ჩეხეთი-პოლონეთი 1:0 - მოულოდნელი ჩეხური ეპილოგი [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
მესამე ტურის წინ ორივე გუნდი თავად გახლდათ საკუთარი ბედის შემოქმედი და მჭედელი, რადგან მოგებას ორივე პლეი ოფში გაჰყავდა.

საბოლოოდ თავისი შანსი ჩეხეთმა გამოიყენა და ტურნირზე საშინელი სტარტის შემდეგ 6 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

მიხალ ბილეკის გუნდმა აშკარად სრულფასოვანი რეაბილიტაცია მოახდინა გულშემატკივართა თვალში. პოლონეთმა კი... კარგად დაიწყო და ძალიან ცუდად დაამთავრა. ასეთ უფხო მასპინძელს ნამდვილად არ ველოდით.

რეაქციები
ფრანტიშეკ სმუდა (პოლონეთი): "ფედერაციასთან შეთანხმებული ვიყავი, რომ თუკი ჯგუფიდან ვერ გავიდოდით, კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდებოდა.

ახლა იძულებულები ვართ, ამას შევეგუოთ. ვფიქრობ, ჩვენ მეტისმეტად თავდაჯერებულები
ვიყავით, მეტოქე კი თავის შანსებს უფრო ყურადღებით ეპყრობოდა. მათ შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშეს და გაგვიტანეს კიდეც. იმასღა ვიტყვი, რომ გუნდი, რომელზე დაყრდნობა სამომავლოდ შეიძლება, უკვე ჩამოყალიბებულია".


მიხალ ბილეკი (ჩეხეთი): "კმაყოფილები ვართ, რატომაც არა, ჩვენ ხომ მასპინძლები დავამარცხეთ. პირველ 25 წუთში ვერაფრით მოვახერხეთ გონებაზე მოსვლა, მაგრამ მერე ავთამაშდით და 1/4-ფინალშიც დამსახურებულად გავედით.

როსიცკის მოედანზე გამოსვლა ძალიან უნდოდა, თუმცა ტრავმამ შეუშალა ხელი. ახლა ძნელია იმის თქმა, შევძლებთ თუ არა მის გამოყენებას მომდევნო შეხვედრაში".


ტაქტიკა/სტრატეგია
ბილეკი იძულებული გახდა ერთი ცვლილება შეეტანა საბერძნეთთან მოგებული მატჩის შემდეგ. "ერთი ცვლილება" მკითხველს შეიძლება ყურზე იოლად ხვდება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ლაპარაკია ტომაშ როსიცკიზე. კაპიტნის ნაცვლად მოთამაშე დანიელ კოლარს მძიმე ტვირთი დააწვა ბეჭებზე.

ფრანტიშეკ სმუდას კი რუსებთან აღებული ქულის შემდეგ გუნდში არაფერი შეუცვლია. მან ტრადიციული 4-2-3-1 განლაგება აირჩია.

საუკეთესო ფეხბურთელი
პეტრ იერაჩეკი (ჩეხეთი)
26 წლის შემტევი ნახევარმცველი პეტრ იერაჩეკი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში გაისარჯა დიდებულად. მან პასი ტომაშ ჰუბშმანისგან მიიღო, ორი მეტოქე იოლად მოატყუა და მეკარეს დაბალი ბურთი გაუტანა.

"უბრალოდ დაუჯერებელი განცდაა. მიხარია, რომ როგორც ნამდვილმა გუნდმა ისევ მოვიგეთ. გოლისას სივრცე გამიჩნდა და ვიცოდი, რომ თუკი კუთხეში დავარტყამდი, მეკარე ვეღარაფერს მოახერხებდა," - განაცხადა ფეხბურთელმა.

ფეხბურთელი იმედგცრუება
მარცინ ვასილიევსკი (პოლონეთი)
როცა გუნდის წამყვანი ცენტრალური მცველი შეხვედრის ერთ კონკრეტულ მომენტში ისეთ შეცდომას უშვებს, როგორსაც მარცინ ვასილიევსკი, ცხადია, ის უპირველესი კანდიდატურა ხდება მატჩის უსუსტეს ფეხბურთელად მივიჩნიოთ.

მსაჯი
39 წლის შოტლანდიელი არბიტრი კრეიგ ტომსონი დაძაბულ მატჩს ღირსეულად გაუძღვა. მას არც ერთი თვალში საცემი მომენტი არ გამოპარვია და არც ისეთი შეცდომა დაუშვია, რაც მატჩის შედეგზე გავლენას მოახდენდა. ერთეული მომენტების გარდა მასთან პრეტენზია არც მწვრთნელებს ჰქონიათ. ისე ერთი-ორჯერ სმუდამ კი სცადა არბიტრისთვის ხმის მიწვდენა, მაგრამ უშედეგოდ.

მწვრთნელების დუელი
მიხალ ბილეკმა გამოცდილ მეტოქეს ტაქტიკურ დუელში აჯობა. ჩეხების თავკაცმა მშვენივრად იცოდა, რომ სმუდას ერთ-ერთი მთავარი იარაღი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი იქნებოდა, ამიტომ მან ფეხბურთელებს კუბას წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღება მოსთხოვა და მეტოქეს ამ კოზირის გათამაშების საშუალება არ მისცა.

ამას გარდა, ბილეკმა როსიცკის შეცვლაც სრულფასოვნად მოახერხა, რაც მის განსწავლულობაზე მეტყველებს. სმუდამ კი უკვე ათასგზის "დაღეჭილი" სქემის გარდა ახალი ვერაფერი მოიფიქრა და დამარცხდა.

ანალიზი
მატჩი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. გებრე სელასის პასით პირველად რეალური მომენტი პილარს შეექმნა, თუმცა "ვოლფსბურგის" ნახევარმცველს საბოლოო დარტყმა არ გამოუვიდა.

შემდეგ ობრანიაკს შეეძლო თავის გამოჩენა, ვინც ბურთი ბადეს გარედან მოარტყა. კარში რომ წასულიყო, ჩეხი ამ მომენტში აშკარად უძლური იქნებოდა. მომდევნო სიტუაცია ისევ პოლონელებმა შექმნეს. ობრანიაკის პასის შემდეგ ბლაშჩიკოვსკის შეეძლო გატანა, მაგრამ დუელში მეკარე გამოვიდა გამარჯვებული.

მალე ისევ ობრანიაკის კარგი პასით პრაქტიკულად მეკარესთან პირისპირ დარჩა ლევანდოვსკი, მაგრამ ბურთი ფეხზე აეჭრა. მე-12 წუთზე ჰიპერაქტიურმა ობრანიაკმა საჯარიმოდან ბურთი დუდკას "დაასვა" თავზე. ჩეხმა მოიგერია. საბოლოოდ ბურთი ბიონიშს მიუვიდა, ვისი შორეული დარტყმაც შტანგას ძალიან ცოტათი ასცდა. ეს პირველ ტაიმში ბოლო რეალური მომენტი იყო.

60-იანი წუთებიდან უპირატესობას უკვე ჩეხები დაეუფლნენ. სივოკის თავურის შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშა ტიტონმა. 72-ე წუთზე კი მატჩის ერთადერთი გოლი გავიდა. მურავსკიმ მეტოქის ნახევარზე არაზუსტი პასი გააკეთა.

ჰიუბშმანმა საკმაოდ მანძილი ირბინა და მარცხნივ იერაჩეკს დაუგორა, ვინც ვასილევსკის იოლად გაუსწორდა, მცველების დასახმარებლად ჩამოსულმა მურავსკიმ კი თანაგუნდელის დაზღვევა ვეღარ მოასწრო. ტიტონს ახლო მანძილიდან დარტყმულის აღების მხოლოდ თეორიული შანსი ჰქონდა.

მატჩის უკანასკნელი სახიფათო მომენტები პოლონელებმა შექმნეს. პირველად პიშჩეკი-ლევანდოვსკის კომბინაციას ვასილევკი თავურით აგვირგვინებდა, შემდეგ ბლაშჩიკოვსკის შეეძლო გატანა, თუმცა მცველმა ითამაშა კარგად.

დასკვნა
ამრიგად არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ჩეხებმა მეოთხედფინალში დამსახურებულად შეაბიჯეს.

არანაკლებ "დამსახურებული" გახლდათ პოლონელების მეოთხე ადგილი, რადგან გუნდმა პირველ წუთებზე მოწყობილი შტურმის გარდა გულშემატკივარს ვერაფერი უჩვენა.

ევრო 2012. A ჯგუფი. III ტური
მატჩი №17. ვროცლავი. მუნიციპალური სტადიონი
ჩეხეთი-პოლონეთი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
გაფრთხილება: ლიმბერსკი, პლაშილი, პეკჰარტი - მურავსკი, პოლანსკი, ვასილევსკი, ბლაშჩიკოვსკი, პეკისი
კარში დარტყმა: 9(6)-12(5); კუთხური: 6-6; ჯარიმა: 21-21; თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 41 480

ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - გებრე სელასი, სივოკი, კადლეცი, ლიმბერსკი - პლაშილი, ჰუბშმანი - იერაჩეკი (რაიტორალი 84), კოლარი, პილარი (რეზეკი 88) - ბაროში (პეკჰარტი 90).

პოლონეთი (4-2-3-1): ტიტონი - პიშჩეკი, ვასილევსკი, პერკისი, ბიონიში - დუდკა, პოლანსკი (გროსიცკი 56) - ბლაშჩიკოვსკი, მურავსკი (ბროჟეკი 73), ობრანიაკი (მეჟევსკი 73) - ლევანდოვსკი
გოლი: 1:0 იერაჩეკი (72)

A ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ჩეხეთი 3 2 0 1 4-5 6
2.საბერძნეთი 3 1 1 1 3-3 4
3.რუსეთი 3 1 1 1 5-3 4
4.პოლონეთი 3 0 2 1 2-3

ასევე იხილეთ:
ბერძნებმა რუსები უკრაინა-პოლონეთიდან გააძევეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული