"ჩვენ რიოს ბოლომდე დავუდგებით მხარში. თუკი სპორტულ პრინციპზე მიდგება საქმე, ის ნამდვილად უნდა იყოს ეროვნულ გუნდში და ვფიქრობთ, რომ ჰოჯსონმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო," - აცხადებს ის.
შეგახსენებთ, რომ გრებიმდე ჰოჯსონის ნაბიჯი სასტიკად გააკრიტიკა რობი ფაულერმაც. ექსლივერპულელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ჯონ ტერისა და ფერდინანდს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო გადაიდგა.
ნაკრების თავკაცი
რაკი კონტინენტის პირველობის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, ნაკრების გარშემო სიტუაციის დაძაბვას უფრთხის ასოციაციის ხელმძღვანელი დევიდ ბენშტეინი, ვინც თავად გადაწყვიტა, პრესასთან ურთიერთობა თავის თავზე აეღო:
"მე და ჰოჯსონი ერთმანეთს უკვე შევხვდით და გუნდში არსებულ ვითარებაზე ვილაპარაკეთ. აქედანვე ვაცხადებ, იმ ფეხბურთელებზე ლაპარაკს, რომლებიც ნაკრებში ვერ მოხვდნენ, არ ვაპირებ.
შეიძლება არსებობს კონკრეტული პრობლება, მაგრამ, მოდი, ამაზე ტურნირის დასრულების შემდეგ ვიმსჯელოთ. იქამდე კი მხოლოდ ჩემპიონატზე ვილაპარაკებთ. სულ ეს არის.
ძალიან გვინდა, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, რაც წინ გველის და არა იმაზე, რაც უკან მოგვრჩა. იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრები ბოლომდე მხარში დაგვიდგებიან და არ ჩაიციკლებიან ძველ თემებზე".
7 ივნისს, დილას, ნაკრების თავდამსხმელი ჯერმეინ დეფო რამდენიმე დღით ინგლისში დაბრუნდა. მიზეზი ჯერმეინის მამის გარდაცვალება გახდა. ფეხბურთელი დაკრძალვის მეორე დღესვე აპირებს შეკრებაზე დაბრუნებას, - იუწყება "ტოტენჰემის" ოფიციალური ვებგვერდი. რამდენად მზად იქნება დეფო სათამაშოდ, ვერ გეტყვით.
როი ჰოჯსონს სანერვიულო არა და არ ელევა, რადგან დისკვალიფიცირებული უეინ რუნის არყოფნაში მის განკარგულებაში ორადორი თავდამსხმელიღა რჩება - ენდი კეროლი და დენი უელბეკი.
დაბოლოს, "დეილი სტარის" ცნობით, ბელგიელებთან მიღებული ტრავმის გამო საფრანგეთთან ჯონ ტერის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ორშაბათს ფეხბურთელს საერთოდ არ უთამაშია, მას მერე კი მხოლოდ ინდივიდუალურად იტვირთება.
ფეხბურთელს ეჭვი არ ეპარება, რომ "მამლებთან" თამაშამდე მომჯობინდება, თუმცა ექიმების თქმით, მოედანზე გასვლის შემთხვევაში ის სერიოზულად გარისკავს საკუთარ ჯანმრთელობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"