47), 4:0 მენეზი (90)

საფრანგეთმა ისლანდიის, სერბეთისა და ესტონეთის ნაკრებები ერთიმეორის მიყოლებით "მიალაგა".

მართალია, "სამფეროვანთა" მეტოქეები არ არიან მაღალი კლასის გუნდები, მაგრამ აქ სხვა რამეა
მნიშვნელოვანი - ლორან ბლანის შეგირდთა მონდომება და სათამაშო დისციპლინა.

ისლანდიასთან შეხვედრის პირველი ტაიმიდან მოყოლებული, ისინი თვალსა და ხელს შუა იზრდებიან და სადამდე მოახერხებენ გაფრენას, ეს მხოლოდ თავად იციან.

ჩვენი აზრით, გერმანიის, ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებების გვერდით ფრანგების დასახელება ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტთა შორის თავისუფლად შეიძლება.

მატჩის დებიუტში უპირატესობას ვინ მოიპოვებდა, თავისთავად ცხადი იყო. ესტონელები თამაშის კონტრშეტევებზე აგებას ცდილობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, გამოსდიოდათ კიდეც.

ლორისს რამდენჯერმე მოუხდა თამაშში ჩართვა. 25-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ და ფრანკ რიბერიმ მცირე შედევრი შემოგვთავაზეს - მათი კომბინაცია რეალელის ქუსლით გაკეთებული პასითა და ბაიერნელის ეფექტური გოლით დაგვირგვინდა.

12 წუთში უკვე თავად ბენზემამ გამოიჩინა თავი. კუთხურის გათამაშების შემდეგ სტუმრებმა მას მეტისმეტი დრო და სივრცე მისცეს. მეორე ნახევარში "სამფეროვნებმა" სტუმარს "სალამი არ აცალეს", ისე ეცნენ. რიბერის პასით ბენზემამ დუბლი გაიფორმა.

დიდი ანგარიშის დაფიქსირების შემდეგ ბლანის შეგირდებმა ტემპი დააგდეს. მატჩის ბოლო წუთზე შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა თავიანთი ბეჭედიც დაასვეს თამაშს - ჟირუმ უხერხული მოძრაობით მენეზს საგოლე პასი დაუგორა. უკანასკნელს ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია.

მატჩის შემდგომ
ლორან ბლანი (საფრანგეთი): "გამარჯვება ყოველთვის კარგია, მიუხედავად იმისა, ოფიციალურ შეხვედრაში მოიპოვე ის, თუ საკონტროლოში.

დიახ, დღეს ჩვენი მეტოქე ისეთი ძლიერი არ ყოფილა, როგორც ისლანდია ან სერბეთი, მაგრამ ამას ფეხბურთელებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მთავარი იყო, მათ საკუთარი ძალებისა ერწმუნათ. გოლი არ გაგვიშვია, მაგრამ უკანა ხაზთან მაინც მაქვს პრეტენზიები.

მცველებმა, ზოგადად, კარგად ითამაშეს, მაგრამ რაღაც მომენტებში ცოტა ამანერვიულეს, რის გამოც შესვენებისას თამაშში კორექტივები შევიტანე. იმედი მაქვს, ინგლისთან შეხვედრამდე ჩვენს ყველა მინუსს აღმოვფხვრით".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული