ევრო 2012. საფრანგეთის ნაკრები: თამაშით ნეტარებამოგვრილი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები 6 ივნისს, გვიან საღამოს, დონეცკში ჩავიდა თუ არა, ფეხბურთელები ჟურნალისტების ტყვეობაში მოექცნენ.

ყველაზე მეტად, ამ მხრივ, სამფეროვანთა ლიდერ ფრანკ რიბერის გაუმართლა.

"ნაკრებში თამაში წარმოუდგენლად მსიამოვნებს. თანაც, ბოლო სამ შეხვედრაში სამი გოლი გავიტანე, რაც პირადად ჩემთვის ცოტა უჩვეულო მოვლენაა.

საფრანგეთის ნაკრებისთვის კარგი დროება დგას, თუმცა ჯობია, ინგლისთან თამაშს დაველოდოთ. ვგრძნობ, რომ დარჩენილ დღეებში სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. მთავარს უკვე მივაღწიეთ, გუნდში სრული ჰარმონია სუფევს.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ქ
არიმ ბენზემასთან მშვენივრად შევთამაშდი," - განუცხადა რიბერიმ "ფრანს ფუტბოლის" ჟურნალისტს.

დონეცკში ჩასვლისთანავე ბლანმა პრესის წარმომადგენელთათვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას უამრავ შეკითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა.

"აღფრთოვანებულნი დავრჩით დახვედრით და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენი მთავარი უპირატესობა ამ წუთას "შახტარის" ბაზაზე შექმნილი იდეალური პირობებია.

ვგულისხმობ როგორც ცენტრის აღჭურვილობას, ისე მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმს. რაც კი გვჭირდება, ამ ხალხს ყველაფერი უსიტყვოდ ესმის.

კარგია, რომ სავარჯიშოდ გადაადგილება, პრაქტიკულად, არ დაგვჭირდება. ბოლო დღეებში ყველანი სადებიუტო მატჩზე ვფიქრობთ.

მართალია, ზუსტად ვიცი, რანაირად ითამაშებს ინგლისი, მაგრამ მეტოქეს მაინც ვუფრთხით. არ ვამბობ, რომ მისი გვეშინია.

ინგლისელები სერიოზული მებრძოლები არიან და შესაბამისად, ურთულეს თამაშს ველით. უკვე ვთქვი, რომ ესტონელებთან დაცვაში პრობლემები გვქონდა. ბიჭებმა რატომღაც შოუს დადგმა მოინდომეს. მათ დაავიწყდათ, რომ ჩვეულებრივ შეხვედრაში ჩვეულებრივ უნდა ითამაშო.

სწორედ ამიტომ იყო, რომ ისინი პრობლემებს თავად უქმნიდნენ თავიანთ
თავს. ჩემპიონატზე ჩვენს მთავარ კონკურენტებად გერმანიასა და ესპანეთს მივიჩნევ," - თქვა ლორან ბლანმა.

იმედიანად არის განწყობილი ნაკრების ყოფილი კაპიტანი პატრის ევრაც.

"ძალიან გამიკვირდა ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება, როცა მან რიო ფერდინანდზე თქვა უარი. დარწმუნებული ვარ, რომ რიო იმედგაცრუებულია, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელია.

საფრანგეთის ნაკრებისთვის კი მისი არყოფნა დამატებითი უპირატესობაა,"
- ამბობს "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველი.

ესტონეთთან შეხვედრის (4:0) შემდეგ ბლანის გუნდით აღფრთოვანებულია ზინედინ ზიდანი.

"ბოლო მატჩის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების წარმატების კიდევ უფრო მეტად მჯერა. მით უფრო, რომ გუნდს შეტევაში ბენზემასა და რიბერის დუეტი ჰყავს.

ჯგუფიდან გასვლის მშვენიერი შანსი გვაქვს, თუმცა იქამდე პირველ ტურში ინგლისთან რთულ თამაშს ველოდები,"
- აცხადებს ზიზუ.

სულ ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ "მამლებმა" ბალტიისპირელებთან ამხანაგურ შეხვედრაში სარეკორდოდ დიდი აუდიტორია მიიზიდეს ტელეეკრანებთან.

TF1-ის პირდაპირ ეთერში თამაშს 6,7 მილიონმა მაყურებელმა მიადევნა თვალი, რაც საფრანგეთის უმსხვილესი მაუწყებლის მაყურებელთა 27%-ია. ძველი რეკორდი 2011 წელს ხორვატიასთან მატჩისას იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული