წყვილი ისეთი მქუხარე დასახელებისა იყო, ნებისმიერი შედეგი შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ სპეციალისტთა საკმაო ნაწილი ფავორიტად მაინც გერმანიას მიიჩნევდა.
მოედანზე განვითარებულმა მოვლენებმა კი სულ სხვაგვარი სურათის მხილველნი გაგვხადა - იტალია გერმანიაზე უფრო მაღალი კლასის გუნდი აღმოჩნდა და, ვფიქრობთ, ამას ბუნდესგუნდის ყველაზე თავგადაკლული ქომაგებიც კი აღიარებენ.
ტაქტიკა/სტრატეგია
ორივე გუნდმა ტრადიციული განლაგებით ითამაშა - გერმანიამ 4-2-3-1-ით, ხოლო იტალიამ 4-4-2-ით.
გერმანელთა წინა ხაზზე სიახლეები ამჯერადაც
"სკუადრა აძურას" ჯორჯო კიელინი გამოუჯანმრთელდა, მისი შემცვლელი იგნაციო აბატე კი სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა.
ინგლისთან მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ იტალიელთა ძირითად შემადგენლობაში მეტი არაფერი შეცვლილა.
საუკეთესო ფეხბურთელი
როცა გუნდს ორი გოლი გააქვს და ორივე ერთი ფეხბურთელის ანგარიშზეა, დუბლის ავტორი ყოველგვარი კამათის გარეშე უნდა დავასახელოთ მატჩის გმირად.
მარიო ბალოტელიმ იტალიელ ტიფოზებს აბსოლუტურად გაუმართლა მასზე დაკისრებული იმედები და გერმანელთა კარში ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანა.
იტალიამ გერმანიას, უპირველესად, გუნდური თამაშით აჯობა, მაგრამ გერმანელთა მარცხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისიც იყო, რომ წინა ხაზში ბალოტელის დონის შემსრულებელი არ აღმოაჩნდა.
ფეხბურთელი-იმედგაცრუება
გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში უსარგებლო ფეხბურთელები ამოსარჩევად იყო, მაგრამ უფერულად მოთამაშეთა შორის მესუთ იოზილს გამოვარჩევთ - განა იმიტომ, რომ ყველაზე უარესი იყო, არამედ იმ მიზეზით, რომ გუნდის ლიდერს სხვებზე მეტი მოეთხოვება.
მადრიდის "რეალის" შესანიშნავმა ნახევარმცველმა ვერც განვლილ შეხვედრებში გაიბრწინა, უპრინციპულეს დაპირისპირებაში კი ლიდერის თვისებები ოდნავადაც ვერ გამოავლინა და ჩრდილიდან ვერა და ვერ გამოვიდა.
მართალია, პენალტი უნაკლოდ შეასრულა, მაგრამ ამას უკვე აღარაფრის შეცვლა შეეძლო.
მსაჯი
საბედნიეროდ, ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩების მიმოხილვაში აღარ გვიწევს მსაჯების უხეშ შეცდომებზე წერა.
დაკისრებულ მოვალეობებს ფრანგმა სტეფან ლანუამაც მაღალ დონეზე გაართვა თავი და ყველა საკამათო სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
სამართლიანი იყო შეხვედრის მიწურულს იტალიელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანიც.
მწვრთნელთა დუელი
აქ საკამათო არაფერია - ჩეზარე პრანდელიმ ევრო 2012-ზე უკვე არაერთი ოპონენტი დაჩაგრა პირწმინდად და მათ სიას უკვე იოაჰიმ ლიოვიც შეუერთდა!
პრანდელის იტალია შემტევი ფეხბურთით გამოირჩევა და ასე იყო ამჯერადაც. დღეს უკვე ძალიან ცოტა გუნდი თამაშობს ორი თავდამსხმელით, მაგრამ პრანდელიმ ბალოტელი-კასანოს წყვილი ამჯერადაც ეფექტურად გამოიყენა.
ლიოვმა კი ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას აშკარა შეცდომები დაუშვა. მას განსაკუთრებით პოდოლსკიმ ვერ გაუმართლა, მაგრამ ვარშავაში გამართული მატჩი მხოლოდ მან კი არა, გერმანელთა ყველა შემტევმა ჩააგდო.
ისიც საკითხავია, ჰქონდა თუ არა საერთოდ ლიოვს პრანდელის დამარცხების შანსი და რესურსი. უფრო არა...
ანალიზი
დამარცხებულმა 14 კუთხური მოაწოდა, გამარჯვებულმა კი არცერთი - ასეც ხდება ხოლმე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გერმანელებს რაიმე სახის უპირატესობა ჰქონდათ.
იტალიელებმა მთავარი საქმე პირველივე ტაიმში გააკეთეს და ბუნებრივი იყო, რომ ამის შემდეგ აქცენტს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთებდნენ.
ბალოტელის შესანიშნავ გოლებს ყველა თქვენგანი ნახავდა, მაგრამ მაინც გავიხსენოთ, რომ ანგარიში მან თავურით, ანტონიო კასანოს გამოზომილი გადაცემის შემდეგ გახსნა; მეორედ კი იტალიელთა მთავარი მეგოლე დასარტყამ პოზიციაზე რიკარდო მონტოლივომ გაიყვანა და საჯარიმოს მისადგომებიდან ბალოტელიმ "ცხრიანში" ისე ძლიერად "გაისროლა", რომ მანუელ ნოიერი სახტად დატოვა.
გერმანულმა შეცვლებმა ბუნდესგუნდი შედარებით გამოაცოცხლა და ლიოვის შეგირდებს მდგომარეობის გამოსასწორებლად ცდა არ დაუკლიათ. ყველაზე დასამახსოვრებელი მარკო როისის მიერ შესრულებული ძლიერი ჯარიმა იყო, რომელიც ჯანლუიჯი ბუფონმა ჩინებული ნახტომით, ხარიხის დახმარებით მოიგერია.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში გერმანელებმა ზურგი ბოლომდე მოიშიშვლეს და იტალიელებს შეეძლოთ, ანგარიში გამანადგურებელი გაეხადათ. საამისო შანსები ხელიდან კლაუდიო მარკიზიომ და ანტონიო დი ნატალემ გაუშვეს.
მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ფედერიკო ბალძარეტიმ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც იოზილმა გამოიყენა.
დარჩენილ მცირე დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და იტალიამ დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.
დასკვნა
იტალიელთა მწვრთნელმა კიდევ ერთ კოლეგას აჯობა, იტალიელთა მეკარემ კვლავ საიმედოდ დაიცვა საკუთარი კარი, იტალიურ დაცვას მორიგმა მეტოქემ ვერ მოუძებნა გასაღები, იტალიურმა ნახევარდაცვამ მოედნის ცენტრში კიდევ ერთი მოწინააღმდეგე დაჯაბნა, იტალიურმა თავდასხმამ კი საგოლე მონაგარი გაზარდა...
ყოველივე ეს დიდი გამარჯვების წინაპირობაა; შეიძლება იმაზე დიდი გამარჯვებისაც კი, ვიდრე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლაა.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ნახევარფინალი
ვარშავა. ნაციონალური სტადიონი
გერმანია-იტალია 1:2 (იხილეთ ვიდეო)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი (71. მიულერი), ჰუმელსი, ბადშტუბერი, ლამი - შვაინშტაიგერი, ხედირა - კროოსი, იოზილი, პოდოლსკი (46. როისი) - გომესი (46. კლოზე).
იტალია (4-4-2): ბუფონი - ბალძარეტი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - მარკიზიო, მონტოლივო (64. მოტა), პირლო, დე როსი - ბალოტელი (70. დი ნატალე), კასანო (58. დიამანტი).
გოლები: 0:1 ბალოტელი (20), 0:2 ბალოტელი (36), 1:2 იოზილი (90. პენ.)
კუთხური: 14-0; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 16(8)-10(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
გაფრთხილება: ჰუმელსი - ბალოტელი, ბონუჩი, დე როსი, მოტა
არბიტრი: ს. ლანუა (საფრანგეთი)
მაყურებელი: 55 540
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იოჰაიმ ლიოვი: ჩვენი ფეხბურთი ვერ ვანახეთ
ჩეზარე პრანდელი: იტალიის ნაკრებმა გერმანიასთან თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა
ბასტიან შვაინშტაიგერი: გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები დიდ იმედგაცრუებას განიცდიან
ჯანლუიჯი ბუფონი: გერმანელებს რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ, დამატებით დროში 9:2 წავაგებდით
მიროსლავ კლოზე: იტალიის ნაკრები ძალიან რთული მეტოქე აღმოჩნდა
ვისენტე დელ ბოსკე: იტალია ფინალში ტაქტიკურ ცვლილებებს არ მიმართავს
მარიო ბალოტელი: ესპანელები გერმანელებისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენვისენტე დელ ბოსკე: იტალია ფინალში ტაქტიკურ ცვლილებებს არ მიმართავს
ანდრეა პირლო: რა აზრი აქვს რომში ჩასვლას, თუ რომის პაპს ვერ ნახავ...
ფილიპ ლამი: დამარცხებაში დამნაშავე ჩვენ თვითონ ვართ
დინო ძოფი: იტალიამ გერმანიას საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა
დინო ძოფი: იტალიამ გერმანიას საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა