მიშელ პლატინი ფინალში ესპანეთსა და გერმანიას ელის

AutoSharing Option
ესპანური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ევრო 2012-ის სავარაუდო ფინალისტებზე პროგნოზი შემოგვთავაზა.

მისი აზრით, ყველაზე ძლიერი გუნდები ტურნირზე გერმანიასა და ესპანეთს ჰყავთ და გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებმა უკვე დაიბევეს 1/4-ფინალის საგზური, სადაც გერმანია საბერძნეთს ხვდება, ესპანეთის მეტოქე კი გუშინ ღამე უნდა გარკვეულიყო.

"ეს გუნდები ფინალურ ეტაპზე უმთავრეს ფავორიტებად მიმაჩნია. ესპანეთს დიდი ხანია, საკუთარი სათამაშო ხელწერა შემუშავებული აქვს, რისი წყალობითაც გუნდი ახერხებს, რომ სხვებზე ნაკლებად დაიღალოს. მათ თამაშებზე ყველაზე მეტს ბურთი მოძრაობს და
არა ფეხბურთელი",
- აცხადებს პლატინი.

გარდა ფავორიტებისადმი სიმპათიისა, პლატინიმ ჩემპიონატის ორგანიზატორ ქვეყნებზეც ილაპარაკა და პოლონეთსა და უკრაინას გამარჯვებული ქვეყნები უწოდა:

"მასპინძელთა მიერ გაწეული სამუშაოთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ქვეყნებმა უკვე გაიმარჯვეს. ჩემპიონატზე ატმოსფერო 99%-ით ფანტასტიკურია. უამრავი პრობლემის შემდეგ, რასაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვაწყდებოდით და დიდი ეჭვების მიუხედავად, რაც ბუნებრივად გვიჩნდებოდა, ორივე ქვეყანამ ღირსეულად მოახერხა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რამ ჰქონდათ მოსასწრები, ისიც ვერ წარმომიდგენია, ამაზე უკეთ როგორ უნდა მოხერხებულიყო საქმისთვის თავის მობმა"
- განაცხადა მან.

გარდა მიმდინარე ამბებისა, ფრანგმა ფუნქციონერმა უეფას სამომავლო გეგმებზეც გააკეთა კომენტარი. 2013 წელს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ისრაელშია დაგეგმილი.

ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარებისა და ერთი მხრივ, ისრაელ-ამერიკასა და მეორე მხრივ, ირანს შორის მოსალოდნელი ომის გამო ვითარების განმუხტვა რეგიონში მოსალოდნელი არც არის.

უეფას პრეზიდენტის თქმით, ყოველივეს მიუხედავად, მისი ორგანიზაცია არ აპირებს ჩემპიონატის სხვაგან გადატანას.

მეტიც, მან ოფიციალურად სთხოვა ისრაელის ფეხბურთის ფედერაციას იმის დადასტურება, რომ ქვეყანა მზადაა ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის სამასპინძლოდ. ევროფორუმის სხვა ქვეყანაში გადატანის მოთხოვნით უეფას პალესტინის ფედერაციამაც მიმართა.

მიზეზად ის დასახელდა, რომ ებრაელ სამხედროებს სამი პალესტინელი ფეხბურთელი დღემდე უკანონო პატიმრობაში ჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული