მსაჯების ყველაზე ცნობილი შეცდომები ფეხბურთის ისტორიაში

AutoSharing Option
ინგლისელთა კარში უკრაინელთა გოლის ჩაუთვლელობა - ეს დიდ ტურნირებზე მხოლოდ ერთია არბიტრების შეცდომათა გრძელი სიიდან. ლაპარაკი აღარ არის რიგით მატჩებზე.

უსამართლოდ გაუქმებული და უსამართლოდ ჩათვლილი გოლები, გატანილი ხელით, თამაშგარედან, უცხო საგნების დახმარებით.

დაბოლოს, ზედმეტი ყვითელი ბარათები, მსაჯების მიერ მოგონილი ჯარიმები. ერთი სიტყვით, თქვენ წინაშე ყველაზე ცნობილი სამსაჯო შეცდომებია ფეხბურთის ისტორიიდან. sports.pl-ის მასალას მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

10. ინგლისი-უკრაინა. ევრო 2012
ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ცინცხალი სკანდალიდან. D ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრის 62-ე წუთზე, მაშინ, როცა ორივე გუნდი 1/4-ფინალში გასასვლელად იბრძოდა, ინგლისელებმა ანგარიში
გახსნეს.

უკრაინელთა კონტრშეტევის დროს მილევსკიმ ბურთი თამაშგარე მდგომარეობაში მიიღო და დევიჩს გადასცა.

მსაჯმა თამაში არ გააჩერა. შედეგად დევიჩმა დაარტყა. ბურთი კარიდან ჯონ ტერიმ გამოიტანა, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს ხაზს შიგნიდან გააკეთა. არბიტრმა გოლი არ ჩათვალა. 1:0 ანგარიში, რომელიც ინგლისს აწყობდა, მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა.

ჯგუფიდან გასასვლელად უკრაინელებს ფრეც არ ჰყოფნიდათ, მაგრამ ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მსაჯის შეცდომა აშკარაა და თანაც ორმაგი.

9. გერმანია-ინგლისი. 2010. მსოფლიოს ჩემპიონატი

უკრაინელთა გოლის არჩათვლის შემდეგ გაახსენდათ, რომ ორი წლის წინ სწორედ ასეთ სიტუაციაში დაზარალდა თავად ინგლისიც. დაიწყო ლაპარაკი "ისტორიული სამართლიანობის" აღდგენაზე. ამ შეხვედრაში გერმანელებმა ინგლისელები 4:1 გაანადგურეს, თუმცა არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მსაჯს 2:1-ზე ფრენკ ლემპარდის გოლი რომ ჩაეთვალა.

8. ინგლისი-გერმანია. 1966. მსოფლიოს ჩემპიონატი

საფუძველი, რომ "სამართლიანობის აღდგენაზე" გველაპარაკა, ლემპარდის შემთხვევაშიც გვქონდა. 1966 წელს ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა იმ გოლის წყალობით, რომელიც, დიდი ალბათობით, არც იყო.

ფინალური მატჩის შემდეგ ტაბლოზე 2:2 ენთო. გუნდებს შეხვედრის ბედი ოვერტაიმში უნდა გადაეწყვიტათ. 101-ე წუთზე ჯეფრი ჰერსტის ყუმბარისებური დარტყმა ხარიხას მოხვდა, დაეცა ხაზს და მოედანზე გადმოვარდა.

მთავარმა არბიტრმა ტოფიკ ბახრამოვთან კონსულტაციის შემდეგ გოლი ჩათვალა. გერმანელები ამ გადაწყვეტილებას ხმამაღლა აპროტესტებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. 120-ე წუთზე ჰერსტმა კიდევ ერთხელ გაიტანა და გუნდს ჯერჯერობით პირველი და უკანასკნელი ტიტული მოუტანა ისტორიაში.

7. ღმერთის ხელი...

ინგლისელები კიდევ არაერთხელ გაიხსენებენ 1986 წლის ყველაზე სახელგანთქმულ გოლს. მსოფლიოს ჩემპიონობიდან 20 წლის თავზე, ფოლკლენდის კუნძულების ომის დამთავრებიდან 4 წელიწადში, ინგლისი 1/4-ფინალში არგენტინას დაეჯახა.

მარადონას მეორე გოლი ნამდვილად შევიდა ფეხბურთის ისტორიაში – მან სოლო გარღვევა მოაწყო, გზაზე ყველა მოატყუა, ვინც შეხვდა და გაიტანა. თუმცა არანაკლებ დასამახსოვრებელი იყო მისი პირველი გოლი. ის, რომ ეს ბურთი ხელით გავიდა, სტადიონზე ყველამ დაინახა ტუნისელი არბიტრის, ალი ბინ ნასერის გარდა.

სწორედ ასე გაჩნდა "ღმერთის ხელი". არგენტინელები დღესაც სიამაყით იხსენებენ, თუ როგორ დაამარცხეს ინგლისელები.

6. ...ანრის ხელი...
არგენტინელებმა შეძლეს და ხელით გატანილი გოლით ლეგენდა შექმნეს. სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ტიერი ანრიმ მარადონას "მიღწევა" გაიმეორა, მაგრამ მას ამის შემდეგ მხოლოდ მტრები და კრიტიკოსები მოუმრავლდნენ.

საფრანგეთის ნაკრებმა კი სერიოზული მხარდაჭერა დაკარგა გულშემატკივართა შორის. ირლანდიასთან დამატებით დროში ანრი ვილია გალასის ჩაწოდებას ვერ უსწრებდა, მაგრამ საქმე გაიიოლა და ბურთი ხელით შეიგდო. ეპიზოდი ყველამ დაინახა არბიტრ მარტინ ჰანსონის გარდა. გოლი ჩაითვალა. ფრანგები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრნენ.

5. ... და ფურტოკის ხელი
თავის გამოჩენა პოლონელებმაც მოახერხეს. რა თქმა უნდა, ფურტოკის გოლი ისეთი განთქმული არ არის, როგორც მარადონასი და თავის დროზე არც ისეთი განხილვადი თემა ყოფილა, როგორც ანრის ხელი, მაგრამ ის ისტორიაში მაინც შევიდა. საამაყო აქ, პრინციპში, არც არაფერია, რადგან გოლი სან მარინოსთან სამარცხვინო მატჩში გავიდა.

4. ბურთის მიმწოდებლის დახმარებით
სამსაჯო შეცდომებს შორის უნიკალური და ფანტასტიკური კურიოზებიც ხდება. დიახ, "სანტაკრუზენშესა" და "ატლეტიკო სოროკაბას" მატჩში (ბრაზილია) ანგარიში 1:0 იყო, როცა მსაჯმა ბურთების მიმწოდებლის პასით გატანილი ბურთი ჩათვალა.

3. საჰაერო ბურთის დახმარებით
ბრაზილიელ არბიტრს შეუძლია თავი დაიმშვიდოს იმით, რომ მსგავსი კურიოზები ინგლისის პრემიერლიგაშიც ხდება. 2009 წელს "სანდერლენდი"-"ლივერპულის" შეხვედრაში მასპინძლებმა გადამწყვეტი გოლი საჰაერო ბურთის დახმარებით გაიტანეს. მაიკ ჯონსმა გოლი ჩათვალა, მიუხედავად მერსისაიდელთა მხრიდან დიდი პროტესტისა.

2. გრემ პოლის სამი ყვითელი
არბიტრები შეიძლება შეცდნენ არამხოლოდ საკამათო გოლის მომენტში. ზოგიერთს მათემატიკასთანაც პრობლემა აქვს. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიასთან შეხვედრაში გრემ პოლმა იოსიპ შიმუნიჩს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა იქამდე, სანამ გააძევებდა.

მას არც სხვა ეპიზოდებში მორიდებია ყვითელი ბარათების ჩვენება. თამაშის შემდეგ კი რატომღაც სამატჩო ოქმის ჩაბარება ძალიან დააგვიანა. ის ფინალური შეხვედრის განსჯის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ ამ შეცდომის შემდეგ... ძალიან მალე მან კარიერა დაასრულა.

1. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი
იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ჩატარებული ტურნირი ისტორიაში შევიდა, როგორც სამსაჯო შეცდომების ტურნირი. ყველაზე კოშმარული გამოდგა 1/8-ფინალური მატჩი იტალიასა და სამხრეთ კორეას შორის.

მსაჯმა იტალიელებს სუფთა გოლი არ ჩაუთვალა, ფრანჩესკო ტოტი კი იმიტომ გააძევა, რომ მეტოქეს საჯარიმოში შეეჯახა. სპეციალისტები შემდეგ კითხულობდნენ, ნუთუ მსაჯის მოქმედებებში წინასწარი განზრახვა არ იყოო.

ამ მატჩის ეკვადორელი მსაჯი ბაირონ მორენო რამდენიმე წლის შემდეგ ნიუ იორკში დაიჭირეს 6 კგ ნარკოტიკის შენახვა-გადაზიდვისთვის. იმავე ჩემპიონატზე არბიტრმა ჰანდურმა კორეა-ესპანეთის შეხვედრაში ევროპელებს ორი სუფთა გოლი არ ჩაუთვალა, რამაც მასპინძლებს 1/2-ფინალში გასვლის საშუალება მისცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული