სოფიამ ლოთარი აღიარა!

AutoSharing Option

გერმანიის ნაკრების რეკორდსმენ ლოთარ მათეუსს 16-თვიანი უმუშევრობის შემდეგ, ძალიან კარგი დებიუტი გამოუვიდა. როგორც იცით, 49 წლის ლოთარი ბულგარეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და პარასკევს, მის მიერ გაწვრთნილმა ბულგარელებმა უელსს 1:0 მოუგეს. ბულგარელები კი მათეუსის დებიუტით და ზოგადად, მუშაობის მისეული სტილით ძალიან კმაყოფილები არიან. ბულგარული პრესა წერს, რომ მათ ნაკრებს სწორედ ასეთი მკაცრი დამრიგებელი სჭირდებოდა. ჟურნალისტები ლოთარს მაგრად აქებენ იმის გამო, რომ მან მატჩამდე ბოლო 24 საათის განმავლობაში გუნდი სამჯერ ავარჯიშა.

"მათეუსმა ნაგვისგან რაღაც კარგი გააკეთა. მან დაამტკიცა, რომ ფეხბურთი შესანიშნავად

ესმის - ბულგარეთის ნაკრებს ასე კარგად დიდი ხანია, არ უთამაშია," - წერდა გაზეთი "დნესი".

"ბრავო, ლოთარ! ჩვენი მთავარი ვარსკვლავი მწვრთნელი იყო. ბულგარულ ფეხბურთში ლოთარ მათეუსის ეპოქა დაიწყო," - წერდა სპორტული გაზეთი "7დინ სპორტი".

ამრიგად, ბულგარელებმა ჯგუფში მესამე ტურში პირველად მოიგეს და ისევ აქვთ იმის უფლება, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იოცნებონ. "რთული გზა გვაქვს გასავლელი, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ მე აქ იმიტომაც ჩამოვედი, რომ შეუძლებელი შევძლოთ," - ეს კი თვითონ მათეუსის სიტყვებია.

ლოთარი ფეხბურთელებმაც აქეს და ერთი სიტყვით, ყველა მხრიდან მხოლოდ დადებითი აზრები მოისმინა, რასაც ნაღდად არ არის მიჩვეული. ვნახოთ, იქნებ ბულგარეთში მაინც დაამტკიცოს, რომ ცუდი მწვრთნელი არ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული