გერმანია VS პორტუგალია - სიკვდილის ჯგუფის პირველი სუპერჯახი

AutoSharing Option
სიკვდილის ჯგუფის პირველი ტოპ-მატჩი ლვოვში გაიმართება: ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი გერმანია თანაფავორიტ პორტუგალიას ხვდება.

ამ კვირაში გერმანელები ინტენსიურად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ პირველ მატჩს ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რომ პორტუგალიის ნაკრების დამარცხება აუცილებელია.

ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი ხაზგასმით ამბობდა, ამ შეხვედრაში ჩვენთვის ყველაზე მთავარი თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა და კრიშტიანო რონალდოსთვის ხელ-ფეხის სწორედ ამ გზით შებოჭვააო, თუმცა ფაქტია, რომ თავის შეგირდებს არაერთ ინსტრუქტაჟს ჩაუტარებდა, თუ როგორ უნდა იბრძოლონ რონალდოს წინააღმდეგ.

ცხადია ისიც, რომ ლიოვი პორტუგალიელთა მეგა-ვარსკვლავს პერსონალურ მეურვეს არ
მიუჩენს - არაერთხელ თქვა, ამას აზრი არ აქვს, რონალდოზე ისედად მინიმუმ ორმა ფეხბურთელმა უნდა იმუშავოსო.

წინ კლოზე! უკან ბოატენგი თუ ბენდერი?
გერმანელთა ბანაკში უკანასკნელი კითხვის ნიშანიც მოიხსნა: ლიოვის ასისტენტმა ჰანსი ფლიკმა 8 ივნისს, ნაშუადღევს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პერ მერტეზაკერი პორტუგალიასთან სათამაშოდ სრულ მზადყოფნაშია. პერი ხუთშაბათის ვარჯიშზე ჯერომ ბოატენგს შეეჯახა და წვრთნა შეწყვიტა, თუმცა სერიოზული არაფერია, რაც იმას ნიშნავს, რომ 23-ივე ფეხბურთელი იოგის განკარგულებაშია.

გამოჯანმრთელდა ბასტიან შვაინშტაიგერიც და მისი დატვირთვაც შესაძლებელია. გერმანიის ნაკრების თავკაცმა მატჩის წინა დღეს ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი თქვა და შესაბამისად, მხოლოდ 9 ივნისს, უშუალოდ თამაშის წინ გავიგებთ, ვის გაამწესებს დაცვის მარჯვენა ფლანგზე - ბოატენგს თუ ლარს ბენდერს.

მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა ოთხშაბათს ლიოვმა ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ბენდერსაც განვიხილავო. თან, იოგიმ ისიც დაადასტურა, რომ ბოატენგის ბოლოდროინდელი ქცევებით უკმაყოფილოა.

სამაგიეროდ, ბუნდესგუნდის სამწვრთნელო შტაბმა 8 ივნისს საბოლოოდ დაადასტურა, რომ პორტუგალიასთან ცენტრფორვარდის პოზიციაზე მიროსლავ კლოზე ითამაშებს, მარიო გომესი კი სათადარიგო იქნება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს კლოზეს დაბადების დღეა - მირო 34 წლის გახდა.

ასე იქნება, თუ ისე, ფაქტია, რომ მერტეზაკერი, შვაინშტაიგერი და კლოზე ახალი გამოჯანმრთელებულები არიან და შესაბამისად, საუკეთესო ფორმამდე ბევრი აკლიათ. რაც შეეხება გერმანიის ნახევარდაცვას, აქ ყველაფერი დღესავით ნათელია: საყრდენებად შვაინშტაიგერისა და ხედირას წყვილს, ხოლო წინ მიულერის, იოზილის და პოდოლსკის ტრიოს ვიხილავთ.

"მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატი ბოლოს და ბოლოს იწყება. ვფიქრობ, რომ ყველანაირად მზად ვართ!

პორტუგალია ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეტოქეა. მთავარია, ბურთი იშვიათად დავკარგოთ და რონალდო მაქსიმალურად შევზღუდოთ. თუმცა ჩვენი ტაქტიკა კრიშტიანოს განეიტრალებაზე არ იქნება აგებული. გერმანიის ნაკრებმა თავისი ფეხბურთი უნდა ითამაშოს",
- განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლიოვმა.

გააჩნია, რას მოახერხებს რონალდო
პორტუგალიის ნაკრები ტესტ-მატჩებში სუსტად გამოიყურებოდა. კრიშტიანო რონალდომ და კომპანიამ პოლონეთსა და მაკედონიას გოლები ვერ გაუტანეს (ორივე მატჩი 0:0 დამთავრდა), თურქეთთან კი 1:3 დამარცხდნენ, რის გამოც საფეხბურთო პორტუგალიაში განგაში ატყდა, თუმცა გულშემატკივრების დამშვიდებას თავდამსხმელი ელდერ პოშტიგა შეეცადა - თუ ვინმე ფიქრობს, რომ გოლების გატანა არ შეგვიძლია, ძალიან ცდებაო.

ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს: პაულო ბენტუს გუნდს ყველაზე მეტად სწორედ წინა ხაზზე უჭირს, თუმცა, მაგალითად, თურქეთთან არც მისი მცველები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე.

ცხადია, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რონალდოზე და ასევე ნანიზე.

"შეგიძლიათ, გვაკრიტიკოთ და ამტკიცოთ, რომ გერმანიას ჩვენზე ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ არაფერს ვამბობთ და შაბათამდე ვიცდით.

უშუალოდ თამაშის დროს შევეცდებით იმის დამტკიცებას, რომ არავისზე ნაკლები გუნდი არ გვყავს. და სხვათა შორის, თუ ამ თამაშს მოვიგებთ, ეს არ იქნება იმის ნიშანი, რომ პორტუგალიას ყველაზე მაგარი გუნდი ჰყავს.

შესაბამისად, არც წაგების შემთხვევაში უნდა თქვას ვინმემ, რომ ყველაზე სუსტები ვართ",
- ეს ბრუნო ალვეშის სიტყვებია, რომელიც დაცვის ცენტრს პეპესთან ერთად გაამაგრებს.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯფუფი. I ტური
ლვოვი. ლვივ არენა. 9 ივნისი. 22:45
გერმანია-პორტუგალია
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ

სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი (ან ლ. ბენდერი), მერტეზაკერი, ბადშტუბერი, ლამი - ხედირა, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.

პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიო - ჟოაო პერეირა, პეპე, ბრუნო ალვეში, ფაბიო კოენტრაო - რაულ მეირელეში, მიგელ ველოსო, ჟოაო მოუტინიო - ნანი, ელდერ პოშტიგა, კრიშტიანო რონალდო.

არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

ბოლო ხუთი მატჩი
გერმანია
გერმანია-ისრაელი 2:0
შვეიცარია-გერმანია 5:3
გერმანია-საფრანგეთი 1:2
გერმანია-ჰოლანდია 3:0
უკრაინა-გერმანია 3:3

პორტუგალია
პორტუგალია-თურქეთი 1:3
პორტუგალია-მაკედონია 0:0
პოლონეთი-პორტუგალია 0:0
პორტუგალია-ბოსნია 6:2
ბოსნია-პორტუგალია 0:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ჰოლანდია VS დანია - მოდი, ვნახოთ ჰოლანდია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული