ევრო 2012-ის მასპინძლობა 11 მილიონად გაიყიდა?

AutoSharing Option
ფიფასთან ერთად, სერიოზული სკანდალი უეფასაც ემუქრება. როგორც ირკვევა, არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ევრო 2012-ის მასპინძლობა (ტურნირი უკრაინასა და პოლონეთში უნდა ჩატარდეს) ფულზე გაიყიდა. კიდევ ერთი გერმანული გამოცემა, „ზუდდოიჩე ცაითუნგი“ წერს, რომ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთ წევრს აქვს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა გაიყიდა.

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ფუნქციონერი სპიროს მარანგოსი „ზუდდოიჩესთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ორი წელია, ამაოდ ცდილობს, ხმა მიაწვდინოს უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის და მტკიცებულებები წარუდგინოს. მარანგოსის მტკიცებით, მას რამდენიმე მოწმე ჰყავს
იმისა, თუ როგორ მიმდინარეობდა კვიპროსში მოლაპარაკებები კორუფციული გარიგებისთვის. მისი თქმით, მოლაპარაკებებში უეფას ხუთი მაღალჩინოსანი მონაწილეობდა და მათ 11 მილიონი ევრო აიღეს. უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო პარასკევს გერმანიაში იმყოფებოდა და გერმანიის საფეხბურთო კავშირის ბუნდესტაგს დაესწრო, რომელზეც თეო ცვანციგერი DFB-ს პრეზიდენტად კიდევ სამი წლით აირჩიეს. ინფანტინომ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ კვიპროსელმა მარანგოსმა უეფას ზემოთ ხსენებული წინადადებით მიმართა.

მარანგოსის ადვოკატი ნეოკლის ნეოკლეუსი კი „ზუდდოიჩე ცაითუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ მოწმეებმა უეფას მაღალჩინოსნების საუბრები ჩაიწერეს და თითოეული ჩანაწერი დათარიღებულია, რითაც კვიპროსელს იმის დამტკიცება შეუძლია, უკვე დიდი ხანია, მტკიცებულებებს ფლობს.

ადვოკატის განცხადებით, მარანგოსმა ჯერ კიდევ ზაფხულში სცადა უეფასთან კონტაქტის დამყარება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სადისციპლინო კომისიის შეფს, პეტერ ლიმახერს მიმართა. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ თავად გაეხვა სკანდალში (ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ „ბაიერნი“-„ზენიტის“ მატჩი გაიყიდა) და ახლა ხსენებულ თანამდებობაზე აღარ მუშაობს. როგორც ირკვევა, ლიმახერი კვიპროსელს 24 აგვისტოს, ჟენევაში შეხვედრაზე დათანხმდა, მაგრამ შეხვედრამდე ოთხი დღით ადრე შეატყობინა, რომ ვეღარ მიიღებდა. კვიპროსელის ადვოკატმა „ზუდდოიჩე ცაითუნგს“ წარუდგინა ლიმახერის ელექტრონული წერილი, სადაც ეს უკანასკნელი წერს: „ჩემი ხელმძღვანელების სურვილით, იძულებული ვარ, თქვენთან შეხვედრა უნდა გავაუქმო. თუ თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნული გაქვთ, ჩვენ მზად ვართ, ბილეთზე უარის თქმით გამოწვეული ხარჯები აგინაზღაუროთ. ისე კი, ცხადია, ყველაფერი გვაინტერესებს და ძალიან გაგვიხარდება, თუ თქვენს დოკუმენტებს გამოგვიგზავნით.“

მარანგოსის თქმით, ამის შემდეგ მან კიდევ სცადა ლიმახერთან კონტაქტის დამყარება, მაგრამ მისი წერილები იბლოკებოდა და უკან მოდიოდა.

გაგახსენებთ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პოლონეთსა და უკრაინაში ჩატარება 2007 წლის 18 აპრილს გადაწყდა. ევრო 2012-ის მასპინძლობის მთავარი ფავორიტი იტალია ყველასათვის მოულოდნელად დამარცხდა. იტალიასთან ერთად, ევრო 2012-ის მასპიძლობა ხორვატია-უნგრეთის წყვილსაც სურდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული