ევრო 2012. გერმანიის ნაკრები: იოაჰიმ ლიოვმა საიდუმლო გაამხილა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებული საიდუმლო გაამხილა.

ბუნდესმწვრთნელმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ კაპიტანი ფილიპ ლამი დაცვის მარცხენა ფლანგზე ათამაშოს და პორტუგალიასთან მატჩამდე თავს იმაზე ფიქრით იმტვრევს, თუ ვინ უნდა გაამწესოს მარჯვნივ.

აქამდე ამ პოზიციისთვის მთავარ კანდიდატად ჟერომ ბოატენგი მოიაზრებოდა, ახლა კი გაირკვა, რომ ბაიერნელი სულაც არ არის ფავორიტი დაცვის მარჯვენა ფლანგისთვის - ამ პოზიციაზე ლიოვი "ლევერკუზენის" საყრდენ ნახევარმცველ ლარს ბენდერს მოიაზრებს.

გუშინწინ ბუნდესგუნდი გერმანიის კანცლერმა მოინახულა - ანგელა მერკელმა ლიოვის ბიჭებთან ერთად ივახშმა.

"კანცლერის სტუმრობა ჩვენთვის უდიდესი პატივია. ფრაუ ბუნდესკანცლერინთან ერთად ვახშმობის შემდეგ მოტივაცია გაგვიორმაგდა.

მე მას შევპირდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყველანი თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ,"
- განაცხადა გუშინ გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ლამმა და იქვე დასძინა, დღეს მხოლოდ პორტუგალიასთან მატჩზე ვფიქრობთო.

ლამი მარცხნივ, მარჯვნივ ბენდერი?
ფილიპმა დაცვის მარცხენა ფლანგზე რომ უნდა ითამაშოს, ეს მან და ლიოვმა ერთად გადაწყვიტეს.

"მწვრთნელი ფიქრობს, რომ მე მარცხენა მცველის პოზიციაზე უნდა ვითამაშო," - განაცხადა ლამმა. ლიოვმა კი დასძინა, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინა კვირაში მივიღეო.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიასთან მატჩში ფილიპს კრიშტიანო რონალდოსთან მოსალოდნელზე იშვიათად ექნება საქმე.

სამაგიეროდ, ლიოვის თქმით, ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, თუ ვინ უნდა ითამაშოს დაცვის მარჯვენა ფლანგზე.

იოგი არ მალავს, რომ ბოატენგის შესაძლებლობებში 100 პროცენტით არაა დარწმუნებული, თუმცა ამბობს, ჟერომი სასტარტო შემადგენლობასთან ძალიან ახლოსააო. მაგრამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე ლიოვმა, ყველასათვის მოულოდნელად, ლარს ბენდერი აქო და არ დამალა, რომ მარჯვენა მცველად მასაც მოიაზრებს.

ბენდერი ნომინალური საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა, იოგის თქმით, მან ლარსი ბოლო ვარჯიშებზე დაცვის მარჯვენა ფლანგზე გამოსცადა და დარწმუნდა, რომ ამ პოზიციაზე თამაში ბენდერსაც კარგად გამოსდის.

ლიოვი: ბოატენგი ცუდად მოიქცა!
შესაძლოა, იოგი მარჯვნივ ბენდერის გამწესებაზე, პირველ რიგში, იმის გამო დაფიქრდა, რომ ბოატენგის ქცევითაა უკმაყოფილო. ბუნდესმწვრთნელმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაამხილა, ძალიან არ მომეწონა ის, რომ ჟერომი გდანსკში გაფრენის წინა დღეს ერთ-ერთ სასტუმროში თავის მეგობრებს და ტოპ-მოდელ ჯინა-ლიზას შეხვდაო.

"ვფიქრობ, არავის გაუკვირდება ის, რომ ბოატენგის საქციელი არ მომეწონა. ვარჯიშებზე თავდაუზოგავად კი შრომობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ეპატიება. მე მას მთელი გუნდის წინაშე ვუთხარი, თუ გინდა, რომ ეს ამბავი დავივიწყო, ამ დღეებში სამაგალითო უნდა იყო-მეთქი," - თქვა ლიოვმა.

ბუნდესმწვრთნელმა იმაზეც ისაუბრა, რომ პორტუგალიასთან მატჩში გერმანიის ნაკრების მიზანი თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა იქნება.

ტაქტიკური თვალსაზრისით, იოგი მთავარ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ გერმანელებმა ნანისა და რონალდოსკენ მიმავალი საპასე დერეფნები მაქსიმალურად გადაკეტონ, რადგან პორტუგალიის ნაკრების თამაში უმეტესად სწორედ ამ გარემარბებზეა აწყობილი.

კლოზეს დაბადების დღე კარგი ნიშანია?
ფილიპ ლამის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე არანაირ გავლენას არ იქონიებს ის, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელებს გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ხელი მოეცარათ.

"ჩვენ ნამდვილად არ ვართ სასოწარკვეთილები, რაც სწორედ ევროპის ჩემპიონატის დამსახურებაა," - აღნიშნა ბუნდესკაპიტანმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების განაცხადში "ბაიერნის" რვა ფეხბურთელია.

ლამმა ისიც გაიხსენა, რომ ზუსტად ისე, როგორც 2006 წლის მუნდიალზე, ბუნდესნაკრები ასპარეზობას ამჯერადაც 9 ივნისს, მიროსლავ კლოზეს დაბადების დღეზე იწყებს. 2006-ში გერმანიამ კოსტა რიკა 4:2 დაამარცხა...

ბუნდესგუნდის სარეკორდო პრემიები
ევროპის ჩემპიონობისთვის თითოეული ფეხბურთელი 300 000 ევროს მიიღებს

გუშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ის პრემიალური თანხები გამოაცხადა, რასაც ბუნდესგუნდის ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე წარმატების შემთხვევაში მიიღებენ.

ჩემპიონობის შემთხვევაში თითოეული ფეხბურთელი 300 000 ევროს მიიღებს, რაც 2010 წლის მუნდიალზე დაწესებულ პრემიაზე 50 000 ევროთი მეტია. საფეხბურთო კავშირის განმარტებით, პრემიის მომატება გაზრდილმა შემოსავლებმა გამოიწვია. ცნობილია, რომ უეფა ევროპის 2012 წლის ჩემპიონს 23.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ ტიტულის მოგებისთვის ასეთი მაღალი პრემია გერმანიაში მხოლოდ 2006 წლის მუნდიალზე იყო დაწესებული. მაშინ გერმანელებმა მესამე ადგილი დაიკავეს და ფეხბურთელებმა მხოლოდ 100-100 ათასი ევრო მიიღეს.

მეოთხედფინალში გასვლისთვის თითოეული ბუნდესგუნდელი 50 000 ევროს მიიღებს, ნახევარფინალისთვის 100-100 ათასი ევროა დაწესებული, ხოლო ფინალში გასვლისთვის კი - 150-150 ათასი ევრო.

ცნობისათვის, 1996 წელს, როცა გერმანია უკანასკნელად გახდა ევროპის ჩემპიონი, იურგენ კლინსმანმა და კომპანიამ 50-50 ათასი ევრო მიიღეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული