ნაციონალისტი თუ ნაცისტი?
საიდუმლო არავისთვისაა კიეველი რომან ზოზულიას გამოკვეთილად პროუკრაინული შეხედულებები. საკმარისია, წაიკითხოთ მისი სოციალური ქსელები ან ინტერვიუები. და მაინც, ნაადრევია ნაცისტად მისი შერაცხვა.ალბათ, ეს სკანდალი არ მოხდებოდა, ზოზულია რომელიმე რუსულ კლუბში რომ გადასულიყო. მაშინ ის იტყოდა, რომ არ არის რუსი ხალხისა და რუსეთის წინააღმდეგი. უბრალოდ, არის იმ პოლიტიკის წინააღმდეგი,
სხვათა შორის, დაახლოებით ამას წერს ის "რაიოს" გულშემატკივრებისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც მოჰყვა აგორებულ საპროტესტო ტალღას. აღმოჩნდა, რომ ულტრასების ცოდნა ზოზულიას ცხოვრებისეულ გზაზე საკმარისი იყო, რათა მათ ფეხბურთელის მიმართ შეურიგებელი პოზიცია დაეჭირათ.
საქმე ისაა, რომ მადრიდთან ძალიან ახლოს მდებარე პატარა ქალაქი ვალეკასი, "ვალეკანოს" სამშობლო, ისტორიულად სოციალისტური, მემარცხენე რაიონია. ადრე ის კედლად იდგა ფრანკოს რეჟიმის მებრძოლების წინააღმდეგ, დღეს კი ეს ადგილი ესპანელ ანტიფაშისტთა გულია. ძალიან ბევრი რადიკალი გულშემატკივართა კლუბის წევრია. ამდენად, მათთვის სულ ერთია, ნაცისტი ხარ შენ თუ ნაციონალისტი.
ბანდერას პორტრეტთან ფოტოსათვის...
ზოზუალიასთან დაკავშირებული გაუგებრობა მაშინვე დაიწყო, როცა იგი "ბეტისში" გადავიდა და სევილიაში ჩაფრინდა. თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხბურთელი უკრაინის გერბიანი მაისურით ჩავიდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ ეს არის ერთ-ერთი ფაშისტური ორგანიზაციის გერბი. მოგვიანებით გამოცემამ ბოდიში მოიხადა და სტატიაც აიღო, მაგრამ უკრაინელი ფეხბურთელის მიმართ საზოგადოების ყურადღება მნიშვნელოვნად გაიზარდა. დანარჩენი ზოზულიას მოქალაქეობრივმა აქტიურობამ გააკეთა. ის ფინანსურად ეხმარება უკრაინულ არმიას, სტუმრობს მოხალისეთა ბატალიონებს და ასე შემდეგ. აქვს ფოტო ბანდერას პორტრეტთან.
როდესაც "რაიო ვალეკანოს" ხელმძღვანელობა შეეცადა, რომ მღელვარება ოდნავ მაინც ჩაეცხრო, კლუბის გულშემატკივართა ერთმა ნაწილმა მოამზადა სპეციალური ბანერი, სადაც ყველაფერი ეს "გამოფენილი" იყო. ამავე დროს, ეს იყო პასუხი იმ წერილზე, რომელიც ზოზულიამ გულშემატკივრებს მისწერა.
ზოზულია თავიდანვე დიდ წნეხში მოექცა. მას პოლიციის კორდონის დახმარებით მოუხდა კლუბის საწვრთნელი ბაზის დატოვება. ვარჯიშის მსვლელობის დროს კი ყველამ წაიკითხა წარწერა ბანერზე: "ვალეკესი არ არის ადგილი ნაცისტებისათვის. პრესა (კლუბის პრეზიდენტი), არც შენთვის. წადი!"
როცა ყველა ზარალშია
საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა პრესამ პრესს ვერ გაუძლო. საიჯარო ხელშეკრულება მასზე ხელის მოწერიდან 24 საათის შემდეგ გაუქმდა. მართალია, ამას გაგებით შეხვდნენ "ბეტისში", მაგრამ ზარალი მაინც ორივე გუნდმა ნახა. "რაიოს" იმიჯი შეირყა, "ბეტისმა" კი ფინანსური თვალსაზრისით იზარალა. თავად ზოზულია კი ნახევარი წლით უფეხბურთოდ დარჩა, "ბეტისმა" ხომ მის გარეშე შეავსო განაცხადი.რომან ზოზულია არასოდეს ყოფილა "ტკბილი და მურაბა" ფეხბურთელი. ის ხშირად უწყრება მსაჯებს, მის მიერ გატანილ გოლებს მეომრებს უძღვნის, დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" თამაშის დროს მას ამისთვის, უბრალოდ, აღმერთებდნენ.
რაიო: დაბრუნდი!
"რაიო ვალეკანოს" ხელმძღვანელებმა ფეხბურთელს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს და კლუბში დაბრუნება სთხოვეს. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც "რაიოს" ხელმძღვანელობა ესპანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, რაულ რუბიალესს შეხვდა. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ესპანეთის პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი და თავად ზოზულია.ფეხბურთელს უსაფრთხოების გარანტიები და "რაიოში" თამაში შესთავაზეს. თუ ის ამას არ გააკეთებს, უახლოეს მომავალში ვერც "ბეტისში" ითამაშებს და ექვსი თვის განმავლობაში უფეხბურთოდ მოუწევს ყოფნა.
რაიოს ფანატების არ მეშინია, მაგრამ...
საინტერესოა, რას ფიქრობს შექმნილი სიტუაციის თაობაზე თავად ზოზულია. აი, მისი კომენტარიც."მე არ მეშინია "რაიო ვალეკანოს" გულშემატკივრების. ძალიან მინდოდა, რომ ამ გუნდს დავხმარებოდი და საწყენია, ყველაფერი ასე რომ აეწყო. გუშინ შევხვდი ესპანური ლიგისა და ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელებს. შეხვედრაზე მე შემომთავაზეს ორი ვარიანტი. პირველი, ესაა "რაიოში" დაბრუნება, სადაც მე და ჩემი ოჯახი თავს ვიგრძნობთ უსაფრთხოდ. მე ვიკითხე, ხომ არ ექნება პრობლემა ჩემს შვილს, რომელიც დადის სკოლაში. ამ კითხვაზე მიპასუხეს, რომ არა. მეორე ვარიანტი "ბეტისში" დაბრუნებაა, მაგრამ მე იქ არ მექნება თამაშის საშუალება, მხოლოდ ვივარჯიშებ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს ფეხბურთს და ოჯახს შორის, მე ოჯახს ავირჩევ. მე არავისი მეშინია, მათ შორის, არც ულტრასების, მაგრამ მე ოჯახი მყავს.
როცა "რაიოში" მოვედი, გულშემატკივრების შეურაცხყოფა დამბრალდა. მე მზად ვიყავი, პირადად შევხვედროდი მათ და ყველა კითხვაზე მეპასუხა. მე უკრაინული არმიის მხარდაჭერაში მადანაშაულებენ. ისინი კი მეორე მხარეს უჭერენ მხარს, რომელიც დონბასში საომარ მოქმედებებს აწარმოებს. მე მათთვის მხოლოდ იმიტომ გავხდი ფაშისტი, რომ უკრაინის არმიას დავუჭირე მხარი ტერორისტებთან ბრძოლაში. მე ვეცადე, მათთვის დამემტკიცებინა, რომ ფაშისტი არ ვარ. ასეთი რამ ესპანეთში რომ მოხდეს, მჯერა, ბევრი აიღებს ხელში იარაღს სამშობლოს დასაცავად. ხალხი ტანსაცმლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე რომ დარჩეს, ბევრი ესპანელი დაეხმარებოდა მათ, რადგან ისინი თავიანთ სამშობლოს იცავენ", - თქვა ზოზულიამ.
შევჩენკო: რომან ზოზულია პოლიტიკური ინტრიგების ტყვეა
შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა რომან ზოზულიას მწვრთნელი უკრაინის ეროვნულ ნაკრებში, ანდრეი შევჩენკო."ჩვენ, უკრაინის ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეშფოთებულები ვართ იმ სიტუაციით, რომელიც შეიქმნა ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, რომან ზოზულიას გარშემო. ის ჩვენთვის იყო და რჩება შესანიშნავ პარტნიორად, დიდებულ ადამიანად.
ზოზულიასადმი ბრალდებები პროვოკაციული ხასიათისაა. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ უკრაინის ინტერესების სადარაჯოზე. ის პოლიტიკური ინტრიგების ტყვეა და ეს დაუშვებელია, თუ მივიღებთ მხედველობაში საყოველთაოდ აღიარებულ საფეხბურთო ნორმებს.
კომპეტენტური ორგანოებისაგან სიტუაციის შეფასებას ვითხოვთ. გვაქვს იმედი, რომ რომანი წარმატებით განაგრძობს კარიერას როგორც კლუბში, ისე უკრაინის ნაკრებში", - განაცხადა შევჩენკომ.
ჩვენ ყველანი ზოზულიები ვართ!
"ბეტისის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა კლუბის ფეხბურთელების განცხადება, რომელშიც ისინი ზოზულიას მხარს უჭერენ."ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ჩვენმა პარტნიორმა, რომან ზოზულიამ გადაიტანა. ეს იყო მისი საზოგადოდ გასამართლება ლინჩის წესით. ეს იმის მიუხედავად, რომ ის უნაკლოდ იქცეოდა ჩვენს გუნდში მოსვლის შემდეგ. ჩვენ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ ვიზიარებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი უკავშირდება ცრუ ინფორმაციას იმ საფეხბურთო მაისურის თაობაზე, რომლითაც ის ჩამოვიდა ესპანეთში.
ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. ლა ლიგის იმიჯმა არ უნდა მიიღოს დარტყმა იმ ხალხისგან, ვისაც არ ესმის ჩვენი თამაშის ფასეულობები. ბოლომდე ვუჭერთ მხარს რომანს და მის ოჯახს. ჩვენ ყველანი ზოზულიები ვართ", - ნათქვამია განცხადებაში.
და მაინც, თუ სასწაული არ მოხდა, ზოზულია ზაფხულამდე მხოლოდ ვარჯიშს დასჯერდება "ბეტისში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"