გერმანიის ნაკრები თურქეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ: ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მესუთ იოზილისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. 21 წლის ფლეიმეიქერმა, რომელიც ახლა მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, ორი წლის წინ თავის კარიერაში უმნიშვნელოვანესი არჩევანი გააკეთა: თურქული ფესვების მქონე გერმანელს, რომელიც გელზენკირხენში დაიბადა და გაიზარდა, ან გერმანიის ნაკრებში უნდა გადაეწყვიტა, ანაც მშობლიური თურქეთის ეროვნულ გუნდში. იოზილმა გერმანია აირჩია და დღეს ის თავისი მშობლიური ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, რაც ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის უდიდესი ტვირთია. მესუთს თურქეთში ყველა აკრიტიკებდა და არც დღეს
გერმანიის ნაკრების სპონსორმა, რომელიც ბერლინში ბუნდესგუნდის პრესკონფერენციებს ასპონსორებს, დარბაზში, სადაც ამ დღეებში ბუნდესმწვრთნელი და ფეხბურთელები სიტყვით გამოდიოდნენ, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელების დიდი ფიგურები დადგა. იოზილის ფიგურა კი ყველაზე წინ განათავსეს - მიროსლავ კლოზეს, მუნდიალის ბომბარდირ თომას მიულერისა და თვით დროებით კაპიტან ფილიპ ლამის ფიგურების წინ, რაც მესუთს მაინცდამაინც არ მოწონებია. მისთვის 100 ჟურნალისტის თვალწინ პრესკონფერენციის ჩატარება ისეთივე გამოწვევაა, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იქნებოდა - მით უმეტეს იმ დროს, როცა პრესკონფერენცია გერმანიისა და თურქეთის მატჩს ეხება. ზოგადად, იოზილს ამ დღეებში ძალიან ბევრი რამ უშლის ხელს. ჯერ ერთი, 21 წლის ფეხბურთელისგან უკვე იმას ითხოვენ, რომ გერმანიის ნაკრების წამყვანი მოთამაშე, იდეალური გამთამაშებელი იყოს; მეორე: მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი უნდა დაიმკვიდროს, რაც ფაქტობრივად საფეხბურთო ოლიმპის დაპყრობას ნიშნავს. მესამე: მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია და ვალდებულია, პროგრესი არ შეწყვიტოს, რასაც ახერხებს კიდეც - გერმანიის საფეხბურთო კავშირის სტატისტიკით, მუნდიალის მერე ყველაზე მეტად სწორედ იოზილის პოპულარობა გაიზარდა. მეოთხე და ყველაზე მთავარი: თურქეთთან მატჩში მესუთი საუკეთესო, მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს არაგერმანელის გერმანიაში ინტეგრაციისა. დაგვეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი 21 წლის ბიჭისთვის ძალიან ბევრია და დიდი შანსია, რომ მესუთმა დღეს მაინცდამაინც ვერ იბრწყინოს.
გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეს-მდივან ჰარალდ შტენგერის თქმით, ამ დღეებში მას იოზილთან ინტერვიუს ჩამორთმევის თხოვნით 400-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიმართა. გერმანია-თურქეთი - ეს ის მატჩია, რომლის დროსაც ყველა მესუთს დაუწყებს ყურებას. მიუხედავად იმისა, რომ მას მერე, რაც იოზილმა თურქეთის ნაკრებს ბუნდესგუნდი ამჯობინა ორი წელი გავიდა, მისი მშობლების ნამდვილ სამშობლოში მესუთს დღემდე აკრიტიკებენ. თვითონ კი ამბობს, ყველაფერი კარგადაა და თურქეთიდან ახლა უკვე უფრო პოზიტიური შეფასებები მომდის, ვიდრე ნეგატიურიო, მაგრამ ასე აშკარად არაა საქმე.
მესუთის ერთ-ერთი უპირველესი კრიტიკოსი ჰამით ალთინთოფია, რომელიც მესუთის დარად, ასევე გელზენკირხენში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ გერმანიის ნაკრებზე უარი თქვა და თურქეთის ეროვნულ გუნდში თამაშობს. გუშინწინ "ზუდდოიჩე ცაითუნგში" ჰამითის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს: "ტოლერანტული ადამიანი ვარ და მესუთის არჩევანს პატივს ვცემ, რადგან ეს მისი პირადი არჩევანია, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მისი გადაწყვეტილება მომეწონა. საქმე იმაშია, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის რანგში იოზილი უფრო ცნობილი ადამიანია და უფრო მაღალ ხელფასსაც გამოიმუშავებს. მისი ფასი ახლა გაცილებით დიდია, ვიდრე თურქეთის ნაკრების ფეხბურთელობის შემთხვევაში იქნებოდა. მოკლედ, საქმე სწორედ ამაშია. რაც არ უნდა ილაპარაკონ სხვადასხვა მისიონერებმა, იოზილის გადაწყვეტილებას "არაგერმანელის გერმანიაში ინტეგრაციასთან" არავითარი კავშირი არ აქვს. გერმანიაში მეც იდეალურად ვარ ინტეგრირებული. აქ დავიბადე და გავიზარდე, იდეალურად ვიცი გერმანული ენა და ჩემი ნაშოვნი ფულიდან გერმანიას საკმაოდ დიდ გადასახადებს ვუხდი, მაგრამ მშობლიურ ნაკრებზე უარი არ ვთქვი!"
ჰამით ალთინთოფის ეს სიტყვები ნაღდად არ მოეწონებოდათ გერმანიის საფეხბურთო კავშირში, სადაც დღენიადაგ თავს იქებენ იმის გამო (მაგალითისთვის ბუნდესგუნდის მენეჯერ ოლივერ ბირჰოფის სიტყვებს მოვიშველიებთ), თუ როგორ ეხუტება მუსულმანი მესუთ იოზილი ქრისტიან კაკაუს. ბირჰოფი ამბობს, ეს ინტეგრაციის სიმბოლოა, სიმბოლო იმისა, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი გერმანიაშიო. ბირჰოფი იმასაც სიამაყით იხსენებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს იოზილს სიამოვნებით უპოვნეს მეჩეთი...
ამ სიტყვების შემდეგ თვითონ იოზილს რაღა უნდა ეთქვა? ბირჰოფის განცხადების შემდეგ მან მხოლოდ ესღა დასძინა: "ინტეგრაციის გერმანიის საფეხბურთო კავშირზე უკეთესი მაგალითი არ არსებობს! ამას ჯერ კიდევ ბავშვობაში ვგრძნობდი." ცხადია, მესუთმა იმაზეც ისაუბრა, რომ ძალიან ამაყობს გერმანიის ნაკრების ფეხბურთელობით და რომ სხვა ნაკრებში თამაშზე არასდროს უფიქრია.
დღევანდელი მატჩის წინ მესუთი მშვიდად გამოიყურება, მაგრამ ეს უფრო მოჩვენებითი სიმშვიდეა. მან იცის, რომ მთელი თურქეთი მას დაუწყებს ყურებას და თანამემამულეების უმრავლესობას არაერთი სალანძღავი სიტყვაც წამოსცდება. თვითონ კი მაინც ამბობს, მე ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ვთამაშობ და ძალიან მიხარია, მოუთმენლად ველი მატჩის დაწყებასო.
პრესკონფერენციაზე, იოზილთან და ბირჰოფთან ერთად, ფილიპ ლამიც იჯდა. ორი აზრი არ არსებობს, ამ ტრიოდან ყველაზე პოპულარული და ძვირფასი დღეს მესუთ იოზილია, მაგრამ მას ოდნავადაც ვერ შეატყობდით, რომ "რეალის" ფეხბურთელია და კრისტიანო რონალდოს გვერდით, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. მესუთი უფრო იმ მორცხვ "აუტჩიკ" ბავშვს ჰგავდა, რომელმაც ეს ესაა, გერმანიის ნაკრებთან ერთად ერთი დღის გატარება მოიგო.
კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ბასტიან შვაინშტაიგერის ტრავმა ავტომატურად იმას, რომ მოედანზე შეფი იოზილი იქნება, მესუთმა ასეთი პასუხი გასცა: მოედნის ცენტრში სამი ხედირას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, მე უფრი მშვიდი ტიპი ვარ, რომელიც უბრალოდ თავის საქმეს გააკეთებსო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"