ინგლისი VS უკრაინა - უეინ რუნი მზადაა, ანდრეი შევჩენკო საეჭვოა

AutoSharing Option
ინგლისისა და უკრაინის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში სულ 4-ჯერ შეხვედრიან და აქედან კუნძულელებმა პირველ სამ შემთხვევაში იმარჯვეს. უკანასკნელი მატჩი კი სწორედ უკრაინელთა ტრიუმფით დასრულდა.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეხვდებიან.

19 ივნისს ჩვენსა და პარალელურად შვედეთი-საფრანგეთის დაპირისპირებებში უკანასკნელი მეოთხედფინალისტების ვინაობა უნდა გაირკვეს. ინგლისელებს პლეი ოფში გასასვლელად ქულაც ჰყოფნით, უკრაინას კი მიზნის მისაღწევად მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს.

მასპინძელთა მდგომარეობას ორი ფაქტორი ამძიმებს: დისკვალიფიკაცია მოიხადა და შემადგენლობას უბრუნდება უეინ რუნი და პირიქით, ტრავმირებულია და საეჭვოა მოედანზე ანდრეი
შევჩენკოს გამოსვლა. მატჩის წინა დღეებში ვეტერან თავდამსხმელს არ უვარჯიშია.

წინასწარ ძალიან ძნელია იმის თქმა, ვის დააყენებს როი ჰოჯსონი რუნის გვერდით, რადგან შვედებთან გოლი ენდი კეროლმაც გაიტანა და დენი უელბეკმაც.

მუხლის ტკივილის გამო კვირას არ უვარჯიშია "არსენალის" შემტევ ნახევარმცველ ტეო უოლკოტს, თუმცა სამწვრთნელო შტაბში იმედი აქვთ, რომ 23 წლის ვარსკვლავი ძირითადში იქნება, "ტრე კრუნურთან" ხომ მან შეცვლაზე შესულმა ნახევარ საათში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა და ზოგადად, "სამი ლომის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

თუკი ტეომ მაინც ვერ შეძლო თამაში, სასტარტოში ისევ ჯეიმს მილნერი დადგება. ინგლისელი ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ უკანასკნელმა, შესაძლოა, ეშლი იანგიც შეცვალოს, რადგან "იუნაიტედის" ფეხბურთელს აქამდე გუნდისთვის სასარგებლო არაფერი გაუკეთებია.

"სამწუხაროდ, ტეოს ძველი ტრავმის რეციდივი აქვს. მას სწორედ ის მუხლი სტკივა, რის გამოც სეზონის ბოლოს რამდენიმე მატჩი გამოტოვა. გაგვიმართლა, რომ სერიოზულ დაზიანებას გადავურჩით. უოლკოტმა მაშინ
ვე შეწყვიტა ვარჯიში, როცა ტკივილი იგრძნო.

ითამაშებს თუ არა ძირითადში, ეს ექიმების პასუხზეა დამოკიდებული",
- აცხადებს როი ჰოჯსონი.

ზემოთ ანდრეი შევჩენკოს ტრავმაზე მოგახსენეთ. სასტარტოში მისი მოხვედრა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არადა, სწორედ ასეთ შეხვედრებშია საჭირო მისი გამოცდილება.

თუკი ოლეგ ბლოხინს უმთავრეს ვარსკვლავზე უარის თქმა მოუხდა, ანდრეი ვორონინს ის უფრო არტემ მილევსკის შეუწყვილებს, ვიდრე მარკო დევიჩს. უკრაინის ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის მონდომებით ემზადება და იმისთვის, რომ ხალხს ეს საკუთარი თვალით ენახა, ბლოხინის გადაწყვეტილებით, გუნდმა დონეცკში "მეტალურგის" სტადიონზე ღია ვარჯიში ჩაატარა, ოღონდ ფანებს ვარჯიშზე დასასწრებად ბილეთის შეძენა მოუხდათ.

ტრიბუნებზე რამდენიმე ათასი ადამიანი მაინც შეიკრიბა. სწორედ აქ შეიტყო ხალხმა, რომ შევას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

სავარჯიშო პროცესსთან დაკავშირებით მცირე პრობლემები შეექმნა ინგლისის ნაკრებს, ვისაც ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა მატჩის წინა ვარჯიშის ჩატარება დონეცკის "დონბას არენაზე" აუკრძალა. მიზეზი, ალბათ, ყველასთვის ცხადია - უკრაინა-საფრანგეთის შეხვედრას თუ უყურეთ, ნახავდით, რომ მატჩი ერთი საათით კოკისპირული წვიმის გამო გადაიდო.

მართალია, დრენაჟის სისტემამ მოვარდნილი ნალექი მთლიანად გაატარა, მაგრამ ამან მოედანი სერიოზული ზიანისგან ვერ იხსნა. "დონბასის" ნაცვლად ინგლისელები ბოლო ვარჯიშს კრაკოვის სტადიონზე გამართავენ.

მატჩის წინ გუნდში შექმნილ სიტუაციაზე ოლეგ ბლოხინი რუსულ "სპორტ ექსპრესს" ესაუბრა:

"საფრანგეთთან წაგება განვიცადეთ, მაგრამ რასაც არ ეშველება, იმაზე ჩაციკვლა არ ღირს და ამიტომ ინგლისს
თან მატჩზე მალე გადავერთეთ.

შვედეთთან გამარჯვების შემდეგვე ვცდილობდი, ფეხბურთელები ეიფორიიდან გამომეყვანა, თუმცა მათ ეს განწყობა ფრანგებამდე მაინც მიჰყვათ. წაგებამ ისინი მიწას დაანარცხა. სათამაშო სტაბილურობა დიდწილად ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული.

ინგლის
სთან თამაშამდე აქცენტს თეორიულ ნაწილზე გადავიტანთ. ჰოჯსონის გუნდი მაქსიმალურად უნდა შევისწავლოთ, რათა მერე მათგან რაიმე სიურპრიზი არ მივიღოთ.

შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ რომელ ხაზში და რამდენი, ამას ვერ გეტყვით, სამხედრო საიდუმლოებაა (იცინის). იქამდე ჯერ ბიჭებს უნდა ველაპარაკო".


თამაშის შესახებ გაესაუბრა თანამემამულე ჟურნალისტებს ენდი კეროლი. აი, რას აცხადებს ფეხბურთელი:

"ვფიქრობ, უკრაინასთან შეხვედრაში შეგვიძლია შვედებთან დაწყებული საქმე დავამთავროთ. დარწმუნებულები ვართ ჩვენს ძალებში და ეს წინა თამაშისას დავამტკიცეთ. პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი გვაქვს, მით უფრო, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია".

რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებდა უეინ რუნის წინასამატჩო განწყობა, რადგან მისთვის ეს თამაში სადებიუტოა ევრო 2012-ზე.

"არ ვცდილობ, ჩემს თავზე დამატებითი პასუხისმგებლობა ავიღო. გუნდში 23 კაცი ვართ და ზეწოლა ყველაზე ერთნაირია. მე არ შემიძლია მარტომ მოვიგო ევროპის ჩემპიონატი. ამ მიზნის მისაღწევად ყველა ყველას უნდა დაეხმაროს.

საკმაოდ გამიჭირდა ტრიბუნებიდან გუნდის გულშემატკივრობა მაშინ, როცა ვგრძნობდი, რომ შემეძლო მოედანზე ვყოფილიყავი და თანაგუნდელებს ისე დავხმარებოდი. ჩემი შეცდომის გამო პასუხი უკვე ვაგე",
- განაცხადა რუნიმ.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. III ტური
19.06. დონეცკი. დონბას არენა. 22:45
ინგლისი-უკრაინა
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოული, პარკერი, კელი - შევჩენკო (?)

სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი (4-2-3-1):
ჰარტი - ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, კოული - ჯერარდი, პარკერი - უოლკოტი, რუნი, იანგი - უელბეკი (ან კეროლი)
უკრაინა (4-1-3-2): პიატოვი - გუსევი, მიხაილიკი, ხაჩერიდი, სელინი - ტიმოშჩუკი - იარმოლენკო, ნაზარენკო, კონოპლიანკა - ვორონინი, შევჩენკო

არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

ბოლო ხუთი მატჩი
ინგლისი

ინგლისი-ჰოლანდია 2-3
ნორვეგია-ინგლისი 0-1
ინგლისი-ბელგია 1-0

ევრო 2012
საფრანგეთი-ინგლისი 1-1
შვედეთი-ინგლისი 2-3

უკრაინა
უკრაინა-ესტონეთი 4-0
ავსტრია-უკრაინა 3-2
თურქეთი-უკრაინა 2-0

ევრო 2012
უკრაინა-შვედეთი 2-1
უკრაინა-საფრანგეთი 0-2

ერთი შანსი ორისთვის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შვედეთი VS საფრანგეთი - შვედები კარის გაჯახუნებას აპირებენ

გლენ ჯონსონი: ანდრეი შევჩენკო ძალიან სახიფათოა, მაგრამ არც სხვებს ვივიწყებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული