დღევანდელ ჩვენს წერილში გავაანალიზებთ იმ სატრანსფერო პოლიტიკას, რომელიც კლუბმა ლუის ენრიკეს მთავარ მწვრთნელად მისვლის შემდეგ აწარმოა.
2014/15 წლების სეზონი
მივიდნენ: ლუის სუარესი (81 მილიონი ევრო), ჟერემი მატიო (20), ტომას ვერმაელენი (19), ივან რაკიტიჩი (18), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (12), კლაუდიო ბრავო (12), დუგლასი (4 ).
წავიდნენ: ალექსის სანჩესი (42,5), სესკ ფაბრეგასი (33 ), კრისტიან ტელიო (3), ბოიან კრკიჩი (1,5), ჯონათან დოს სანტოსი (1,5), კეირისონი, ისააკ კუენკა (უფასოდ).
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის
ყველაზე გამორჩეული ტრანსფერი იყო ლუის სუარესის გუნდში მიყვანა, რომელიც ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას იხდიდა მორიგი ვამპირული აქციისათვის. უკვე სეზონის ბოლოს ცხადი გახდა, რომ სუარესის ტრანსფერმა გაამართლა. ასევე გაამართლა რაკიტიჩის გადაბირებამ იმ თანხასთან შედარებით, რომელიც ხორვატში იყო გადახდილი.
კარგად გადაწყდა მეკარის საკითხი. თავგადასავლების მაძიებელი ვიქტორ ვალდესის ნაცვლად გუნდმა იყიდა გამოცდილი კლაუდიო ბრავო და ახალგაზრდა ტერ შტეგენი. სამაგიეროდ, შეცდომა აღმოჩნდა ცენტრალური მცველების, მატიოსა და ვერმაელენის ყიდვა. ამ ტრანსფერების მიუხედავად, დაცვის ცენტრში უალტერნატივოდ დარჩა პიკე-მასკერანოს წყვილი. დუგლასზე კი კატალონიაში სულაც ანეკდოტები შეთხზეს.
2015/16 წლების სეზონი
მივიდნენ: არდა თურანი (34 მილიონი ევრო), ალეიშ ვიდალი (17).
წავიდნენ: პედრო (27), ჟერარდ დეოლოფეუ (6), დენის სუარესი (4), მარტინ მონტოია (1,3), ჩავი, იბრაჰიმ აფელაი (უფასოდ).
აქ ყველაფერი კიდევ უფრო ცუდადაა. თურანმა და ვიდალმა კარიერის ექვსი თვე შესწირეს "ბარსელონაში" მოხვედრას. მათში "ბარსელონამ" სოლიდური თანხა გადაიხადა, სარგებელი კი თითქმის ვერ მიიღო. ვიდალმა ჯერ ვეტერან დანი ალვეშთან წააგო კონკურენცია, მერე კი სერხი რობერტოსთან და სათადარიგოთა სკამზე დაფუძნდა. არდა კი საერთოდ აიჭრა მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიოსთან კონკურენციისას. არავინ იცის, რატომ შეაჩერა "ბარსამ" არჩევანი ამ ფეხბურთელებზე, როცა გუნდში გადასვლის სურვილით იწვოდნენ ფილიპე კოუტინიო და ექტორ ბელერინი.
ამასთან ერთად, "ბარსელონა" საკუთარი აკადემიის რამდენიმე აღზრდილს დაშორდა. ეს იმის ირიბი მინიშნება იყო, რომ მათზე აქცენტი ამიერიდან შედარებით იშვიათად გაკეთდებოდა. ფაბრეგასის შემდეგ "ჩელსიში" პედროც გადავიდა. "ევერტონში" წავიდა დეოლოფეუ, ვინც ახლაც კატალონიური კლუბის სამიზნეშია.
2016/17 წლების სეზონი
მივიდნენ: ანდრე გომეში (35 მილიონი ევრო), პაკო ალკასერი (30), სამუელ უმტიტი (25), ლუკა დინი (16,5), იესპერ სილესენი (13), დენის სუარესი (3,25)
წავიდნენ: კლაუდიო ბრავო (18), მარკ ბარტრა (8), ალენ ჰალილოვიჩი (5), ადრიანი (600 ათასი ევრო), დანი ალვეში, მუნირი (უფასოდ).
არავინ იცის, რას ერჩოდა ლუის ენრიკე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მეკარე კლაუდიო ბრავოს, ვინც "სიტიში" გადასვლის შემდეგ ყველასათვის დასაცინ პერსონაჟად იქცა. გარდა ამისა, მეკარის პოზიციაზე მან მიიყვანა ახალგაზრდა, მაგრამ საშუალო მონაცემების მქონე სილესენი.
"ბარსელონამ" 65 მილიონი ევროთი გაამდიდრა "ვალენსია", იყიდა რა ამ გუნდისგან ანდრე გომეში და პაკო ალკასერი. ისინი ახლოსაც ვერ მიდიან "ბარსელონას" სათამაშო დონესთან. არავინ იცის, რატომ გადაიხადა ამხელა ფული კლუბმა იმ ფეხბურთელებში, რომელთაგან ერთმა მხოლოდ ერთი ნორმალური სეზონი ჩაატარა პრიმერაში, მეორე კი ვერაფრით სჯობდა "ბარსას" აღზრდილ მუნირს. შედარებით გაამართლა უმტიტის ტრანსფერმა.
შედეგი
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იოჰან კრუიფმა ჩაყარა საფუძველი, რომლითაც "ბარსელონა" წლების განმავლობაში თამაშობდა. "ლა მასიას" აღსაზრდელები იმავე სქემას იყენებდნენ, რასაც ძირითადი გუნდის ფეხბურთელები. აქცენტი ძირითად გუნდში ამ ბიჭებზე კეთდებოდა და ახალწვეულები მხოლოდ და მხოლოდ ავსებდნენ "ბარსელონას".
დღეს "ბარსა", ბევრი სხვა კლუბის მსგავსად, ბიზნესმანქანად იქცა. ასეთ ვითარებაში კი ძნელია, შეცდომები არ დაუშვა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"