დიდი ტრანსფორმაცია: როგორ იქცა კრიშტიანო ვინგერიდან მკვლელ ცხრა ნომრად

AutoSharing Option
"მე არ ვიცი, ვის შეაქვს ჩემში ეჭვი. ერთი რამ ვიცი: ვისაც უყვარს კრიშტიანო, მას არასოდეს აწუხებს ეჭვები", - ასე თქვა კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიის დასრულების შემდეგ, რომელშიც საერთო ჯამში, მან ხუთჯერ შეარხია მანუელ ნოიერის კარის ბადე. მეკარისა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

ზოგიერთი მის ამ გამონათქვამს დაეთანხმება, ზოგიც ყურადღებას ისევ მსაჯის შეცდომებზე გაამახვილებს და კვლავ ჩათვლის, რომ სწორედ არბიტრი დაეხმარა "რეალს" "რეკორდმაისტერის" ძლევაში. არგუმენტები ორივე მხარეს აქვს.

აი, სამშაბათ საღამოს კი საეჭვო არაფერი ყოფილა "სანტიაგო ბერნაბეუზე". მორიგი
დიდი მატჩი დიდ გუნდთან, მორიგი მსოფლიო კლასის მეკარე, იან ობლაკი და რონალდოს მორიგი ჰეთ თრიკი. საინტერესოა, რომ ეს იყო 42-ე ჰეთ თრიკი კრიშტიანოს რვაწლიან მადრიდულ კარიერაში. სულ კრიშტიანოს 103 გოლი მოუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე. ეს იმ დროს, როცა "ატლეტიკოს" მხოლოდ ასი ბურთი აქვს გატანილი.

32 წლის სუპერვარსკვლავმა ერთხელაც წარმოაჩინა თავი, როგორც ყოვლის წამლეკავმა ტაიფუნმა.

რა თქმა უნდა, ასაკი მაინც თავისას შვრება. შეიძლება, დღეს კრიშტიანო აღარ არის ძველებურად სწრაფი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ფიზიკურად უჭირს. ახლა საქმე ისე აღარ არის, როგორც რამდენიმე წლის წინ, როცა კრიშტიანო ბამბუკის ჯოხებივით ექცეოდა მოწინააღმდეგის მცველებს, მაგრამ პორტუგალიელის თამაშში იკვეთება სხვა, მეტად საინტერესო შტრიხები. ზინედინ ზიდანის მისვლამდე "რეალში" მისი როლი იყო მარცხენა ვინგერი.

მას შეეძლო, სხვა პოზიციებზეც ეთამაშა. გვინახავს ის მარჯვნივ და ცენტრფორვარდად, მაგრამ ძირითადად მაინც მარცხენა შემტევი გახლდათ.

ის ითვლებოდა ვინგერად, მაგრამ უფრო და უფრო ხშირად მიიწევდა ცენტრისაკენ. ამ დროს გარკვეული პრობლემები იქმნებოდა დაცვაში. შეტევაში დიდებული იყო მარსელო, მაგრამ უკან ყოველთვის როდი ასწრებდა, გარეთ ბეილი კი მთლად დამაჯერებელი ვერ იყო დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. არც რონალდო იყო დაცვაში იდეალური.

ახლა ზიდანი უპირატესობას 4-3-3 სქემის ნაცვლად კლასიკურ 4-4-2 განლაგებას ანიჭებს. კრიშტიანო ერთ-ერთია ორი თავდამსხმელიდან. ეს მას საშუალებას აძლევს, შედარებით გათავისუფლდეს დაცვითი სამუშაოსაგან.

ახლა მას შეუძლია, საჯარიმოში ითამაშოს და ბოლომდე გამოიყენოს ის უდიდესი საგოლე ალღო, რომელიც აქვს. რონალდოს ჯერ კიდევ აქვს იმის სისწრაფე, რომ ერთ ან ორ მოწინააღმდეგეს თავისუფლად გასცდეს, მაგრამ უფრო სახიფათოა ის მოწინააღმდეგის საჯარიმოში, როცა "რეალის" დიდებული ნახევარმცველების მიერ განვითარებული შეტევა მოწინააღმდეგე გუნდისათვის ლეტალურ ფინიშს ითხოვს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, ჰეთ თრიკი რომ შევასრულე და "რეალში" მე-400 გოლი გავიტანე", - თქვა თამაშის შემდეგ კრიშტიანომ. მან ციფრი 400 კი ახსენა, მაგრამ ოფიციალურად მის ანგარიშზე "სამეფო კლუბში" 399 გატანილი ბურთია. შეუსაბამობა "რეალ სოსიედადთან" მატჩის შემდეგ მოდის, რომელიც 2010 წელს გაიმართა. გოლი, რომელიც კრიშტიანოს ანგარიშზე უნდა ჩაწერილიყო, მის მეგობარს, თანამემამულესა და თანაგუნდელს, პეპეს ჩაეთვალა.

კრიშტიანომ რვა გოლი შეაგდო ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში. სულ მის ანგარიშზე მიმდინარე ლიგაში 10 გოლია. ლა ლიგაში გამართულ 26 შეხვედრაში მან ოცჯერ გაიტანა. რონალდოს ყოველთვის უნდოდა, რომ ყველა თამაში ჩაეტარებინა, მაგრამ ის ახლა კარგად ხვდება, რომ თუ, ვთქვათ, გასვლაზე ითამაშებს "სპორტინგთან", მაშინ ის შეიძლება ვეღარ იყოს დომინანტი "ატლეტიკოსთან" უმნიშვნელოვანეს მატჩებში.

Sportall.Ge

"ხანდახან მან უნდა დაისვენოს. კრიშტიანო ინტელიგენტია და მას ეს კარგად ესმის. რა თქმა უნდა, დროს ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ რონალდომ ისწავლა, თუ როგორ უნდა შეანელოს მისი მსვლელობა", - ამბობს ზინედინ ზიდანი.

მართლაც, რონალდო აღარ ითხოვს, რომ ნებისმიერ მატჩში ათამაშონ, რათა გაჰყვეს ლიონელ მესის გიჟურ რბოლას. შემთხვევითი არაა, რომ კრიშტიანოს "რეალში" დარჩენა მანამ სურს, სანამ ის 41 წლის არ გახდება. ერთი შეხედვით, ეს უცნაური განცხადება იყო, მაგრამ თუ პორტუგალიელს ტრავმებმა არ შეუშალა ხელი, მას ამის გაკეთება შეუძლია. 38 წლის იყო ფილიპო ინძაგი, როცა მან კარიერა დაასრულა და რომ არა ტრავმა, მას კიდევ უფრო დიდხანს შეეძლო თამაში. რონალდოს თავისუფლად შეუძლია, მას აჯობოს.

რონალდო საფეხბურთო სამყაროში ცნობილია, როგორც განსაკუთრებული პროფესიონალი. "მე მას ვკითხე, თუ როგორ ინარჩუნებს ასეთ ფორმას და მივიღე პასუხი, რომ ყოველივე ეს უდიდესი შრომისმოყვარეობის შედეგია", - თქვა რიო ფერდინანდმა, ახლო წარსულში ლეგენდარულმა მცველმა, რომელიც ახლა საფეხბურთო ექსპერტია.

კრიშტიანოს პირადმა ექიმმა კარლოს ნორონამ აგვისტოში თქვა: "მას უნიკალური ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. ის ჰგავს იმ მანქანას, რომელსაც შეუძლია, მილიონობით კილომეტრი გაიაროს და ერთხელაც არ გაჩერდეს".

"ბაიერნთან" და "ატლეტიკოსთან" მატჩების შემდეგ კრიშტიანო უკვე თამამად ოცნებობს კარიერაში მეხუთე "ოქროს ბურთზე". თუ "რეალმა" კარდიფულ ფინალში ლიგა მოიგო და ესპანეთის ჩემპიონობაც არ დათმო, ეს კრიშტიანოსათვის პრაქტიკულად ტიტულის გარანტია იქნება.

ბრენდი CR7 მადრიდული წარმატებების განუყოფელი ნაწილი გახდა. კლუბის პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან მისი შესანიშნავი ურთიერთობა კვირაში 365 000-იანი გარიგებითაა დაგვირგვინებული.

კრიშტიანოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ შესთავაზა ახალი კონტრაქტი, როცა ის ახალ როლს უშინაურდებოდა და ახლა პერესი არ ნანობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
2 მეტრიან თამაშგარეებს არ უფიქსირებენ და მასე მეც კი გავიტან გოლებს
giorgi
19:02 08-05-2017
0
ფანტასტიკური ფეხბურთელია და კარგი პიროვნება. ასეთი ქველმომქმედი არცერთი ფეხბურთელია და არც ყოფილა.
მიშა
22:29 08-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული