ყველაზე რთული ზაფხული "სევილიას" ისტორიაში

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ "სევილიას" ისტორიაში ყველაზე რთული ზაფხული დადგება. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში დიდი გარდაქმნების ჟამი დგას. რა თქმა უნდა, სევილიურ გუნდში განვითარებული მოვლენები ჩვენთვის სულერთი ვერაფრით იქნება.

წარმოიდგინეთ თავი კლუბის პრეზიდენტის, ხორხე კასტროს ადგილას. თქვენ გუნდში გყავთ ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი ევროპაში და თქვენ მას კარგავთ. მონჩი იმ იშვიათ სპორტულ დირექტორთაგანია, რომლის მუშაობაც მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. 20 წლის განმავლობაში ამ კაცმა ძალიან ბევრი და ნაყოფიერად იშრომა. ყოველივე ეს გუნდის ასპარეზობასა და მოპოვებულ ტიტულებზე აისახა.

ბოლოს და
ბოლოს, სწორედ მონჩის დამსახურებაა, რომ არაერთი ვარსკვლავი ამობრწყინდა ევროპულ ფეხბურთში - სერხიო რამოსი, დანი ალვეში, ივან რაკიტიჩი, ალიეშ ვიდალი, კარლოს ბაკა და სხვები.

მონჩის არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია გუნდში, მაგრამ მან გადაწყვიტა, ახალ გამოწვევას შეჭიდებოდა. "რომა" ტოტის გარეშე - ეს უკვე სულ სხვა თემაა. გუნდი ახალ ცხოვრებას იწყებს და მონჩის უნდა, რომ ამ ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი კაცი იყოს.

მონჩის თემა ამოვწუროთ, "სევილიას" აღარ ჰყავს მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი. მისი მუშაობა, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მოულოდნელი მარცხის მიუხედავად, მაინც დადებითად უნდა შეფასდეს.

სამპაოლის უყვარს "სევილია" და ის ალბათ, ნებისმიერ გუნდს თავაზიან უარს შეუთვლიდა, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა არგენტინის ნაკრები - გუნდი, რომლის გაწვრთნაც ყველა არგენტინელი მწვრთნელის უდიდესი ოცნებაა. სამპაოლიმ უარი არ და ვერ თქვა.

"სევილიას" აღარ ჰყავს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა არაერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. რაც მთავარია, გუნდი ყველასაგან გამორჩეულ, შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა.

სამპაოლი გუნდს მხოლოდ თვითონ როდი დააკლდა. მან შეძლო და გამოაცოცხლა სამირ ნასრი. სამპაოლი გუნდში აღარაა. რაც შეეხება ნასრის, მას კონტრაქტი აკავშირებს "მანჩესტერ სიტისთან". რა თქმა უნდა, "ქალაქელები" იოლად ვერ შეელევიან ფეხბურთელს, რომელმაც პრიმერაში ახალი სიცოცხლე იპოვა. რაც შეეხება ნასრის კონტრაქტს "სიტისთან", ის 2019 წლამდე მოქმედებს.

მონჩის შემცვლელ ოსკარ არისს ძალიან ბევრი ფიქრი მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ ნასრის ამბავი ვერ მოგვარდა, გუნდს აუცილებლად მოუხდება მისი შემცვლელის პოვნა. "სევილიას" თამაში სამპაოლის დროს ფრანგზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული. ამ შემთხვევაში დიდწილად, იღბლის იმედი უნდა ჰქონდეს კლუბის ხელმძღვანელობას, რაკი ნასრის დონისა და გაქანების მოთამაშე დღევანდელ ევროპულ ფეხბურთში ბევრი არაა და, შესაბამისად, არც ასეთი ფეხბურთელის პოვნაა იოლი.

გასარკვევია სტევან იოვეტიჩის საკითხი. ჩერნოგორიელი მხოლოდ ეპიზოდურად იყო ძალიან კარგი. თითქმის მხოლოდ მაშინ, როცა "რეალს" ეთამაშებოდა, მაგრამ თუ ის დარჩა, მას აუცილებლად აქვს იმის რესურსი, რომ მოუმატოს.

"სევილიას" აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. გუნდმა ვერ მოახერხა ტრადიციის გაგრძელება და ვერ მოიგო ევროპალიგა (ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა). შესაბამისად, გუნდმა ვერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური და ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს.

ჯერ ერთი, შესაძლოა, ესპანური გრანდი ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი საკლუბო ტურნირის გარეშე დარჩეს. ამის შანსი მცირეა, მაგრამ ის მაინც არსებობს. მეორეა ის, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისათვის მომზადება სეზონის ადრე დაწყებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, გუნდის ახალ თავკაცს აუცილებლად მოუწევს შეგირდების ფორსირებულად მომზადება. ეს არც ისე სასიამოვნო პროცესია მაშინ, როდესაც ჯერ შენც ადაპტაციის პერიოდი გაქვს.

რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად აეწყოს, მაგრამ როცა ერთმანეთს ერთბაშად ამდენი სიახლე ემთხვევა, ფაქტია, რომ გარკვეული რისკი არსებობს. ჩვენთვის მთავარია, ევროპულმა ფეხბურთმა არ დაკარგოს ისეთი "სევილია", როგორიც ამჟამადაა - თვითმყოფადი, შემტევი და სანახაობრივი.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე "ცხელი" არენა, "სანჩეს პისხუანი" ახალი გმირისა თუ გმირების მოლოდინშია. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი აუცილებლად გამოჩნდებიან. შეუცვლელი დღევანდელ ფეხბურთში პრაქტიკულად არავინაა. ეგაა, გვეჩვენება, სამპაოლი და "სევილია" ძალიან მალე დამთავრდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი კანონზომიერად როდი ხდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მწვრთნელად მაურუსიო პელეგრინო ინიშნება, ალავესის ყოფილი მწვრთნელი, დამიჯერეთ ამ მწვრთნელით უფრო ძლიერი იქენბა მომავალში სევილია.
dato
14:37 30-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული