ჩეხეთი VS პოლონეთი - ყველაფერი ან არაფერი

AutoSharing Option
16 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. რაკი ჯერ არაფერი გარკვეულა, თუ ვის ერგება 1/4-ფინალის საგზურები და ვის მოუწევს დასასვენებლად სამშობლოში დაბრუნება (ან დარჩენა მასპინძელთა შემთხვევაში), ინტრიგა დიდია.

შანსი ერთისაც და მეორისაც ჯერ ოთხივე გუნდს აქვს. რასაკვირველია, ზოგს მეტად, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ მაინც.

ჯერჯერობით, ორ თამაშში ოთხი ქულით რუსეთი ლიდერობს. თუკი ცხრილს დავხედავთ, ცხადი გახდება, რომ პოლონელებს ბოლო თამაშში მარტო მოგება აწყობთ და შესაბამისად, მათ მხოლოდ შეტევაში თამაში მართებთ, რათა სასურველი შედეგი მიიღონ.

მოდი, ამ გუნდებზე
ცალცალკე ვთქვათ: მიხალ ბილეკის შეგირდები ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი თამაშს ჰიპერაქტიურ სტილში იწყებენ და მეტოქეს საკუთარ საჯარიმოში კეტავენ. ასე მოიქცნენ ისინი პირველ ორ ტურში. უბრალოდ რუსეთთან მათ მომენტები ვერ გამოიყენეს, აი, საბერძნეთს კი კუდით ქვა ასროლინეს და 6 წუთის შემდეგ 2:0-ს უგებდნენ.

სწორედ სასტარტო შტურმის დროს მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე შეძლეს მათ თამაშის მოგება. მეორე ტაიმში კი ჩეხეთი "ის ჩეხეთი აღარ არის".

მომავალ შეხვედრაში პირობით მასპინძელზე იმის აღნიშვნაც შეიძლება, რომ გუნდის აღიარებული ლიდერები ჯერჯერობით სუსტად თამაშობენ. არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ პეტრ ჩეხი, ტომაშ როსიცკი და მილან ბაროში სხვა თანაგუნდელებისგან არაფრით გამოირჩევიან. არადა, სწორედ ვეტერანებს მართებთ გუნდის გაძღოლა გადამწყვეტ მატჩში.

მართებთ ერთია და როგორც ჩვენი ჩეხი კოლეგები წერენ, არის შანსი, რომ ჩეხმა და როსიცკიმ პოლონელებთან საერთოდ ვერ ითამაშონ. პეტრს მხარი აწუხებდა, თუმცა წინა დღეს მან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დისკომფორტი არ უგრძვნია. ტომაშს კოჭი აქვს გასიებული. მართალია, მატჩის წინა დღეს არ უვარჯიშია, მაგრამ თავს ბევრად უკეთ გრძნობდა.

ჩეხების ერთადერთი უპირატესობა მეტოქესთან შედარებით გამოცდილებაა და თუკი ბილეკს ლიდერები მაინც დააკლდნენ, მას ეს პლუსიც გამოეცლება ხელიდან.

პოლონელებისთვის მეზობლებთან დაპირისპირების წინ საკითხი ასე დგას: 3 ქულა ან არაფერი. ფრანტიშეკ სმუდას გუნდისთვის ფრეს პრაქტიკულად არ აქვს აზრი. მწვრთნელს ეთანხმებიან გუნდის ლიდერებიც.

მასპინძლებს შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობლემები არ აწუხებთ. წესით, ძირითადში უნდა დაბრუნდეს გახსნით შეხვედრაში ბერძენი დიმიტრიოს სალპინგიდის წინააღმდეგ წესის დარღვევისთვის გაძევებული ვოიცეხ შცესნი, თუმცა sport.pl-ის მტკიცებით, ეროვნულის თავკაცი რუსებთან ეინდჰოვენელი პშემისლავ ტიტონის თამაშით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ მესამე ტურში გუნდის კარს ის დაიცავსო.

მცირე ტრავმები აწუხებთ დარიუშ დუდკას და ოიგენ პოლანსკის, შედარებით სერიოზულია დამიენ პერკისის მდგომარეობა, მაგრამ საბოლოოდ მოედანზე არც ერთის გამოსვლა არ არის გამორიცხული, მათ შორის ძირითადშიც.

"ვცდილობთ, რომ ძალები აღვიდგინოთ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მარტო ფიზიკურად კი არ დავიღალეთ, 24 საათის განმავლობაში ერთმანეთის ყურებითაც, - ეხუმრა FutbolLive.pl-ს გუნდის ლიდერი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი. - რუსებთან მატჩი ემოციური თვალსაზრისით განსაკუთრებულად დამღლელი გახლდათ, მაგრამ მან დადებითი განწყობაც მოიტანა.

ყოველი გოლი სასიამოვნოა, თუმცა ნაკრების რიგებში და თანაც რუსებთან გატანილის მერე ორმაგად ბედნიერი ვარ”.


სმუდას გუნდს პირველ ორ ტურში დიდი უპირატესობა ჰქონდა მეტოქეებთან 58-ათასიანი ტრიბუნების ხარჯზე, თუმცა მან ეს აქამდე ვერ გამოიყენა.

ვნახოთ, ამჯერად რა მოხდება პოზნანში 43 ათასი ფანის თვალწინ.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. A ჯგუფი. III ტური
15.06. ვროცლავი. მუნიციპალური. 22:45
ჩეხეთი-პოლონეთი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როსიცკი, ჩეხი - დუდკა, პერკისი, პოლანსკი

სავარაუდო შემადგენლობები
ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - გებრე სელასიე, სივოკი, კადლეცი, ლიმბერსკი - ჰიუბშმანი, პლაშილი - ირაჩეკი, როსიცკი, პილარი - ბაროში

პოლონეთი (4-1-4-1): შჩესნი - პიჟჩეკი, ვასილევსკი, პერკისი, ბიონიში - დუდკა - მურავსკი, პოლანსკი ბლაშჩიკოვსკი, ობრანიაკი - ლევანდოვსკი
არბიტრი: კრეიგ ტომპსონი

ბოლო ხუთი მატჩი
ჩეხეთი
ჩერნოგორია-ჩეხეთი 0-1
ირლანდია-ჩეხეთი 1-1
ჩეხეთი-უნგრეთი 1-2

ევრო 2012
რუსეთი-ჩეხეთი 4-1
საბერძნეთი-ჩეხეთი 1-2

პოლონეთი
პოლონეთი-სლოვაკეთი 1:0
პოლონეთი-ლატვია 1:0
პოლონეთი-პორტუგალია 0:0

ევრო 2012

პოლონეთი-ბოსნია 1:0
პოლონეთი-რუსეთი 1:1

A ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 2 1 1 0 5-2 4
2. ჩეხეთი 2 1 0 1 3-5 3
3. პოლონეთი 2 0 2 0 2-2 2
4. საბერძნეთი 2 0 1 1 2-3 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
საბერძნეთი VS რუსეთი - ძველი ნაცნობების ჯახი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული