შვედეთი VS ინგლისი - გააჩერეთ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და გააჩერებთ შვედეთს!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურს შვედეთისა და ინგლისის შეხვედრა დაასრულებს.

ეს დაპირისპირება ორივე გუნდისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, რადგან ვერმოგების შემთხვევაში ინგლისი ჯგუფიდან გასასვლელ გზას ძალიან ირთულებს, შვედეთი კი წყვეტს ბრძოლას პლეი ოფისთვის.

ინგლისის ნაკრების დამრიგებელს ის არ ეყოფოდა, რომ ჩემპიონატამდე წამყვანი ფეხბურთელების მთელი წყება დაუშავდა (ლემპარდი, ბერი, კეჰილი, ამას დაუმატეთ უეინ რუნის დისკვალიფიკაცია), ტრავმებმა მის გუნდს ტურნირის მიმდინარეობისასაც დარია ხელი.

მხოლოდ გამაყუჩებლებით ახერხებს თამაშს სკოტ პარკერი, სერიოზული პრობლემები აქვს ეშლი კოულსაც, ვინც ოთხშაბათის ვარჯიში დროზე ადრე შეწყვიტა და მას მერე მინდორს არ
გაკარებია. ნაკრების ექიმებსა და ფიზმომზადების მწვრთნელებს კატასტროფულად მცირე დრო აქვთ იმისთვის, რომ 31 წლის ფეხბურთელი ფეხზე დააყენონ.

არავინ დავობს, რომ "ჩელსის" ვარსკვლავის არყოფნა დანაკლისი არ იქნება, თუმცა იმის თქმაც უტრირება იქნება, რომ კოულის გარეშე გუნდი დაიქცევა. სხვა თუ არაფერი, ჰოჯსონს ევერტონელი ლეიტონ ბეინსი ჰყავს, ვისაც ნამდვილად შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. ვერ დავეთანხმებით იმათ, ვინც ამტკიცებს, რომ ნაკრების დაცვის ოთხეულში ლივერპულელი სხვებზე კლასით შედარებით დაბლა იდგება.

ინგლისური პრესა ვარაუდობს, რომ თუკი კოულმა მაინც მოახერხა გამოჯანმრთელება, ასეთ შემთხვევაში, "სამი ლომის" სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება არ მოხდება.

თუკი ეს ვარაუდი დადასტურდა, საინტერესო იქნება, ამ შანსს მაინც თუ გამოიყენებს კუნძულელთა თინეიჯერი ვარსკვლავი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ფრანგებთან ხომ ის, პრაქტიკულად, შეუმჩნეველი იყო.

პირველ ტურში საშუალო დონეზე ითამაშეს ცენტრალურმა ნახევარმცველებმა სკოტ პარკერმა და სტივ ჯერარდმა. ამის მიზეზი მხოლოდ მატჩის შემდეგ გახდა ცნობილი. "ტოტენჰემის" კაპიტანი თურმე ნატკენი ფეხით თამაშობს. სანამ სკოტს ფეხზე დგომა შეუძლია, ძირითადში მის ადგილს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თუკი ტკივილი გაძლიერდა, მისი შეცვლა ჯორდან ჰენდერსონს ან ფილ ჯონსს მოუწევთ.

პირველი ამპლუით სწორედ "საყრდენია", მეორეს კი ამ პოზიციაზე თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს.

ზლატანის თავს რაღაც ხდება
ვისგან უნდა ელოდეს ინგლისის ნაკრები მთავარ საფრთხეს შვედებთან დაპირისპირებაში, ცხადზე ცხადია - ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან. თუმცა "მილანის" 30 წლის თავდამსხმელი თავს იდეალურად ვერ გრძნობს, რადგან ხისტ უკრაინელ მცველებთან ბრძოლაში მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი ეტკინა.

14 ივნისს გამართულ ღია ვარჯიშზე იბრას დისკომფორტი სახეზე ეტყობოდა. როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგები წერენ, ის სხვებზე ნელა დარბოდა, მკვეთრ მოძრაობებს თავს არიდებდა და ბურთს მხოლოდ მარჯვენა ფეხით ურტყამდა.

მიუხედავად ამისა, ეჭვი არ გვეპარება, რომ რამე განსაკუთრებული თუ არ მოხდა, "ტრე კრუნურის" კაპიტანი აუცილებლად იქნება ძირითადში, თუმცა 100%-ით ამის მტკიცება წინდაწინ შეუძლებელია. სწორედ ეს განაცხადა შვედეთის ნაკრების პრესატაშე ჰანს ჰულტმანმა.

სკანდინავიელთა ვარჯიშმა კიევის "დინამოს" ბაზაზე ხმაურიან და თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. ტრიბუნებზე 8 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

შვედი ფანების გარდა, იქ უკრაინელებიც იყვნენ შეკრებილნი. ერიკ ჰამრენმა ფეხბურთელებს, ძირითადად, მსუბუქი ვარჯიშების კეთება დაავალა. ისინი მოძრაობდნენ ნელა და აუღელვებლად, ყველაზე ხმაურიანი შვედი გულშემატკივრების წინაშე კი ჩერდებოდნენ, რათა გულითადად მისალმებოდნენ მათ და მხარდაჭერისთვის მადლობა გამოეცხადებინათ.

შვედი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მთავარი მწვრთნელი, უკრაინელებთან მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ორ ცვლილებას შეიტანს: რასმუს ელმის ნაცვლად საყრდენ ნახევარმცველად ზეგამოცდილი ანდერს სვენსონი დადგება, თავდასხმაში კი იოჰან ელმანდერი დაბრუნდება, ვინც მარკუს როზენბერგს შეცვლის.

შვედეთი-ინგლისის მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთმა უმთავრესმა ვარსკვლავმა ალან შირერმა. აი, რა უთხრა მან "დეილი მეილს":

"გააჩერეთ იბრაჰიმოვიჩი და გააჩერებთ შვედეთს. სწორედ ამაზე შეიძლება ლაპარაკი მატჩის დაწყებამდე. იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივად განვითარებული თავდამსხმელია მსოფლიოში.

მოედანზე მისი ყურება პირადად ძალიან მსიამოვნებს. ის ფიზიკურად ძალიან დიდია, მშვენივრად თამაშობს მეორე სართულზე და თანაგუნდელებს მწვავე გადაცემებით ხშირად ამარაგებს.

მოკლედ, ზლატანი ჩვენი მეტოქის უმთავრესი ვარსკვლავია, მაგრამ შვედები ხშირად ვერ ახერხებენ მისი პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას".


ევრო 2012. D ჯგუფი. II ტური
15.06. კიევი. ეროვნული სტადიონი. 22:45
შვედეთი-ინგლისი
დისკვალიფიკაცია: რუნი (ინგლ)
ტრავმა: იბრაჰიმოვიჩი (?) - კოული (?), პარკერი (?)

სავარაუდო შემადგენლობები
შვედეთი (4-2-3-1):
ისაკსონი - ლუსტიგი, მელბერგი, გრანკვისტი, მ. ოლსონი - სვენსონი, ჩელსტრიომი - ლარსონი, იბრაჰიმოვიჩი, ტოივონენი - ელმანდერი

ინგლისი (4-4-1-1): ჰარტი - ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, კოული - მილნერი, ჯერარდი, პარკერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - იანგი - უელბეკი

ბოლო ხუთი მატჩი
შვედეთი
ბაჰრეინი-შვედეთი 0:2
ხორვატია-შვედეთი 1:3
შვედეთი-ისლანდია 3:2
შვედეთი-სერბეთი 2:1

ევრო 2012-ზე
უკრაინა-შვედეთი 2:1

ინგლისი
ინგლისი-შვედეთი 1:0
ინგლისი-ჰოლანდია 2:3
ნორვეგია-ინგლისი 0:1
ინგლისი-ბელგია 1:0

ევრო 2012-ზე
საფრანგეთი-ინგლისი 1:1

ტრავმა, ტკივილი და გაძლება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩახდილი გოლკიპერი - სკანდალი შვედეთის საფეხბურთო ნაკრების ირგვლივ

უკრანია VS საფრანგეთი - ფრანგები უკრაინელებს უფრთხიან და პირიქით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული