ესპანეთის ნაკრები ევრო 2012-ის მიკროსკოპში

AutoSharing Option
მაშ ასე, "ფურია როხა" უკვე ევროპის სამგზის ჩემპიონია! ვისენტე დელ ბოსკეს 23-ეულმა 1964 და 2008 წლების ტრიუმფებს ევრო 2012-ის მოგება დაუმატა.

გუნდმა უკვე გაიარა მადრიდის ქუჩები ტრიუმფით. მოდი, ერთხელ კიდევ ვნახოთ, ვინ შექმნა ეს ისტორია, ვის რა წვლილი მიუძღვის გამარჯვებაში.

ესპანეთის ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, როგორც მერე აღმოჩნდა, მეორე მომავალ ფინალისტ იტალიასთან ერთად.

პრანდელის იტალია სწორედ დელ ბოსკეს გუნდის "ფეარ პლეის" წყალობით გავიდა ჯგუფიდან, როცა "ფურია როხამ" ხორვატიასთან ფრეს თამაში იუკადრისა.

ესპანელები ჯერ იტალიელებს დაუზავდნენ (1:1), მერე შავი დღე აყარეს
ირლანდიელებს (4:0) და ბოლოს ხორვატებს მოუგეს (1:0).

გუნდმა 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში D ჯგუფის მეორეადგილოსან საფრანგეთს მოუგო (2:0). ნახევარფინალში "ფურია როხას" ყველაზე მეტად გაუჭირდა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 მორჩა, პენალტების სერიაში კი მომავალმა გამარჯვებულებმა 4:2 მოიგეს.

დაბოლოს, ფინალი, რომელიც გუნდმა ისტორიული სხვაობით მოუგო იტალიას (4:0). 6 მატჩი, 4 გამარჯვება და 2 ფრე (პორტუგალიასთანაც ფრეს ვგულისხმობთ), ბურთების ფანტასტიკური სხვაობა - 12:1. ასეთია ესპანეთის ნაკრების სტატისტიკა ევრო 2012-ზე. ახლა გადავიდეთ ფეხბურთელებზე.

Sportall.Geმეკარე
1. იკერ კასილიასი
თამაში (სტარტი) წუთი: 6 (6) 570
გაშვებული ბურთი: -1
სეივი: 22
პასი (ზუსტი, %): 151 (102), 68%
ჯარიმა (დაჯარიმდა): 2 (0)
კასტროლ ინდექსი: 8,99

სან იკერი! მან მთელი ტურნირის განმავლობაში ამტკიცა, რომ ევრო 2012-ის საუკეთესო გოლკიპერია (მას ღირსეული კონკურენტი ჰყავდა - ჯიჯი ბუფონი).

მას მერე, რაც პირველ ტურში ანტონიო დი ნატალემ გაუტანა, ტურნირის ბოლომდე ესპანეთის ნაკრების კარი "მშრალად" შეინახა. ეს კი 509 წუთია (!). იკერმა ამით ლეგენდარული დინო ძოფის რეკორდი (494) დაამხო. ის პირველი ფეხბურთელია მსოფლიოში, ვინც ეროვნულ ნაკრებში 100 გამარჯვება იზეიმა.

სხვათა შორის, ფინალში, როცა მის თანაგუნდელებს მე-4 გოლი გაჰქონდათ (ჯერ გოლი გასული არ იყო), ესპანეთის ნაკრების კაპიტანი მივიდა მსაჯის ასისტენტთან და მთელი სერიოზულობით სთხოვა, თამაში დაემთავრებინა. მან ეს მეტოქის პატივისცემის ნიშნად ითხოვა (იხილეთ ვიდეო).

იკერმა ბრწყინვალედ ითამაშა ფინალში, როცა იტალიამ ძლიერ შეუტია მეტოქეს; მოიგერია პენალტი პორტუგალიელებთან მატჩში და ხორვატიასთან მატჩში ესპანეთი სულაც ჯგუფში ჩარჩენისგან იხსნა.

ლელოს შეფასება: 10-იანი (10-ბალიანი სისტემით).

Sportall.Geმცველები
3. ჟერარდ პიკე
თამაში (სტარტი), წუთი: 6 (6), 570
გოლი (პასი): -
დარტყმა (ზუსტი): 4 (1)
პასი (ზუსტი, %): 385 (305), 79%
ჩაწოდება (ზუსტი): -
ჯარიმა (დაჯარიმდა): 4 (4)
თამაშგარე: -
კასტროლ ინდექსი: 9,54

სერხიო რამოსთან შესანიშნავი დუეტი შექმნა. პიკე დაღვინდა და ეს ამ ტურნირმაც აჩვენა. იტალიასთან პირველ მატჩში ბალოტელის ფეხი არ გაანძრევინა, თუმცა მისმა შემცვლელმა დი ნატალემ პრობლემები გაუჩინა.

ირლანდიასთან მატჩში შეტევებში ისე ხშირად ერთვებოდა, რომ ნამდვილად ვერ იტყოდით, ცენტრალური მცველიაო.

ფრანგ ფორვარდებს გასაქანი არ მისცა, პორტუგალიელთაგან ხშირად უწევდა რონალდოს შეკავება და წარმატებულადაც. მოკლედ, პიკე იყო დიდებული - ნახევარფინალში გაიტანა პენალტი. როგორც მერე აღმოჩნდა, ეს იყო პირველი პენალტი მის საფეხბურთო კარიერაში!

ლელოს შეფასება: 9

Sportall.Ge15. სერხიო რამოსი
თამაში (სტარტი), წუთი: 6 (6), 570
გოლი (პასი): -
დარტყმა (ზუსტი): 7 (3)
პასი (ზუსტი, %): 441 (381), 86%
ჩაწოდება (ზუსტი): -
ჯარიმა (დაჯარიმდა): 5 (9)
თამაშგარე: 1
კასტროლ ინდექსი: 9,68

სერხიო რამოსს ძალიან მოუხდა ცენტრალური მცველობა. მან თითქმის უშეცდომოდ ჩაამთავრა ტურნირი და პიკესთან ერთად, ესპანეთს უპიოლობა იოტისოდენადაც არ აგრძნობინა. ის, რაც მან ნახევარფინალში, პორტუგალიასთან მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში ჩაიდინა, უბრალოდ, საარაკოა - პირლოს ტრიუკი გაიმეორა და ისე გაუტანა რუი პატრისიოს.

ფინალი ითამაშა უმაღლეს დონეზე. პიკესთან ერთად, ბალოტელი იმდენად დაჯაბნა, რომ ფორვარდს ლამის საკუთარ ნახევარზე უწევდა ჩასვლა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, რამოსი ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელია.

ლელოს შეფასება: 10

Sportall.Ge17. ალვარო არბელოა
თამაში (სტარტი), წუთი: 6 (6), 570
გოლი (პასი): -
დარტყმა (ზუსტი): 3 (2)
პასი (ზუსტი, %): 427 (336), 79%
ჩაწოდება (ზუსტი): 2 (0)
ჯარიმა (დაჯარიმდა): 20 (16)
თამაშგარე: 4
კასტროლ ინდექსი: 9,33

უეფას ტექნიკურმა ჯგუფმა 10 ესპანელი შეიყვანა სიმბოლურ ნაკრებში. ვინ ვერ მოხვდა ძირითადი შემადგენლობიდან? ალვარო არბელოა! თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ალვარომ ცუდად ითამაშა. უბრალოდ, შესაძლოა კლასი დააკლდა თანაგუნდელების დარი აღიარებისთვის.

მარჯვენა ფლანგზე არცერთი ვიზავი არ გაახარა (მათ შორის, არც რონალდო), რაც უდავოდ დიდი მიღწევაა. თანაც, ალვარო არც შეტევებში ჩართვას ივიწყებდა, თუმცა წინ ისეთივე აკურატული არ იყო, როგორც დაცვაში.

ლელოს შეფასება: 7,5

Sportall.Ge18. ხორდი ალბა
თამაში (სტარტი), წუთი: 6 (6), 570
გოლი (პასი): 1 (1)
დარტყმა (ზუსტი): 2 (1)
პასი (ზუსტი, %): 501 (423), 84%
ჩაწოდება (ზუსტი): 9 (0)
ჯარიმა (დაჯარიმდა): 13 (4)
თამაშგარე: -
კასტროლ ინდექსი: 9,38

მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მეტეორივით შემოიჭრა. მართლაც მაგარი უნდა იყო - 23 წლის ხორდი ალბას კი მართლაც დიდი მომავალი ელის.

აქამდე მას ესპანეთის ნაკრებში 5 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და აი, უცებ გადაუწყვიტა გუნდს მთავარი პრობლემა - მარცხენა მცველის პოზიცია აღარ არის ესპანელთა სუსტი წერტილი.

ალბამ ფინალში, ვფიქრობთ, გადამწყვეტი გოლი გაიტანა, როცა იტალიელთა საპასუხო იერიშების შემდეგ 2:0 გახადა. მანამდე კი ფრანგებთან შეხვედრაში ჩაბი ალონსოს გაატანინა.

ლელოს შეფასება: 9

Sportall.Geნახევარმცველები
4. ხავი მარტინესი

თამაში (სტარტი), წუთი: 1 (0), 25
გოლი (პასი): -
დარტყმა (ზუსტი): -
პასი (ზუსტი, %): 25 (24), 96%
ჩაწოდება (ზუსტი): -
ჯარიმა (დაჯარიმდა): 0 (1)
თამაშგარე: 1
კასტროლ ინდექსი: 4,68

მხოლოდ ირლანდიასთან ითამაშა ბოლო 25 წუთი, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. აქტიური იყო და თამაშში ბრწყინვალედ ჩაერთო, თუმცა იმ დღეს ესპანეთს ყველაფერი გამოსდიოდა. მიუხედავად უთამაშებლობისა, 23 წლის ბასკი უნივერსალი ესპანეთის მომავალი გუნდიდანაა.

ლელოს შეფასება: შეუფასებლად

Sportall.Ge6. ანდრეს ინიესტა
თამაში (სტარტი), წუთი: 6 (6), 531
გოლი (პასი): 0 (1)
დარტყმა (ზუსტი): 18 (14)
პასი (ზუსტი, %): 465 (350), 75%
ჩაწოდება (ზუსტი): 1 (0)
ჯარიმა (დაჯარიმდა): 14 (5)
თამაშგარე: 1
კასტროლ ინდექსი: 9,43

ანდრესი ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თუმცა პლატინის დავესესხებით და ვიტყვით, ამ ჩემპიონატზე არ იყო გამორჩეული ვარსკვლავი, მაგრამ იყო პლეადა ასეთების, რომელთა შორის უმეტესობა ესპანელია და, ბუნებრივია, ინიესტაც მათ შორისაა.

სტატისტიკას რომ დავუჯეროთ, ინიესტა სულაც არ იყო საუკეთესო. მხოლოდ ერთი საგოლე პასი მარცხენა შემტევად მოთამაშისთვის მეტისმეტად ცოტაა. არც პასების სიზუსტის მაჩვენებელი ჰქონდა ანდრესს კარგი, მაშინ, როცა ჩავი და მისი თანაგუნდელები ამ მხრივ ძალიან გამოირჩეოდნენ.

მაშ რატომ ანდრესი? იმიტომ, რომ ყველაზე უკეთ ის ამწვავებდა თამაშს და თამამად მიდიოდა ორი, სამი, ხშირად კი მეტი მეტოქის წინააღმდეგ. შესაბამისად, სხვებს სამოქმედო სივრცეები ექმნებოდათ.

ლელოს შეფასება: 9

Sportall.Ge8. ჩავი ერნანდესი
თამაში (სტარტი), წუთი: 6 (6), 536
გოლი (პასი): 0 (2)
დარტყმა (ზუსტი): 11 (7)
პასი (ზუსტი, %): 620 (531), 86%
ჩაწოდება (ზუსტი): 31 (11)
ჯარიმა (დაჯარიმდა): 4 (3)
თამაშგარე: -
კასტროლ ინდექსი: 9,13

ჩავიმ ევრო 2012-ზე იმდენი პასი გააკეთა, რამდენიც ნახევარმა ირლანდიამ მთელ ტურნირში. ესპანური "ტიკი ტაკას" მთავარი წყარო ის და ჩაბი ალონსო იყვნენ.

საფრანგეთთან მატჩში მოედნის ცენტრი "ხელში ეჭირა". ჩემპიონატში ორი საგოლე პასის ავტორია.

ლელოს შეფასება: 8

Sportall.Ge14. ჩაბი ალონსო
თამაში (სტარტი), წუთი: 6 (6), 545
გოლი (პასი): 2 (0)
დარტყმა (ზუსტი): 10 (4)
პასი (ზუსტი, %): 584 (490), 84%
ჩაწოდება (ზუსტი): 5 (0)
ჯარიმა (დაჯარიმდა): 9 (11)
თამაშგარე: -
კასტროლ ინდექსი: 9,48

ფრანგებთან მატჩში ბასკმა ბენეფისი მოიწყო - ეროვნულ ნაკრებში მისთვის მე-100 შეხვედრა დუბლით აღნიშნა, მაგრამ ეს არ იყო ჩაბი ალონსოს ერთჯერადი გამონათება - ის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში საიმედო და სასარგებლო იყო. პორტუგალიასთან მატჩში პენალტი ვერ გამოიყენა.

ლელოს შეფასება: 8,5

Sportall.Ge16. სერხიო ბუსკეტსი
თამაში (სტარტი), წუთი: 6 (6), 570
გოლი (პასი): -
დარტყმა (ზუსტი): 2 (0)
პასი (ზუსტი, %): 513 (430), 84%
ჩაწოდება (ზუსტი): 1 (0)
ჯარიმა (დაჯარიმდა): 13 (4)
თამაშგარე: -
კასტროლ ინდექსი: 9,25

უხილავი გმირი - ასეთია ესპანეთის ნაკრებისთვის ბუსკეტსი. ის, რომ ჩავი, ინიესტა და სილვა უშიშრად უტევენ, დიდწილად ბარსელონელის დამსახურებაა.

ჩემპიონატი სტაბილურად ჩაატარა, იყო ძალიან სასარგებლო. მისი საუკეთესო თამაში პორტუგალიასთან იყო, რაც სულაც არ არის შემთხვევითი.

როცა ლიდერებს არ გამოსდით, ბუსკეტსი მუდამ მზადაა მათ დასახმარებლად. ბუსკეტსი კვლავ რჩება უჩინარ ფეხბურთელად. ევროს დასაწყისში პოლონელ ჟურნალისტებს ის ალვარო არბელოაშიც კი ეშლებოდათ.

ლელოს შეფასება: 8

Sportall.Ge20. სანტი კასორლა
თამაში (სტარტი), წუთი: 2 (0), 16
გოლი (პასი): -
დარტყმა (ზუსტი): 1 (1)
პასი (ზუსტი, %): 33 (24), 73%
ჩაწოდება (ზუსტი): -
ჯარიმა (დაჯარიმდა): -
თამაშგარე: -
კასტროლ ინდექსი: 4,63

ითამაშა მხოლოდ ირლანდიასთან და საფრანგეთთან ბოლო წუთები. სწორედ კასორლას პასის შემდეგ მოცელეს ფრანგებმა საჯარიმოში პედრო.

ლელოს შეფასება: შეუფასებლად

Sportall.Ge21. დავიდ სილვა
თამაში (სტარტი), წუთი: 6 (6), 411
გოლი (პასი): 2 (3)
დარტყმა (ზუსტი): 10 (8)
პასი (ზუსტი, %): 297 (212), 71%
ჩაწოდება (ზუსტი): 2 (0)
ჯარიმა (დაჯარიმდა): 8 (7)
თამაშგარე: 3
კასტროლ ინდექსი: 9,06

დავიდ სილვას რომ ისევე ეთამაშა, როგორც ჯგუფური ეტაპის ორ მატჩში და ფინალში, ის აუცილებლად გახდებოდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ მან ხორვატიასთან თამაში, მეოთხედფინალი და ნახევარფინალი ჩააგდო.

გოლი პლუს პასი სისტემით მანჩესტერელმა 5 ქულა დააგროვა და ყველას აჯობა ჩემპიონატში. ფინალში თავით გაიტანა დიდებული გოლი. კიდევ უფრო ვირტუოზული იყო მისი გოლი ირლანდიელთა კარში. ამასთან, 3 საგოლე პასი ბევრზე მეტყველებს.

ლელოს შეფასება: 9

Sportall.Ge22. ხესუს ნავასი
თამაში (სტარტი), წუთი: 3 (0), 115
გოლი (პასი): -
დარტყმა (ზუსტი): 3 (3)
პასი (ზუსტი, %): 75 (46), 61%
ჩაწოდება (ზუსტი): 5 (0)
ჯარიმა (დაჯარიმდა): -
თამაშგარე: -
კასტროლ ინდექსი: 6,13

ნავასი, როგორც წესი, მაშინ გამოდიოდა, როცა დელ ბოსკეს სქემა სათანადოდ ვერ მუშაობდა და ცვლილება იყო საჭირო ტაქტიკაში. გაიტანა გამარჯვების გოლი ხორვატთა კარში.

ლელოს შეფასება: 7,5

Sportall.Geთავდამსხმელები
7. პედრო როდრიგესი
თამაში (სტარტი), წუთი: 3 (0), 89
გოლი (პასი): -
დარტყმა (ზუსტი): 1 (0)
პასი (ზუსტი, %): 63 (43), 68%
ჩაწოდება (ზუსტი): 1 (0)
ჯარიმა (დაჯარიმდა): 1 (2)
თამაშგარე: 2
კასტროლ ინდექსი: 4,75

პირველად შანსი მეოთხედფინალში მიეცა საფრანგეთის ნაკრებთან. სამივეჯერ შეძლო ესპანელთა შეტევების გამოცოცხლება, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.

ლელოს შეფასება: 7

Sportall.Ge9. ფერნანდო ტორესი
თამაში (სტარტი), წუთი: 5 (2), 189
გოლი (პასი): 3 (1)
დარტყმა (ზუსტი): 11 (8)
პასი (ზუსტი, %): 61 (34), 56%
ჩაწოდება (ზუსტი): 2 (0)
ჯარიმა (დაჯარიმდა): 1 (8)
თამაშგარე: 6
კასტროლ ინდექსი: 7,60

საოცარია პირდაპირ - ფერნანდო ტორესმა ოდნავ მეტი ითამაშა, ვიდრე ორ შეხვედრას ეყოფოდა და ევრო 2012-ის "ოქროს ბუცი" მოიგო.

სულ ორჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში. ზედიზედ ევროპის ორი ჩემპიონატის ფინალში გაიტანა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესოდ ირჯებოდა. თავდაჯერება კიდევ აკლდა, პასების სიზუსტე მოიკოჭლებდა, ხშირად ხვდებოდა თამაშგარე მდგომარეობაში, მაგრამ გუნდს გაცილებით მეტი ხეირი მოუტანა.

ლელოს შეფასება: 8

Sportall.Ge10. სესკ ფაბრეგასი
თამაში (სტარტი), წუთი: 6 (3), 315
გოლი (პასი): 2 (1)
დარტყმა (ზუსტი): 9 (6)
პასი (ზუსტი, %): 231 (169), 73%
ჩაწოდება (ზუსტი): 4 (0)
ჯარიმა (დაჯარიმდა): 5 (7)
თამაშგარე: 2
კასტროლ ინდექსი: 8,17

ვისენტე დელ ბოსკემ ეგრეთ წოდებულ ცრუ ცენტრფორვარდად ათამაშა. ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

საერთო ჯამში, ამ პოზიციაზე გაამართლა. იტალიასთან მატჩში გუნდი მარცხისგან იხსნა. გაიტანა გამარჯვების პენალტი პორტუგალიასთან მატჩისშემდგომ სერიაში.

ლელოს შეფასება: 8

Sportall.Ge11. ალვარო ნეგრედო
თამაში (სტარტი), წუთი: 2 (1), 55
გოლი (პასი): -
დარტყმა (ზუსტი): -
პასი (ზუსტი, %): 13 (8), 62%
ჩაწოდება (ზუსტი): -
ჯარიმა (დაჯარიმდა): 3 (0)
თამაშგარე: 1
კასტროლ ინდექსი: 4,70

სუსტი რგოლი, თუმცა ბევრი თამაში არ მოუწია - მოულოდნელად მოხვდა პორტუგალიასთან მატჩის სასტარტო შემადგენლობაში.

ლელოს შეფასება: 6

Sportall.Ge13. ხუან მატა
თამაში (სტარტი), წუთი: 1 (0), 3
გოლი (პასი): 1 (0)
დარტყმა (ზუსტი): 1 (1)
პასი (ზუსტი, %): 8 (7), 88%
ჩაწოდება (ზუსტი): -
ჯარიმა (დაჯარიმდა): -
თამაშგარე: -
კასტროლ ინდექსი: 4,81

3 წუთში "ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა გოლის გატანა მოასწრო. წინ ოლიმპიადაა.

ლელოს შეფასება: შეუფასებლად

არ უთამაშიათ
12. ვიქტორ ვალდესი
23. პეპე რეინა
2. რაულ ალბიოლი
5. ხუანფრანი
19. ფერნანდო ლორენტე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Fuerza de espana !
შაკო
14:57 04-07-2012
0

სიახლეები პოპულარული