კაცი, რომელმაც "სევილიას" ორი მილიარდი ევრო მოაგებინა

AutoSharing Option
რამონ როდრიგეს ვერდეხოს სახელით არავინ იცნობს. სამაგიეროდ, "სევილიას" გულშემატკივრები დღემდე აღმერთებენ მონჩის. სპორტულ დირექტორს, რომელიც გუნდში 2000 წლიდან მუშაობს. ცოტა ხნის წინ გაცხადდა, რომ მონჩი "სევილიას" ტოვებს და კარიერას "რომაში" გააგრძელებს.

მისი გამოთხოვება კლუბის გულშემატკივრებთან ერთი დიდი ემოციური შოკი იყო. მონჩი "სევილიას" "სანჩეს პისხუანზე" ანტონიო პუერტას მაისურით გამოვიდა...

ვინ არის ჩინოსანი, ვისი წასვლაც გულშემატკივრებმა ასე მწარედ განიცადეს?
მას უწოდებენ თანამედროვე "სევილიას" შემქმნელს და ყველაზე წარმატებულ სპორტულ დირექტორს ესპანეთში. 1990-2000 წლებში მონჩი "სევილიას" მეორე მეკარე იყო, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ
კი კლუბის წარმომადგენელი გახდა. ამ თანამდებობაზე მან სულ რამდენიმე თვე იმუშავა და იმავე 2000წელს გახდა კლუბის სპორტული დირექტორი.

რა გააკეთა მან "სევილიისათვის"?
მონჩის სახელს უკავშირდება გუნდის ყველა წარმატება და მოპოვებული ტიტული 21-ე საუკუნეში. 17 წლის განმავლობში ანდალუზიურმა კლუბმა 9 ტიტული მოიგო: ხუთჯერ იმარჯვა უეფას თასზე, ორჯერ მოიგო ესპანეთის სამეფო თასი, თითოჯერ კი დაინადავლა ქვეყნისა და ევროპის სუპერთასები."სევილიამ" მეოცე საუკუნეში მხოლოდ ოთხი თასი მოიგო და ბოლო ტიტული სულაც 1948 წლით თარიღდება.

როდესაც მონჩიმ აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ წლების განმავლობაში გუნდი 17 ფინალს ითამაშებდა. ახალი სპორტული დირექტორის წინაშე კონკრეტული ამოცანები იდგა: გაეფართოვებინა საკლუბო აკადემია, გაეზარდა შინაური ვარსკვლავები და ჩამოეყალიბებინა სკაუტების სისტემა. ოთხ წელიწადში "სევილია" ევროთასებზე მუდმივად მოთამაშე გუნდად იქცა და ყოველივე ამას განსაზღვრული ფინანსებით მიაღწია.

იყიდე იაფად და გაყიდე ძვირად - ეს იყო მონჩის სევილიური საქმიანობის მთავარი პრინციპი. მხოლოდ მსხვილი საქმეები რომ ჩავაგდოთ სათვალავში, "სევილიამ" მისი მოღვაწეობის ჟამს ორ მილიარდ ევრომდე იშოვა.

ფეხბურთელები ჯერ "სევილიას" შემადგენლობაში იგებდნენ ჯილდოებს, მერე კი ძვირად იყიდებოდნენ და ავსებდნენ კლუბის სალაროს.

"სევილიას" საფეხბურთო აკადემიამ გამოუშვა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ხოსე ანტონიო რეიესი, სერხიო რამოსი, დიეგო კაპელი, ხესუს ნავასი, ანტონიო პუერტა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 700 სკაუტი ეძებდა ტალანტებს გუნდისათვის და პოულობდა გრანდებზე ადრე, დანი ალვეში, ფრედერიკ კანუტე, ადრიანო, ივან რაკიტიჩი, სეიდუ კეიტა, კარლოს ბაკა - ყველა ეს ფეხბურთელი სწორედაც რომ მონჩიმ აღმოაჩინა.

იმის მიუხედავად, რომ მონჩი სრულ კონტროლს ფლობდა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე, მას არასოდეს ჰქონია კონფლიქტი არც ერთ მწვრთნელთან. "სევილიაში" დასაქმებული ნებისმიერი სპეციალისტი აღნიშნავდა, რომ მონჩისთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნება იყო.

რაც მთავარია, მონჩის მოღვაწეობის ხანაში "სანჩეს პისხუანს" გამუდმებით ტოვებდნენ ლიდერები, მონჩი კი რაღაც მანქანებით, მაინც პოულობდა მათ შემცვლელებს და ახერხებდა, რომ გუნდი ესპანურ და მსოფლიო ფეხბურთში ანგარიშგასაწევ ძალად დარჩენილიყო.

წარუმატებლობები
რა თქმა უნდა, მონჩისაც ჰქონდა ჩავარდნები. მაგალითად, არუნა კონე. ერთი ხანობა, გუნდში ნეგრედოს მოსვლამდე სწორედ ის იყო კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი (12 მილიონი). სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კოტდივუარელს ხელი ტრავმებმაც შეუშალეს.

ჩაფლავებულ ტრანსფერებს უნდა მივაკუთვნოთ აკივალდო მოსკერასა და ერნესტო ჩევანტონის ტრანსფერები. ვერ გაამართლა არგენტინელმა შემტევმა ლაუტარო აკოსტამ, ვინც "სევილიაში" ყოფნის პერიოდში ძალიან ხშირად იყო ტრავმირებული და ოთხი წლის განმავლობაში მინდორზე სულ 1000 წუთი გაატარა. არადა, მასში კლუბმა 7 მილიონი ევრო გადაიხადა.

ათი ყველაზე დიდი საქმე
თავად მონჩი სამ ფეხბურთელს გამოყოფს იმათგან, ვისთანაც სხვადასხვა დროს "სევილიაში" უმუშავია. ესენი არიან დანი ალვეში, ლუის ფაბიანო და ფრედერიკ კანუტე. თითოეულმა "სანჩეს პისხუანზე" ხუთ წელზე მეტი გაატარა და ადგილობრივი პუბლიკის კერპი გახდა.

მონჩის პირველი დიდი ტრანსფერი 2004 წლის იანვარში განხორციელდა. ლონდონის "არსენალმა" 20 წლის ხოსე ანტონიო რეიესში 30 მილიონი ევრო გადაიხადა. სანამ "ემირეითსზე" მესუთ იოზილი და ალექსის სანჩესი არ გამოჩდნენ, ეს იყო "მეთოფეთა" უძვირესი ტრანსფერი.

რვა წლის მერე რეიესი მშობლიურ გუნდში 3,5 მილიონ ევროდ დაბრუნდა და საერთო ჯამში ამ შესანიშნავ ფეხბურთელში "სევილიამ" 26,5 მილიონი ევრო მოიგო.

2003 წლის ზაფხულში "სევილიამ" "სან პაულუს" 3 მილიონი ევრო გადაუხადა ჟულიო ბაპტისტაში. ორი სეზონის განმავლობაში მან 50 გოლი გაიტანა. 2005 წელს ის 20 მილიონად წაიყვანა "რეალმა". კლუბმა 17 მილიონის სარგებელი ნახა.

"სამეფო კლუბი" "სევილიას" და მონჩის დღემდე ემადლიერება სერხიო რამოსისათვის. 19 წლის სევილიელი "რეალს" 27 მილიონი ევრო დაუჯდა. შესაბამისი სარგებელი მიიღო საკუთარი აკადემიის აღზედილში გუნდმა. სამი წლის შემდეგ მონჩიმ კლუბის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გააკეთა. მან "ბარსელონაში" 30 მილიონ ევროდ გაყიდა დანი ალვეში. თავის დროზე, ბრაზილიელი ანდალუზიურ კლუბს 1,2 მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდა.

დადგა 2013 წელი და "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა კვლავ გაყიდა რამდენიმე ფეხბურთელი, რაშიც 83 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მათ შემცვლელები მალე უპოვა კევინ გამეიროსა და ვისენტე იბორას სახით.
20 მილიონი გადაიხადა "სიტიმ" ხესუს ნავასში. იქვე წავიდა კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელი, ალვარო ნეგრედო, ვინც "სევილიაში" გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში 85 გოლი გაიტანა.

მოვიდა დრო და "ბარსელონამ" 18 მილიონი ევრო გადაიხადა ივან რაკიტიჩში. ამდენივე გადაიხადა "ლივერპულმა" ახალგაზრდა მცველში, ალბერტო მორენოში. მონჩის დიდ საქმეებში უნდა გავიყვანოთ კარლოს ბაკასა და ალეიშ ვიდალის ტრანსფერები.

ახლა ვცადოთ და შევადგინოთ იმ ფეხბურთელების ნაკრები, რომლებიც მონჩიმ აღმოაჩინა და მერე გზა გაუკაფა დიდ ფეხბურთში. ამ სიაში ვერ ვპულობთ მეკარეს, ამიტომ კარში თავად ძველი კიპერი დავაყენოთ.

სიმბოლური კი ასეთია: მონჩი, ვიდალი, სერხიო რამოსი, დანი ალვეში, მორენო, ბაპტიშტა, რაკიტიჩი, რეიესი, ხესუს ნავასი, ბაკა, ნეგრედო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული