"ბარსა" მეცხრე ცაზე, პეპი საავადმყოფოში

AutoSharing Option

"არც ერთი მატჩი ურეკორდოდ" - ასეთია ხოსეპ გვარდიოლას გუნდის ახალი დევიზი - "მესტალიაზე" რთულმა გამარჯვებამ "ბლაუგრანა" მორიგ მწვერვალებზე გაიყვანა. 20 მატჩია, რაც "ბარსელონა" ლა ლიგაში სტუმრად არ მარცხდება. ბოლოს ეს გასულ სეზონში მოხდა "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებაში. მაშინ კატალონიელები 1:2 დამარცხდნენ. სხვათა შორის, "ვისენტე კალდერონზე" იმ წაგებიდან წელიწადზე მეტი გავიდა უკვე. ის ერთადერთი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, რომელიც აღარ არის "ბარსას" შემადგენლობაში. სხვათა შორის, მარცხი "ატლეტიკოსთან" ერთადერთი იყო ჩემპიონისთვის მთელ სეზონში.

ამით "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადის" რეკორდი დაამხო. ალბერტო ორმაეჩეას დროს ბასკებმა სტუმრად

ზედიზედ 19 მატჩში არ იცოდნენ წაგების გემო, ეს იყო შორეული 70-იანი წლების ბოლოს. "ატლეტიკოსთან" წაგების შემდეგ გვარდიოლას ბიჭებმა წინა სეზონში სტუმრად 5 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, ამ სეზონში კი ყველა თამაში მოიგეს სტუმრად გარდა ხიხონში სტუმრობისა, სადაც ფრეს დასჯერდნენ. ჰორიზონტზე კიდევ ერთი რეკორდია იმ დროს, როცა გუნდში ლეგენდარული იოჰან კრუიფი თამაშობდა, "ბარსელონამ" ზედიზედ 26 ტურში არ წააგო. ეს იყო 1973-74 წლების სეზონში, რინუს მიხელსის გუნდმა ბოლოს ისევ "ვისენტე კალდერონზე" წააგო, თუმცა იმ მომენტისთვის გუნდს ჩემპიონის ტიტული მოპოვებული ჰქონდა. არის კიდევ ერთი ძველი რეკორდი, რომლის დამხობაც კლუბს ამ სეზონშივე შეუძლია, შორეულ 1942-43 წლებში "ბარსელონამ" ზედიზედ 36 მატჩში შეძლო გოლის გატანა. "მესტალიაზე" მოგების შემდეგ პეპის ბიჭებს ზედიზედ 24 მატჩში აქვთ გატანილი, კიდევ 12 შეხვედრაში ამ რეკორდის დამხობაც შეიძლება.



ტაქტიკური სიურპრიზები

უნაი ემერიმ ძალიან სწორი ტაქტიკით ითამაშა "ბარსას" წინააღმდეგ და ლიდერს ცხოვრება გაურთულა. სწორედ ამის გამო "ბარსას" ბურთის ფლობის პროცენტი  შეუდარებლად დაბალი ჰქონდა. რა თქმა უნდა, სტუმრები ამ მაჩვენებლით სჯობდნენ მასპინძლებს, მაგრამ ისე ვერ გაილაღეს, როგორც სჩვევიათ ხოლმე. განსაკუთრებით გამოვყოფთ მარცხენა ფლანგზე ხორდი ალბას თამაშს, რომელმაც სივრცეები შეუზღუდა დანი ალვეშს, რამდენს არ ეცადა ბრაზილიელი, მაგრამ ალბას ჯობნა ვერ მოახერხა, თუმცა კი ერთხელ მის მოწინააღმდეგეს უხეშობა და ყვითელი ბარათის მიღება დასჭირდა. მოკლედ, ალბას თამაში მოულოდნელობა იყო "ბარსელონასთვის". თავის მხრივ პეპმაც გააკვირვა "მესტალია" - ეს არ იყო "ბარსასთვის" კლასიკური 4-3-3. გუნდმა უფრო 3-1-4-2 ტაქტიკით ითამაშა - სამი ცენტრალური მცველისკენ (პიკე, ბუსკეტსი, აბიდალი) მიმავალ ზონებს მასკერანო კეტავდა, ბრაზილიელები (ალვეში და ადრიანო) ნახევარდაცვის ფლანგებზე თამაშობდნენ, შუაში კი ჩავი და ინიესტა, სტუმრები ორი ფორვარდით უტევდნენ (მესი, ვილია). მხოლოდ პედროს გამოსვლის შემდეგ "ბარსელონა" გადაეწყო ჩვეულ 4-3-3-ზე.



ვილია ჩრდილში

დავიდ ვილია ყურადღების ცენტრში იყო, "ვალენსიადან" წასვლის შემდეგ ის პირველად ეწვია "მესტალიას", როგორც მეტოქე. ეტყობა, ამხელა ემოციურმა სტრესმა იმოქმედა და "ელ გუახე" ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი ფიგურა გახლდათ სტუმართა შემადგენლობაში. გუაიტას კართან საფრთხე ძირითადად მესისგან მოდიოდა. დღეისათვის, ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ფორვარდმა "მესტალიაზე" 5 წელიწადი გაატარა და აქაური პუბლიკის საყვარელი ფეხბურთელიც იყო. შესაძლოა, ვილიას ინერტულობის მიზეზი ის იყო, რომ ის გუნდთან ერთად არ ჩასულა ვალენსიაში და "ბარსას" მოგვიანებით შეუერთდა (დილით მშობლიურ ასტურიაში სასამართლოს უნდა დასწრებოდა). თავად ფორვარდი უარყოფს, რომ ამის გამო ვერ ითამაშა ჩვეულად.

"შინ კარგი განწყობით მივდივართ, რადგან აქ მოგება ყველას უჭირს. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მატჩი. ახლა უკვე მართლა ჩვენს ხელშია ყველაფერი. შეგვიძლია, არ ვიფიქროთ "რეალზე" და მოსაგები მატჩები მოვიგოთ. მოედანზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, თბილად შემხვდნენ და გამიხარდა ამდენი ძველი მეგობრის ნახვა."

ჟერარდ პიკე: "სამართლიანი შედეგია, ძალიან ბევრი შანსი გვქონდა. მნიშვნელოვანი სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ, გვინდოდა წინ 10 ქულით გაჭრა და ჩვენ ეს შევძელით."

ხავიერ მასკერანო: "ჯერ კიდევ ბევრია ტიტულამდე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვუგეთ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. ყველაფერი ჩვენს ხელშია და კონკურენტს ერთი წამითაც არ უნდა ვაფიქრებინოთ, რომ სადღაც, შეიძლება, ფეხი დაგვიცდეს".

დანი ალვეში: "იმ გუნდმა მოიგო, რომელმაც მეტი მომენტი შექმნა და გოლი გაიტანა. პეპის ახალი დავალება კარგად შევასრულეთ, ჩვენ გავაკვირვეთ მეტოქე. თუ კარგი ფეხბურთელი ხარ, ტაქტიკურ გადაწყობას უმალ უნდა აუღო ალღო. ლეოს ისე მოუვიდა, როგორც ნათქვამია - მესამე და სამართალიო, ორჯერ ვერ გაიტანა, მაგრამ შემდეგ მაინც შეაგდო. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მეტოქემ საკუთარ თავს დაუშავოს ისაა, რომ გააბრაზოს ლეო. მეტოქე სერიოზული იყო, მაგრამ ჩვენ "ბარსელონა" ვართ და სირთულეებსაც ვუმკლავდებით."

ჩავი: "ამ ქულებმა შეიძლება ტიტული მოგვიტანოს. ჯერ კიდევ დაგვრჩა რამდენიმე მძიმე მატჩი, მაგრამ უკვე ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. გვარდიოლა ძალიან ცუდად იყო, მაგრამ მაინც ჩამოვიდა და გუნდს უხელმძღვანელა. აი, ასეთი თავდადებული მწვრთნელი და ფეხბურთელები გვყავს. თამაში არ გამჭირვებია იმის მიუხედავად, რომ მოედნის საფარი ძალიან მშრალი და უხეში იყო."



პეპ I თავდადებული

"ბარსას" საქმე კი კარგად არის, მაგრამ პეპს მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს. თურმე, ის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების წყალობით იჯდა სათადარიგოთა სკამზე, უკან გზაზე კი წელის ტკივილმა აუტანელი ხასიათი მიიღო და ჩემპიონთა თავკაცი ჰოსპიტალში გააქანეს. მას ექიმებმა ზურგის დისკოს ამოვარდნა დაუდგინეს. მას ნემსების გაკეთება დასჭირდება. შესაძლოა, მკურნალობა დროშიც გაიწელოს და გუნდის მზადებაში ხელიც შეეშალოს.

ამასობაში "ბარსამ" სპორტულ წარმატებას ფინანსურიც მოაყოლა - გუშინ იაპონურ ბრენდ "სეიკოსთან" სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "სეიკო" ჩემპიონების ერთ-ერთი პარტნიორი გახდება, ხელშეკრულება ძალაში ზაფხულიდან შევა და სხვა სიკეთესთან ერთად, "ბარსას" თითოეული ფეხბურთელი სპეციალურად მისთვის დამზადებულ საათს მიიღებს საჩუქრად.

ახლა ერთ სატრანსფერო სიახლეზეც ვთქვათ, რომელიც "ბარსას" ეხება. მოკლედ, "არსენალი", როგორც ჩანს, კატალონიის იქით ტალანტებს ვერ ხედავს, ლონდონელების ახალი სამიზნე "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი ვიქტორ ვასკესია. 24 წლის ვასკესმა, შესაძლოა, ზაფხულში "არსენალთან" გააფორმოს ხელშეკრულება. მან "რუბინთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლიც გაიტანა, მაგრამ, ბუნებრივია, გუნდის სასტარტოში მოხვედრის მინიმალური შანსი აქვს. ვასკესს სეზონის ბოლოს უსრულდება კონტრაქტი კლუბთან, ახალი კი მისთვის ჯერ არ შეუთავაზებიათ. ამბობენ, "არსენალის" რჩევით, ვასკესს  ახალი კონტრაქტი რომც შესთავაზონ, არ დათანხმდება, შემდეგ კი ბოსმანის წესით გადავა ლონდონში.

"ვალენსიას" თავკაცი უნაი ემერი აღიარებს "ბარსას" უპირატესობას: "როცა აგებ, აბა რა უნდა გიხაროდეს, მაგრამ ჩვენ ხომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ და თან კარგად ვეთამაშეთ. მეორე ტაიმში გოლების გატანაც შეგვეძლო, მაგრამ სწორედ მაშინ გაიბრწყინა მესიმ და ყველაფერი ჩაგვიშალა. ბოლოს კი მხოლოდ შედეგი რჩება, რომელიც ჩვენთვის არასახარბიელოა."

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული