ევრო 2012. ჩეხეთის ნაკრები: მილან ბაროში ნაკრებიდან წავიდა, ტომაშ როსიცკის ჯერ არ გადაუწყვეტია

AutoSharing Option
ევრო 2012-იდან გამოვარდნის შემდეგ ჩეხეთის ნაკრების 30 წლის თავდამსხმელმა მილან ბაროშმა დაასრულა საერთაშორისო კარიერა და გზა ეროვნულ გუნდში ახალგაზრდებს დაუთმო.

ამის შესახებ Sport.cz-ს ნახევარმცველმა დანიელ კოლარჟმა განუცხადა:
"პორტუგალიასთან შეხვედრის შემდეგ ყველანი გასახდელში ვიყავით, როცა მილანმა ყველას გასაგონად თქვა, რომ ნაკრებიდან მიდის.

ეს იმდენად ემოციური მომენტი იყო, რომ ყველას ტირილი გვინდოდა. ფეხზე წამომდგრები მას ტაშს ხუთი წუთის განმავლობაში ვუკრავდით".

ბაროშს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2001 წელს ჰქონდა. მას მერე ფეხბურთელმა 92 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა. მასზე, როგორც უნიჭიერეს თავდამსხმელზე 2004 წლის ევროპის
ჩემპიონატის შემდეგ დაიწყეს წერა, როცა მილანი 5 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ტომაშ როსიცკის პორტუგალიასთან ტრავმის გამო არ უთამაშია. ინტერვიუ მან იმავე Sport.cz-ს მისცა.

- რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, რომ გამოვვარდით და თანაც გუნდს ვერაფრით დავეხმარე ვერც ახლა და ვერც წინა მატჩში პოლონეთთან.

- იყო პორტუგალიასთან მოგების შანსი?
- მიმაჩნია, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. ამ გუნდმა, ბრწყინვალე კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, გზა აბსოლუტურად ლოგიკურად განაგრძო. მარცხის მიუხედავად ყურები არც ჩვენ უნდა ჩამოვყაროთ. ჯგუფიდან გასვლა უკვე დიდი მიღწევა იყო.

- რას იტყვით ამ ნაკრების მომავალსა და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მის შანსებზე?
- პირადად მე ჯერ არ გადამიწყვეტია, განვაგრძობ თუ არა ნაკრებში თამაშს. ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მომხიბლავი პერსპექტივაა, მაგრამ ჩემი ასაკის ბევრი ფეხბურთელი უკვე აღარ თამაშობს ნაკრებში.

მეც სერიოზულად მომიწევს ამ საკითხზე დაფიქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული