პორტუგალიის ნაკრების ბანაკში ხელჩართული ჩხუბი მოხდა

AutoSharing Option
შაბათს, პორტუგალიის ნაკრების ვარჯიშზე თავდამსხმელ რიკარდო კვარეშმასა და მცველ მიგელ ლოპეშს შორის საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა.

მიზეზი უკანასკნელის ზღვარს გადასული უხეშობა გახდა, რასაც რიკარდომ მუშტებით გასცა პასუხი.

ბუნებრივია, ფეხბურთელების გასაშველებლად თანაგუნდელები ჩადგნენ შუაში. მოჩხუბრები სასწრაფოდ თავისთან იხმო მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ბენტუმ. მისი მეცადინეობით სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა.

"ვარჯიშებზე ყველაფერი ხდება, მათ შორის, მსგავსი "დუელებიც". ცხადია, რომ ფეხბურთელები ემოციებს არიან აყოლილნი. სულ ეს არის. ემოციებს მცირე კონფლიქტი მოჰყვა და განსაკუთრებული ამაში არაფერია," - განუცხადა "ფრანს პრესს" ბენტუმ.

აქვე გეტყვით, რომ კვირას "რეალის"
უკანახაზელებმა პეპემ და ფაბიო კოენტრაუმ ვარჯიში დროზე ადრე დაასრულეს.

მათ მცირე ტრავმები აწუხებთ, თუმცა, როგორც ექიმები აცხადებენ, საშიში არაფერია. პეპე კოჭმა შეაწუხა, კოენტრაუ კი - ბარძაყმა მარჯვენა ფეხზე.

რაღაც ჯერარნახული
პორტუგალიელმა მცველმა რიკარდო და კოშტამ ინტერვიუ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს მისცა, სადაც ესპანეთთან მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა:

"როგორც ყველა დიდ ნაკრებს, ჩვენც გვყავს ძლიერი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი, რომელთა შორის მოედანზე სრული ჰარმონიაა.

მაშინაც კი, როცა რომელიმე მათგანი ძალიან დაიღლება, ყოველ ჩვენგანს შეუძლია ლიდერის შეცვლა.

ნამდვილად ძლიერები ვართ ფსიქოლოგიურად და ამას ვერავინ წაგვართმევს. ჩვენ მოედანზე ვახორციელებთ იმ იდეებს, რომლებიც ჩვენამდე გუნდის მთავარ მწვრთნელს მოაქვს და რომელსაც უკვე ვასხამდით ხორცს შესარჩევ ეტაპზე. მუშაობას ვაგრძელებთ და შედეგი სახეზეა - ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში ვართ.

მართალია, ჯგუფში გერმანიასთან წავაგეთ, მაგრამ მეორე ნახევარში მათთანაც კარგად ვითამაშეთ. ახლა ჩვენ გვჯერა ჩვენი თავის, მოტივირებულნი ვართ და ნამდვილად გვინდა პორტუგალიისთვის რაღაც ჯერარნახული გავაკეთოთ, მაგალითად, ჩემპიონატი მოვიგოთ.

იმედია, ბედი გაგვიღიმებს. ჩვენი მხრივ კი ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად".

სესკი: როგორც რეალი
პორტუგალიის ნაკრებს სერიოზულ მეტოქედ აფასებენ ესპანელები. მაგალითად, "ბარსას" ნახევარმცველმა და "ფურია როხაში" თავდამსხმელად მოთამაშე ფრანსესკ ფაბრეგასმა მეზობლების თამაში მადრიდის "რეალის" ასპარეზობას შეადარა, რაც, დაგვეთანხმებით, სერიოზული კომპლიმენტია და იქვე დაამატა:

"ისინი შესანიშნავად იცავენ თავს და ძალიან სახიფათონი არიან კონტრშეტევებზე. მათთან შეხვედრაში მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს".

ფაბრეგასის აზრს იზიარებენ ესპანეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც. მაგალითად, ჩავი ამბობს, რომ პორტუგალიელებს ინდივიდუალურად ისეთი ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც არიან მოუტინიო და რაულ მეირელეში.

პედრომ კი დასძინა, რომ 1/2-ფინალის მოსაგებად აუცილებელია, რომ გუნდმა ბურთზე კონტროლი რაც შეიძლება უკეთ შეძლოს. მატჩის შესახებ თავისი აზრის გამოსათქმელად "მარკა" ვისენტე დელ ბოსკეს დაუკავშირდა.

აი, რა თქვა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონების დამრიგებელმა:

"ძალიან დაძაბულ თამაშს ველოდები. ჩემი გუნდის შუახაზელები მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ კრიშტიანო რონალდოს, თუმცა მის წინააღმდეგ ინდივიდუალურად არავინ ითამაშებს.

მასთან ბრძოლა ვისაც მოუწევს, ერთი ფეხბურთელი დაზღვევაზე აუცილებლად ეყოლება, ისევე, როგორც ეს ორი წლის წინ იყო. მაშინ ჩვენ მოვახერხეთ კრიშტიანოს განეიტრალება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ რა შეჩემა, ნანიმ გაანეიტრალა რონალდო ЖВЖВЖВ
heru01
12:31 27-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული