ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია BBC-ს უჩივის

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია BBC-ს ოფიციალურ საპროტესტო წერილს გაუგზავნის, სადაც დაგმობილია ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჯერ კიდევ ევრო 2012-ის დაწყებამდე მომზადებული გადაცემა, რომელშიც ჟურნალისტები ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებში არსებულ რასისტულ განწყობებზე იყო ლაპარაკი.

აღნიშნული ფილმის შემდეგ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა სოლ კემპბელმა და საზოგადოებას მოუწოდა, არ წასულიყვნენ ამ ქვეყნებში, რადგან გარანტია არავის ექნებოდა, რომ იქიდან უკან დაბრუნება კუბოებით არ დასჭირდებოდათ.

ვერ გეტყვით, ამის დამსახურება იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ უეფას მიერ საფეხბურთო ასოციაციისთვის გამოყოფილი ბილეთების სოლიდური
ნაწილი არ გაიყიდა.

სამშობლოში დარჩნენ თეო უოლკოტისა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ოჯახის წევრებიც. "ჰაერში გამოკიდებული" ბილეთები უეფამ თამაშებამდე რამდენიმე დღით ადრე დონეცკსა და კიევში (ინგლისელებს სწორედ ამ ქალაქებში ჰქონდათ ჯგუფური ეტაპის მატჩები) თავისუფალ გაყიდვაში გაუშვა.

ის გულშემატკივრები, რომლებიც არ აჰყვნენ ტელეკომპანიის მოწოდებას და ეროვნული გუნდის მხარდასაჭერად უკრაინას ესტუმრნენ, აღფრთოვანებულნი დარჩნენ მასპინძლობით. მეტიც, მათ გადაწყვიტეს, გაეშარჟებინათ სოლ კემპბელი.

ფანებმა დონეცკში დაკრძალვის "პროცესია" მოაწყვეს და დონეცკის სტადიონამდე (უკრაინასთან მატჩის წინ) კუბოთი მივიდნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "შენ ცდები, კემპბელ", "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დონეცკში" და "რაც გვინდა იმას გავაკეთებთ".

საპროტესტო წერილის მიზეზი კი გახდა ის, რომ საფეხბურთო ასოციაცია დარწმუნებულია, BBC-ის პროპაგანდისტულმა დოკუმენტურმა ფილმმა სერიოზული გავლენა იქონია გულშემატკივრების განწყობაზე და ნაკრებს ამით სერიოზული მხარდაჭერა მოაკლდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული