ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალის შემდეგ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია რობინ ვან პერსის გაძევებამ. შესაძლოა, მასიმო ბუსაკა შეცდა, როცა ჰოლანდიელს სასტვენის შემდეგ განზრაც დარტყმა დააბრალა (სავსებით შესაძლებელია, რომ გადატენილ "კამპ ნოუზე" რობინმა სასტვენის ხმა საერთოდ ვერ გაიგო) და მეორე ყვითელი ბარათი მისცა, მაგრამ ნაკლებად გვჯერა, რომ სწორედ ამ მომენტმა დაღუპა "არსენალი", როგორც ამას დამარცხებულთა ბანაკში აცხადებენ. მართალია, მსაჯის მეტისმეტმა სიმკაცრემ ინგლისელთა არგუმენტებს ლოგიკური სახე შესძინა, მაგრამ, ვეჭვობთ, რომ ლონდონური კლუბი მაშინ კი არა, თამაშის წინ გაიწირა, როცა მარბიელ "ბარსელონას" უკიდურესად "მშიშარა" დაცვითი
"ბარსას" სტატისტიკური "ზვავის" ნახვის შემდეგ, კიდევ უფრო გვიმძაფრდება ეს შთაბეჭდილება:
თამაშში ბურთი ზუსტად 56 წუთის განმავლობაში იყო, აქედან 42 წუთს ბურთს "ბარსა" ფლობდა და მხოლოდ 14 წუთს "არსენალი".
პროცენტული მაჩვენებლებით ეს 75%-ია მასპინძელთა სასარგებლოდ.
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა გააკეთეს 798 ზუსტი პასი, სტუმრებმა მხოლოდ 204.
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა 19-ჯერ შეუტიეს სტუმართა კარს, "არსენალისამ" კი მხოლოდ ერთხელ და ისიც სერხიო ბუსკეტსმა "იყოჩაღა".
"არსენალთან" თამაში საიუბილეო იყო ანდრეს ინიესტასთვის. კრეატიული ნახევარმცველი, რომელიც მაისში 27 წლისა შესრულდება, 350-ედ გამოვიდა მინდორზე "ბარსელონას" მაისურით (ცხადია, მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში), ამავდროულად ეს შეხვედრა მისთვის 50-ე იყო ჩემპიონთა ლიგაში. სწორედ, ინიესტას დროულმა და ბრწყინვალე პასმა გარკვეულწილად გარდატეხა შეიტანა ამ დაპირისპირებაში. აქვე დავამატებთ, რომ მესის პირველ გოლშიც მას მიუძღვის წვლილი. მიუხედავად ამისა, ინიესტა, როგორც ყოველთვის, მოკრძალებულია:
"უპირველესად გუნდის ინტერესია მთავარი, გუნდმა კი კარგად ითამაშა", - განაცხადა "ბარსა ტვ-ში", პროგრამა "ელ მარკადორში" სტუმრად მიწვეულმა ანდრესმა - "ჩვენ ვართ იქ, სადაც გვსურდა ყოფნა - ლიგის მეოთხედფინალში. ახლა კი იწყება ყველაზე მძიმე დროება, მძიმე მაგრამ საუკეთესო. რა თქმა უნდა, ამასაც ველოდით, თითქმის ყოველი გუნდი, რომელიც "კამპ ნოუზე" თამაშობს, ამასვე აკეთებს. მაგრამ მაინც გვეგონა, რომ "არსენალი" სულ სხვაა, თუმცა მატჩის ძირითად დროს მეტოქე 6 მცველით იცავდა თავს, კვარტეტს ნასრი და როსიცკი მიამატეთ. როცა გაგვიტანეს, ტაბლოს შევხედე და დავწყნარდი, ჯერ კიდევ დიდი დრო რჩებოდა, ჩვენ კი ყველაფრის შეცვლა შეგვეძლო. და რაც მთავარია - ჩვენი ფანები ძალიან დაგვეხმარნენ მაშინ, როცა ყველაზე მეტად გაგვიჭირდა". სხვათა შორის, "ბარსელონას" ოფიციალური მონაცემებით თამაშს 95 486 ადამიანი დაესწრო...
ამ შეხვედრამ საკლუბო ფეხბურთის წლევანდელ სეზონში ჯერჯერობით ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში. მსოფლიო პრესა ხოტბას ასხამს "ბარსას" დიდებულ თამაშს და ლეო მესის გენიას (განსაკუთრებით პირველი გოლის გატანისას ბურთის დამუშავებისთვის).
მოწინავე ფრანგული სპორტული გაზეთი "ეკიპი" პირველ გვერდზე გვთავაზობს ამ თამაშის კადრს (მესის პირველი გოლი) სათაურით "ყოველგვარი ეჭვის გარეშე". იქვე განმარტებულია, რომ, როცა ერთი გუნდი კარისკენ 19-ჯერ ურტყამს, მეორე კი საერთოდ ვერა, დისკუსიას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
ბუნებრივია, აღტაცებულნი იყვნენ კატალონიური გაზეთები: "ერთი ნაბიჯი უემბლისკენ" ("მუნდო დეპორტივო"), "დიდებული ბარსა" ("სპორტი") და "აი, ეს არის ფეხბურთი" ("ელ 9 ესპორტიუ"). მადრიდული პრესა კი მაინც "იკბინება": "სუპერმესიმ გზა გაუკვალა "ბარსელონას", რომელმაც ისევ 10 კაცის წინააღმდეგ ითამაშა" ("მარკა"). "ბარსელონას გამოფენა ვან პერსის გაძევების შემდეგ დაიწყო" (ას).
"ბარსელონა"-"არსენალს" ესპანეთის ტერიტორიაზე თVE გადასცემდა, რომლის მაყურებელთა რიცხვი 10 მილიონი ტელემაყურებელია, ამ თამაშს მათმა 47,4%-მა უყურა. ესპანეთში ჯამში ამ თამაშს 18,8 მილიონმა ადამიანმა უყურა.
აბა "ბარსა" რეკორდის გარეშე ხომ არ დარჩებოდა - ამ გამარჯვებით კატალონიური კლუბი ზედიზედ მე-4-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ამ შედეგის გამეორება ახლა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალუძს. ბოლო ოთხ სეზონში ლეო მესიმ ყველა მერვედფინალურ დაპირისპირებაში (და არა მატჩში) გაიტანა, სულ მის ანგარიშზეა 7 გოლი ლიგის ამ ეტაპზე.
ლეოს პირველი გოლი "არსენალის" კარში მე-900 იყო "ბარსელონას" ოფიციალურ საერთაშორისო მატჩებში. ასეთ შედეგს "ბლაუგრანამ" სულ რაღაც 479 თამაშში მიაღწია. ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით გუნდმა ჯერ 69 საერთაშორისო გოლი გაიტანა. მე-800 გოლი რაფა მარკესის ანგარიშზეა, რომელიც მექსიკელმა მცველმა 2006 წელს შეაგდო.
ახლა ერთი-ორი სიტყვით იმ სატრანსფერო სპეკულაციებზეც დავწეროთ, რომელიც "ბარსელონასაც" ეხება. თუმცა მანამდე ერთ სიახლეს გაგაცნობთ, რომელიც ოფიციალურმა წყარომ უკვე დაადასტურა - "ბარსელონა" მზადაა ფრანგ მცველ ერიკ აბიდალს კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზოს. "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ რადიოსადგურ "ონას" განუცხადა, რომ კლუბი აბიდალს 2013 წლამდე კონტრაქტის გაგრძელებას შესთავაზებს: "მისი პროგრესია აშკარაა, აბიდალი აქამდე თუ კარგი ფეხბურთელი იყო, ახლა უბრალოდ ბრწყინვალეა". 31 წლის მცველი "ბარსელონაში" 2007 წელს "ლიონიდან" მოხვდა. მის ანგარიშზე უკვე 100-ზე მეტი თამაშია "ბლაუგრანა" ფორმით.
"სქაისპორტსი" გვარწმუნებს, რომ მალე "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთმანეთს სატრანსფერო ფრონტზე შეიძლება შეასკდნენ ერთმანეთს. ორივე გრანდს თვალი "ბეშიქთაშის" 16 წლის ტალანტ მუჰამედ დემირჩისთვის დაუდგამს. დემირჩის, არც მეტი არც ნაკლები, თვით ლიონელ მესის ადარებენ! სხვათა შორის, მან ახლახან გააფორმა და მთავარ გუნდშიც პირველად 3 მარტს ითამაშა. ამბობენ, რომ სეზონის დასრულებისთანავე "ბარსას" ფორვარდი ნოლიტო (მანუელ აგუდო დურანი) დატოვებს. 24 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადი ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ნოლიტომ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა ამ სეზონში კლუბის სარეზერვო გუნდში, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა მომავალ სეზონში ნოლიტოს პირველ გუნდში გადაყვანასაც აპირებდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა ამ ყველაფერზე უარი თქვა. ნოლიტო 2008 წლიდან კატალონიაშია, რამდენიმე თვის წინათ მისით ლისაბონის "ბენფიკა" დაინტერესდა. ზაფხულში მას შესაფერისი ესპანური კლუბის გამოძებნა, წესით, არ უნდა გაუჭირდეს.