ორი უცხოპლანეტელი

AutoSharing Option
წინა ტურის შემდეგ ახლებურად წარმოგიდგინეთ ტურის შეჯამება. არ გეგონოთ, ეს მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევა იყო, მომავალშიც, თუ რამეთი არ გავამდიდრებთ, პრიმერას ტურის მიმოხილვა კვლავ ამ, ახლებური ფორმატით გვექნება წარმოდგენილი. გამონაკლისი კი მხოლოდ ახლანდელი ტურია, დროისა და ადგილის უკმარისობის გამო (ესპანეთში ლამის გადაება ტური ტურს) დღეს მხოლოდ სიმბოლური ნაკრებითა და სტატისტიკით შემოვიფარგლებით.

სათაურში ორი უცხოპლანეტელი ვახსენეთ - რა თქმა უნდა, ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოზე ვწერთ. აბა, ჩვეულებრივ მოკვდავს პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო საკლუბო პირველობაში 26 ტურში 27 გოლის გატანა როგორ უნდა შეეძლოს,
მესიმ და რონალდომ კი ეს მოახერხეს. თანაც, არც ერთი და არც მეორე არ არის "სუფთა" ფორვარდი, ორივეს მოედნის სიღრმიდან უყვარს შეტევა და შეუძლია კიდეც. მოკლედ, "რეალმა" კრიშტიანო რონალდოს +3 გოლის წყალობით, "ბარსასთან" ჩამორჩენა -3 ქულა გახადა, ანუ შვიდი.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა 26-ე ტურის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ლეო მესი მე-15-ედ მოხვდა ამ სეზონში, კრიშტიანო რონალდო კი - მე-12-ედ.

მეკარე
დანიელ არანსუბია (დეპორტივო): ზედიზედ მესამედ მოხვდა სიმბოლურში. რაც ალმერიაში ისტორიული გოლი გაიტანა, მეკარე დაფრინავს. ასე იყო "რეალთან" და ახლა "ოსასუნასთან" მატჩში.

მცველები
სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა): ითამაშა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, რაც კარლეს პუიოლის ტრავმითაა გამოწვეული. პედროს შემოსვლის შემდეგ კი ისევ ნახევარმცველობა ითავა. ორივე პოზიციაზე იყო დიდებული.

ადრიანო (ბარსელონა): დაცვაშიც იყოჩაღა და შეტევაშიც საკუთარ მარცხენა ფლანგზე, საგოლე პასის ავტორია.

ასიერ დელ ორნო (ლევანტე): ვალენსიელთა ბასკმა მცველმა ამ ტურში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

ნახევარმცველები
მანუ დელ მორალი (ხეტაფე): გაიტანა გოლი, რომელმაც "ხეტაფეს" მცირე მადრიდულ დერბიში საბოლოოდ ქულა მოუტანა.

ელიასი (ატლეტიკო): შეცვლაზე შევიდა და "ხეტაფეს" კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, სხვა მხრივაც მოედანზე საუკეთესო იყო.

ანხელ დი მარია (რეალი): "მალაგასთან" შეხვედრაში ანხელმა უბრალოდ კარგად კი არა (როგორც ჩვეულად თამაშობს) არამედ, ძალიან კარგად ითამაშა.

ბრუნო (ვილიარეალი): დღეისათვის, ბრუნო ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელია ესპანეთში, რაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

თავდამსხმელები
ლიონელ მესი (ბარსელონა): სეზონში 27-ე გოლი გაიტანა, თანაც "მესტალიაზე" და თან გადამწყვეტი, გამარჯვებისა.

კრიშტიანო რონალდო (რეალი): სამი გოლი გაიტანა "მალაგას" კარში. ეს მისი მე-4 ჰეთთრიკია სეზონში.

ლუიშ ფაბიანო (სევილია): ბრაზილიელი ბრწყინვალე ფორმაში ჩადგა და, სამწუხაროა, თუკი ის სეზონის ბოლოს პრიმერადივიზიონს დატოვებს.


ტოპ-10 "დონ ბალონის" შეფასებით
1. მესი ბარსელონა 23 177 7,70
2. რონალდო რეალი 26 188 7,23
3. როსი ვილიარეალი 24 173 7,21
4. ინიესტა ბარსელონა 26 187 7,19
5. ბ. ვალერო ვილიარეალი 24 171 7,13
6. კასორლა ვილიარეალი 25 177 7,08
7. დ. ალვეში ალმერია 26 183 7,04
8. ვილია ბარსელონა 25 168 6,72
9. არანსუბია დეპორტივო 20 134 6,70
10. ჩ. ალონსო რეალი 24 160 6,67.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული