ევრო 2012-ის შეჯამება: ანდრესი, ანდრეა და სხვები

AutoSharing Option
ესპანეთის მორიგმა, ზედიზედ მესამე ტრიუმფმა ავტომატურად გამოიწვია ის, რომ ევრო 2012-ის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, ექვსი ფეხბურთელი სწორედ "ფურია როხადან" შევიყვანეთ.

ევროპის ვიცე-ჩემპიონი იტალია კი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ორი მოთამაშითაა წარმოდგენილი და მათ შორის არ არის ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც ფინალამდე იკერ კასილიასზე ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ფინალში "სკუადრა აძურა" ვეღარ იხსნა და 4 გოლი გაუშვა, კასილიასი კი მოწოდების სიმაღლეზე დარჩა.

სიმბოლურში გერმანიის ნაკრებიდანაც ორი ფეხბურთელი მოვახვედრეთ, ერთი კი პორტუგალიელია - ოღონდ არა კრიშტიანო რონალდო...

Sportall.Ge

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი (იტალია)
სათადარიგოები:
ჯანლუიჯი ბუფონი, ჟერარდ პიკე, ჩავი ერნანდესი, კრიშტიანო რონალდო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი

1. იკერ კასილიასი (ესპანეთი)
ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მეკარემ ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, აბსოლუტურად უშეცდომო გახლდათ და როცა ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს კარგი მეკარე სჭირდებოდა, კასილიასი თითქმის ყოველთვის ახერხებდა გუნდის გადარჩენას.

იკერი ძლიერი იყო როგორც ხაზზე, ასევე ერთი-ერთზე სიტუაციებსა (თუ არ ჩავთვლით ანტონიო დი ნატალეს გოლს) და საჯარიმოს კონტროლის დროსაც. აღსანიშნავია მისი სიმშვიდე და თავდაჯერებულობაც, რაც მთელ გუნდზე, განსაკუთრებით კი, დაცვის ხაზზე პოზიტიურად აისახებოდა.

ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კასილიასის გენიალურობაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს: იკერს 2006 წლის მუნდიალის მერვედფინალის მერე დიდი ტურნირის პლეი ოფის არცერთ მატჩში გოლი არ გაუშვია და მასთან ერთად ესპანეთის ნაკრებმა 137-იდან 100 მატჩი მოიგო...

2. სერხიო რამოსი (ესპანეთი)
ევროპის ჩემპიონების მცველი ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო არ იყო, მაგრამ მეოთხედფინალში (საფრანგეთთან), ნახევარფინალსა (პორტუგალიასთან) და ფინალში (იტალიასთან) იდეალურად ითამაშა.

საბოლოო ჯამში სერხიო რამოსს საშუალოდ ერთ მატჩში 10 მძიმე ორთაბრძოლა გამოუვიდა და 70 პროცენტი მოიგო. გარდა ამისა, რამოსი კარგი იყო შეტევების დამწყების რანგშიც - გაგიკვირდებათ და, პასების სიზუსტით თვით ჩავის მაჩვენებელს (86 პროცენტი) არ ჩამორჩა.

3. ხორდი ალბა (ესპანეთი)
მარცხენა მცველს, რომელიც უკვე ბარსელონელია, სენსაციური ტექნიკა და სისწრაფე აქვს. ვინც ფიქრობდა, რომ მას მხოლოდ ანდრეს ინიესტას დამზღვევის ფუნქცია დაეკისრებოდა, შეცდა - ხორდი ალბა ესპანელთა მარცხენა ფლანგზე გენიალური ინიესტას მშვენიერ პარტნიორად მოგვევლინა.

მართალია, დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს ყოველთვის არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მაინც: ალბა ევრო 2012-ის აღმოჩენაა.

4. პეპე (პორტუგალია)
პორტუგალიის ნაკრების დაცვის ბურჯმა ევრო 2012 უმაღლეს დონეზე ჩაატარა. პეპე ჯგუფურ ეტაპზეც ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული მცველი გახლდათ, პლეი ოფში კი კიდევ უფრო მოუმატა და როგორც ჩეხეთთან, ისე ესპანეთთან წაგებულ მატჩშიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

პეპე ფიზიკურად უაღრესად ძლიერი, მცველის უტყუარი ალღოც აქვს და პორტუგალიელთა ლიდერად მოგვევლინა.

5. მატს ჰუმელსი (გერმანია)
მოდი, ნუ დავსჯით გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს მხოლოდ იმის გამო, რაც მას ნახევარფინალში ანტონიო კასანომ დამართა. ჰუმელსმა ჯგუფურ ეტაპზე იდეალურად ითამაშა (შეგახსენებთ, რომ ბუნდესგუნდი სიკვდილის ჯგუფში იყო) და მეოთხედფინალშიც ძალიან საიმედო გახლდათ.

დორტმუნდელმა განსაკუთრებით ჰოლანდიასა და პორტუგალიასთან იასპარეზა კარგად, ნახევარფინალში დაშვებული შეცდომა კი, პირველ რიგში, მისი გამოუცდელობის ბრალია. ერთი რამ ფაქტია: მატსს დიდი მომავალი აქვს!

6. სამი ხედირა (გერმანია)
ერთადერთი გერმანელი, რომელიც ყველა მატჩში გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო იყო - იტალიასთან წაგებულ შეხვედრაშიც მხოლოდ ხედირა იბრძოდა მედგრად და რაც მთავარია, უშეცდომოდ. მეტიც: თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო გერმანელი გახლდათ.

7. დავიდ სილვა (ესპანეთი)
დავიდ სილვა ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო იყო, საფრანგეთსა და პორტუგალიასთან მატჩებში კი დაიკარგა, თუმცა ფინალში თავი ისევ გაგვახსენა.

მართალია, დავიდი ერთი-ერთზე სიტუაციებში ან შეტევების ორგანიზების თვალსაზრისით ანდრეს ინიესტას დონის ფეხბურთელი ჯერ არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, ინიესტაზე უკეთესი საგოლე ალღო აქვს და მუდმივად კარისკენ ისწრაფვის.

ფინალში გატანილი გოლი, რომლითაც ესპანელებმა ანგარიში გახსნეს, ამ მოსაზრების საუკეთესო არგუმენტია.

8. ჩაბი ალონსო (ესპანეთი)
კიდევ ერთხელ და ვინ მოთვლის, მერამდენედ გვიწევს იმის გამეორება, რომ ესპანეთის ნაკრები ჩაბი ალონსოს გარეშე წარმოუდგენელია.

"ფურია როხას" საყრდენი ნახევარმცველი დაუღლელი მორბენალი, ბურთის სამაგალითო მომპოვებელი, მებრძოლი და ამასთან ერთად, აზრიანი მეპასე და სტრატეგიცაა.

ევრო 2012-ის სიმბოლური ნაკრები მის გარეშე ვერ შედგებოდა და თანაც, ჩაბი ალონსომ საფრანგეთთან დუბლის შესრულებაც კი შეძლო. მოედნის ცენტრში ყველა შეხვედრაში იდეალურად გაისარჯა.

9. მარიო ბალოტელი (იტალია)
ფეხბურთელი, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდით, ვსაუბრობთ და ფაქტია, რომ მომავალშიც ძალიან ბევრს ვისაუბრებთ. იტალიას მისი იმედი არ ჰქონდა, თუმცა არ ჰყავდა ალტერნატივაც, მაგრამ მარიომ დაამტკიცა, რომ ამ ნდობას იმსახურებდა.

პირველ მატჩში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა, ესპანეთთან რამდენიმე სისულელე ჩაიდინა, მაგრამ მერე გონს მოეგო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიას ფენომენალური გოლი გაუტანა, ჯგუფურ ეტაპზე მაინც არ იყო საუკეთესო.

სამაგიეროდ, ბალოტელი ევროპის ჩემპიონატზე სრულად და ძალიან კარგად პლეი ოფიდან ჩაერთო. ინგლისთან მცველები მედგრად დაწნეხა და ანერვიულა, გერმანიასთან კი აფეთქდა და მანუელ ნოიერს ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაუტანა. რაც ყველაზე საინტერესოა: არ დაგვავიწყდეს, რომ ბალოტელი სულ რაღაც 22 წლისაა.

10. ანდრეა პირლო (იტალია)
იტალიის ნაკრების სული, გული და ტვინი - ევრო 2012-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ინიესტასთან ერთად, სრულყოფილი გამთამაშებელი, რომელიც თამაშს საოცრად გრძნობს, მოედანს თავდახრილიც მზაკვრულად ზვერავს და ყოველთვის შეუძლია გამაოგნებელი პასის გაკეთება.

ხორვატიას გენიალური ჯარიმა გაუტანა, ინგლისს დაუჯერებელი პენალტი დაურტყა, აკონტროლებდა იტალიელთა თამაშის ტემპს და შეტევების მიმართულებებს. აღარაფერს ვამბობთ უთვალავ საოცარ პასზე. ანდრეა პირლომ მხოლოდ ფინალი ჩააგდო, მაგრამ იტალიელთა მხრიდან ფინალშიც საუკეთესო იყო.

11. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
არცერთი გოლი, მხოლოდ ერთი საგოლე პასი და მიუხედავად ამისა, უეფამ ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელად მაინც ინიესტა დაასახელა.

ჩვენ არა ერთ, არამედ ორ საუკეთესოს ვასახელებთ - ინიესტასთან ერთად, პირლოც ასეთად მიგვაჩნია.

სწორედ ინიესტა იყო ის ფეხბურთელი, ვინც ესპანეთის ნაკრების შეტევებს მოულოდნელი და ბრწყინვალე იდეებით იწყებდა ან აგრძელებდა და მოულოდნელი აჩქარებებით თავზარს სცემდა მეტოქეებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ევრო 2012. 1/2-ფინალის შეჯამება: აღვირახსნილი მარიო და იტალია
ევრო 2012. 1/4-ფინალის შეჯამება: პირლოა თუ და ვინჩი? ანდრეა ხატავს!
ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვიგაც ძაან ნიჩიერის შედგენილია ეს შემადგენლობა... რონალდო და ხავი სათადარიგოებში :D:D:D
kuotue
18:59 04-07-2012
0
ძალაინ უცნაური ვერსია კი დაგიდიათ.
ესპანეთს, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა, ამ დაცვას მოშლა იქნებოდა არაესპანელებისგან?
გოლეადორი ტორესი გახდა და ბალოტელით ჩავანაცვლებდი?
zvidev
20:41 04-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული