პოლონეთი-საბერძნეთი 1:1 - პოლონეთის ფალშსტარტი

AutoSharing Option
ვიდეო
ევროპის ჩემპიონატი ტექნიკურად ულაზათო, მაგრამ ძალიან დაძაბული და დრამატული მატჩით დაიწყო.

თანამასპინძელი პოლონეთისა და საბერძნეთის დაპირისპირებაში ყველაფერი ვნახეთ: ორი გოლი, ორი გაძევება, ესპანელი არბიტრისთვის დამახასიათებელი არადამაჯერებელი მსაჯობა და ფაქტობრივად გადამწყვეტ მომენტში გაცუდებული თერთმეტმეტრიანიც.

ტაქტიკა/სტრატეგია
პოლონელთა თავკაცმა ფრანტიშეკ ჟმუდამ მრავალნაცადი და თანამედროვე ფეხბურთში ესოდენ პოპულარული ტაქტიკური სქემა, 4-2-3-1 აირჩია, მაგრამ უსიურპრიზოდ მაინც არ დავუტოვებივართ: დაცვის მარცხენა ფლანგზე მან სებასტიან ბიონიში გაამწესა, რომელიც ნომინალურად ცენტრალური მცველია.

ბერძენთა დამრიგებელმა ფერნანდუ სანტუშმა სამ საყრდენ ნახევარმცველზე გააკეთა აქცენტი: მოედნის ცენტრში ბრძოლა მანიატისს, კაცურანისსა და კარაგუნისს
დაევალათ.

TOP ფეხბურთელი
იანის მანიატისი (საბერძნეთი)

ალბათ ფიქრობდით, რომ მატჩის გმირად სალპინგიდისს ვაღიარებდით, რომელმაც თითქმის უიმედოდ დარჩენილი ბერძნები მეორე ტაიმში თამაშში უმნიშვნელოვანესი გოლით დააბრუნა, მაგრამ არა - ჩვენთვის მოედანზე საუკეთესო იანის მანიატისი გახლდათ!

ეს უკანასკნელი მაშინაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა, როცა საბერძნეთის ნაკრებს უკიდურესად უჭირდა - პირველ ტაიმს ვგულისხმობთ. მეორე ნახევარში კი სულაც ყველაზე შესამჩნევი ფიგურა გახდა.

იანისი მოედნის ცენტრში, კარაგუნისის გვერდით ერთად თავს შესანიშნავად გრძნობდა, თავი არაერთი კარგი იდეით დაგვამახსოვრა, არც ბურთს კარგავდა და არც მოედნის ხედვას.

FLOP ფეხბურთელი
სოტირის ნინისი (საბერძნეთი)

მარჯვენა გარემარბი ნინისი საბერძნეთის ნაკრების ერთ-ერთ უმთავრეს ფეხბურთელად მოიაზრება, პოლონეთთან კი ყველაზე უსახური მოთამაშე იყო.

წესით, საქმე ყველაზე მეტად მას უნდა გაიოლებოდა, რადგან მეტწილად ბიონიშთან ჰქონდა საქმე, რომელიც თავის ჩვეულ პოზიციაზე არ თამაშობდა, მაგრამ ნინისმა მაინც ვერაფერი გააწყო. მას ერთი დრიბლინგის განხორციელებაც კი არ უცდია და სტანდარტულების დროსაც სუსტი იყო.

სანტუშმა ნინისი ამიტომაც შეცვალა შესვენებაზე და მის ნაცვლად მოედანზე შესულმა სალპინგიდისმა, თამაშის გადარჩენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.

მსაჯი
კარლოს ველასკო კარბალიომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ესპანელ არბიტრებს ტყუილად არ ვიგდებთ ხოლმე აბუჩად. პირველ წუთებში ფეხბურთელებს ზედმეტის უფლება მისცა, მერე კი ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღო.

სოკრატისისთვის მეორე ყვითელი ბარათის აფრიალება აშკარად გადაჭარბებული გადაწყვეტილება იყო, შჩესნის გაძევება კი - სამართლიანი ნაბიჯი. გარდა ამისა, პირველ ტაიმში პოლონელთა კარში აშკარა პენალტი არ დანიშნა.

მწვრთნელების დუელი
ბიონიშის დაცვის მარცხენა ფლანგზე გამწესება ვაჟკაცური გადაწყვეტილება იყო, რის გამოც ჟმუდა არ დაისაჯა: ბიონიშმა საკმაოდ კარგად ითამაშა.

პოლონელები პირველ წუთებში უაღრესად მოტივირებულები იყვნენ, რაც ჟმუდას ასევე აქტივში უნდა ჩაეწეროს, თუმცა პოლონელთა თავკაცს მინუსიც აღმოვუჩინეთ: როცა პოლონელები მოედანზე მეტნი დარჩნენ, ფრანტიშეკმა თავისი გუნდის თამაში სათანადოდ ვერ გადააწყო - შჩესნის გაძევებამდე თითქმის შეუმჩნეველი იყო ის, რომ პოლონელებს მოედანზე ერთით მეტი ფეხბურთელი ჰყავდათ.

ბერძნების თავკაცი სანტუში გაცილებით მეტი პრობლების წინაშე დადგა და ამ პრობლემებს პოლონელ კოლეგაზე უკეთესად გაუმკლავდა. 37-ე წუთზე მან იძულებითი შეცვლა გააკეთა, რადგან ავრაამ პაპადოპულოსი დაუშავდა, თუმცა ეს უკანასკნელი ბევრ შეცდომას უშვებდა და შეიძლება ითქვას, რომ ბერძნებს გაუმართლათ კიდეც, ტრავმა რომ მიიღო. ფაქტია, რომ მის ნაცვლად შესულმა კირიაკოს პაპადოპულოსმა გაცილებით უკეთ ითამაშა.

შესვენებამდე მცველი სოკრატისი რომ გაუძევეს, სანტუში არ შეშინდა და დაცვაში შექმნილი სიცარიელე არა წინახაზელის, არამედ საყრდენი ნახევარმცველის თამაშიდან მოხსნის ხარჯზე შეავსო.

და კიდევ: ანგარიში შეცვლაზე შესულმა სალპინგიდისმა გაათანაბრა - ანუ, სანტუშმა ცვლილებაც გამოიცნო.

ანალიზი
პოლონელები, როგორც მასპინძლები, წნეხის ქვეშ იყვნენ, მაგრამ ნერვიულობა არ დასტყობიათ, ბერძნებმა კი აქცენტი აგრესიაზე გააკეთეს და პირველ ტაიმში უმეტესად მინიმუმ ერთი ნაბიჯით აგვიანებდნენ.

პოლონელები კი თავისულად თამაშობდნენ, კარგად იხსნებოდნენ და თამამად კომბინირებდნენ. ბერძნები ფლანგებზე მოისუსტებდნენ, რაც პირველ რიგში ფლანგის მცველების, ტოროსიდისისა და ჰოლებასის უნიათობის ბრალი გახლდათ, რომლებიც პირველ ნახევარში შეტევებში თითქმის არ ჩართულან, უმოქმედონი იყვნენ გარემარბები, სამარასი და ნინისიც.

პოლონელთა იერიშების უდიდესი ნაწილი მარჯვენა ფრთიდან ხორციელდებოდა, სადად პიჟჩეკ-ბლაშჩიკოვსკის კარგად შეთამაშებული, დორტმუნდული წყვილი აქტიურობდა. რაც შეეხება მოედნის ცენტრს: მიუხედავად იმისა, რომ ბერძნებს მოედანზე სამი საყრდენი ჰყავდათ, იქ მაინც პოლონელები ბატონობდნენ, რადგან პოლანსკი და მურავსკი მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ.

მეორე ტაიმში, მიუხედავად კაცნაკლულობისა, საბერძნეთის ნაკრებმა მოულოდნელად მოუმატა. სანტუშის ბიჭებმა პრესინგსაც მიმართეს და პოლონელები არაერთხელ დააბნიეს. სალპინგიდისის გოლიც თითქოს ლოგიკური იყო, რის შემდეგაც პოლონელებს აშკარად დააკლდათ თავდაჯერება.

შჩესნის გაძევების შემდეგ უკვე საბერძნეთი ფლობდა უპირატესობას: მანიატისი და კარაგუნისი მედგრად იბრძოდნენ, პოლონელებს კი წესიერი შეტევების განხორციელება უჭირდათ და რამდენიმე ბავშვური შეცდომაც დაუშვეს.

თამამად უნდა ითქვას, რომ პოლონეთის ნაკრებმა ამ მატჩის ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და წესით, ჟმუდას გუნდს მეოთხედფინალში გასვლა უნდა გაუჭირდეს.

დასკვნა
პირველი ტაიმი პოლონეთის იყო, თუმცა მასპინძლებს მსაჯიც დაეხმარა. მეორე ნახევარში კი ლევანდოვსკის და კომპანიას თითქმის აღარაფერი გამოუვიდათ. მეტიც: მეორე 45 წუთში საბერძნეთმა უკეთ ითამაშა. შესაბამისად, ფრე ლოგიკური შედეგია.

ევრო 2012. A ჯგუფი. I ტური
ვარშავა. ეროვნული სტადიონი
პოლონეთი-საბერძნეთი 1:1
პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - პიჟჩეკი, ვასილიევსკი, პერკისი, ბიონიში - მურავსკი, პოლანსკი - ბლაშჩიკოვსკი, ობრანიაკი, რიბუსი (70. ტიტონი) - ლევანდოვსკი.
საბერძნეთი (4-3-2-1): ხალკიასი - ტოროსიდისი, სოკრატისი, ა. პაპადოპულოსი (37. კ. პაპადოპულოსი), ჰოლებასი - მანიატისი, კაცურანისი, კარაგუნისი - ნინისი (46. სალპინგიდისი), სამარასი - გეკასი (68. ფორტუნისი).

71-ე წუთზე კარაგუნისმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (17), 1:1 სალპინგიდისი (51)
გაძევება: სოკრატისი (45. საბერძნეთი), შჩესნი (69. პოლონეთი)

გაფრთხილება: ჰოლებასი, კარაგუნისი

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 23-16; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 17(3)-8(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 58 145

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
რუსეთი-ჩეხეთი 4:1 - არავითარი კითხვის ნიშნები

გაიოზ დარსაძე: სუსტ A ჯგუფში რუსეთი საუკეთესოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული