პირველები შეეცდებიან, მორიგი 3 ქულა აიღონ და პლეი ოფის საგზური გაინაღდონ, ფრანტიშეკ სმუდას გუნდი კი ყველაფერს გაიღებს იმისთვის, რომ ეს არ დაუშვას და ჩემპიონატის დაწყებიდან მე-5 დღეს, პრაქტიკულად, არ გაინაღდოს ჯგუფში ჩარჩენა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლონელები მეორედ მონაწილეობენ ევროპის ჩემპიონატზე და მათ ანგარიშზე ჯერ ერთი მოგებაც კი არ არის (4 თამაში, 2 ფრე, 2 წაგება).
თუკი გუნდებმა ერთმანეთში ფრედ ითამაშეს, მაშინ მათი ბედი უკვე მე-3 ტურში გადაწყდება.
პოლონეთმა სასტარტო შეხვედრის პირველ ნახევარში აგრესიული, შემტევი ფეხბურთი ითამაშა. სპორტის ეს სახეობა ლოგიკას რომ ექვემდებარებოდეს, მასპინძლებს მინიმუმ 3:0 უნდა წაეყვანათ ანგარიშში. მათ შემხედვარე ადამიანს შეიძლება ეფიქრა, რომ "თეთრ-წითლები" მხოლოდ ჯგუფიდან გასვლას არ დასჯერდებოდნენ. თუმცა საბოლოოდ მათი გაქანება რობერტ ლევანდოვსკის გოლით ამოიწურა.
პირველი 45 წუთის შემდეგ ტრიბუნები ფეხბურთელებისგან გამარჯვებას ითხოვდნენ, მით უფრო, რომ პოლონელები უკვე რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ.
როგორ დამთავრდა ყველაფერი, ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის. ბერძნებმა ძალები მოიკრიბეს და ანგარიში გაათანაბრეს. მერე მსაჯმა მოედანზე ფეხბურთელთა რაოდენობაც გაათანაბრა და მასპინძლები პენალტით დასაჯა. გეორგიუს კარაგუნისს პენალტი უკეთ რომ დაერტყა, შეხვედრას ნამდვილად სტუმრები მოიგებდნენ.
რუსეთს რაც შეეხება, ამ გუნდმა ზედიზედ მე-15 წაუგებელი თამაში ჩაატარა და ბევრი აღაფრთოვანა. რისი ბრალი იყო ჩეხების განადგურება, უკანასკნელთა სისუსტით თუ პირველების ძლევამოსილებით? ალბათ, ერთმა ფაქტორმაც დაიდო თავისი წილი და მეორემაც.
რას მოიფიქრებს სმუდა? ფაქტია, რომ მისი გუნდი ძალიან ცუდად არის მომზადებული ფიზიკურად, რაც, თავის მხრივ, სტუმართა ერთ-ერთი პლუსია. ლევანდოვსკისა და იაკუბ ბლაშჩიკოვსკის თავის თავზე მეტი ინიციატივის აღება მოუწევთ, უკანახაზელებს კი მაქსიმალურად მობილიზება, რათა ვერცხლის წყალივით მოძრავ რუსებს გალაღების საშუალება მოუსპონ.
მეტოქისგან განსხვავებით, დიკ ადვოკაატს შემადგენლობის მხრივ პრობლემა არ აქვს. მეტიც, რუსული პრესის ცნობით, ჰოლანდიელი ჩეხეთთან გამარჯვებული შემადგენლობის შეცვლას არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ძირითადში ისევ ვიაჩესლავ მალაფეევი იქნება. პოლონელთა კარს კი ნამდვილად მეორე მეკარე პშემისლავ ტიტონი დაიცავს, რადგან ვოიცეხ შჩესნიმ ბერძნებთან წითელი ბარათი მიიღო.
ევრო 2012. A ჯგუფი. II ტური
12. 06. ვარშავა. ნაციონალური სტადიონი. 22:45
პოლონეთი-რუსეთი
დისკვალიფიკაცია: შჩესნი (პოლ)
ტრავმა: არავინ
სავარაუდო შემადგენლობები
პოლონეთი (4-2-3-1): ტიტონი - პიჟჩეკი, ვასილევსკი, პერკისი, ბიონიში - მურავსკი, პოლანსკი - ბლაშჩიკოვსკი, ობრანიაკი, რიბუსი - ლევანდოვსკი.
რუსეთი(4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, ჟირკოვი - შიროკოვი, დენისოვი, ზირიანოვი - ძაგოევი, კერჟაკოვი, არშავინი.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)
ბოლო ხუთი მატჩი
პოლონეთი
პოლონეთი-პორტუგალია 0-0
პოლონეთი-ლატვია 1-0
პოლონეთი-სლოვაკეთი 1-0
პოლონეთი-ანდორა 4-0
ევრო 2012-ზე
პოლონეთი-საბერძნეთი 1-1
რუსეთი
დანია-რუსეთი 0-2
რუსეთი-ურუგვაი 1-1
ლიტვა-რუსეთი 0-0
იტალია-რუსეთი 0-3
ევრო 2012-ზე
რუსეთი-ჩეხეთი 4-1
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 1 1 0 0 4-1 3
2. პოლონეთი 1 0 1 0 1-1 1
3. საბერძნეთი 1 0 1 0 1-1 1
4. ჩეხეთი 1 0 0 1 1-4 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საბერძნეთი VS ჩეხეთი - ბერძნები შეტევას გვპირდებიან, ჩეხები - რეაბილიტაციას
პოლონეთი-საბერძნეთი 1:1 - პოლონეთის ფალშსტარტი
რუსეთი-ჩეხეთი 4:1 - არავითარი კითხვის ნიშნები
გაიოზ დარსაძე: სუსტ A ჯგუფში რუსეთი საუკეთესოა