ასეთი იქნება "რეალი"... მადრიდში ზეიმი დასრულდა, პერესი საქმეს შეუდგა

AutoSharing Option
დუოდესიმო უკვე შემდგარი ფაქტია - "სამეფო კლუბი" რიგით მე-12 ჩემპიონთა თასით დაბრუნდა და ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებიც ტრიუმფით მოიარა. მაგრამ "რეალის" მანქანა გაჩერებას არ აპირებს, კლუბში უკვე ფიქრობენ, როგორ გაუმკლავდნენ მომავალი სეზონის ყველა ამოცანას...

მას მერე, რაც ჩემპიონთა თასმა მადრიდული კლუბის მუზეუმში დაიდო ბინა, დასრულდა საყოველთაო ზეიმიც - "რეალის" მესვეურები უკვე ახალ გამოწვევებზე ფიქრობენ. ფლორენტინო პერესისთვის უახლოესი დღეები ძალზე მნიშვნელოვანია, ის მეხუთედ უნდა წარდგეს, როგორც კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატი. კლუბის პრეზიდენტობის არჩვევნები 9 ივლისსაა დაგეგმილი, მანამდე კი პერესმა ზინედინ ზიდანის ახალი კონტრაქტის
შესახებ უნდა გამოაცხადოს.

პრეზიდენტი და მწვრთნელი უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ, ზინედინი 2020 წლის 30 ივნისამდე "რეალის" თავკაცი იქნება. ზიდანი ერთადერთი არ არის, რომლის ახალი კონტრაქტიც მომზადებულია პრეზიდენტის არჩევნებამდე (ამ სვლებით პერესი გამარჯვებას დაიბევებს) - ყველაფერი შეთანხმებულია გუნდის კაპიტან სერხიო რამოსთან, ის კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას, რომლის ვადაც 2021 წლის 30 ივნისამდე გადაიწევს. მთავარი მწვრთნელისა და კაპიტნის დაბევება პერესს მეხუთე საპრეზიდენტო ვადისკენ გზას გაუკვალავს.

ისკოც თანახმაა
ზიდანისა და სერხიო რამოსის შემდეგ ისკო ალარკონის ჯერია. ყოველგვარი ეჭვი გაფანტულია - ისკომ უკვე დაამტკიცა, რომ "რეალში" საჭირო ფეხბურთელია. ბოლო სეზონში მისი მდგომარეობა "რეალში" პრინციპულად შეიცვალა. აღარავინ ლაპარაკობს მის შესაძლო გაყიდვაზე, "რეალი" და ისკო უკვე განუყოფლები არიან. აი, ვინც მიდიან, უკვე თითქმის ცნობილია: ხამეს როდრიგესი, პეპე და მარიანო დიასი.

პირველს ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს, მაგრამ, თავის მხრივ, "რეალი" არ აპირებს მის გაშვებას 75 მილიონ ევროზე ნაკლებად. "ჩელსი" ელის ხამესს, თუმცა ჯერჯერობით, ლონდონურ კლუბს ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს "რეალისთვის". პეპე გუნდიდან გაბრაზებული მიდის, რადგან მას ბოლო სეზონში სათამაშო დრო თითქმის არ ჰქონდა. ევროპის ჩემპიონი ფიქრობს, რომ არ დაიმსახურა ასეთი მოპყრობა. უკვე ცნობილია, რომ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით "პარი სენ-ჟერმენში" გადავა.

დომინიკელი მარიანო უკვე ბავშვი აღარაა - 23 წლისაა და ფაქტია, მას "რეალის" შეტევის ხაზში დამკვიდრების მინიმალური შანსი აქვს. "რეალი" მას გაყიდის, თუმცა ერთი პირობით - "სამეფო კლუბს" მარიანოს უკან გამოსყიდვის უფლება ექნება.

"ბარსელონა" ტყავში ძვრება, მაგრამ მადრიდში კარგად იციან, რომ ტეო ერნანდესის პრეზენტაცია "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება.

"ატლეტიკო" თანახმაა, ტეო ერნანდესში 24 მილიონი ევრო მიიღოს და თავად ფეხბურთელსაც, რომელსაც არ წარუდგინეს ბრალდება გაუპატიურების მცდელობაში, მეტი მოცდა არ სურს. ტეოს უნდა, რაც შეიძლება მალე გახდეს "რეალის" ფეხბურთელი. რადგან დიდ შარს გადაურჩა უმცროსი ერნანდესი (მისი უფროსი ძმა ლუკაც შარიანი და ნიჭიერია), მადრიდში მოწყობას ეშურება. დიდი ალბათობით, "რეალი" მაინც იჯარით გაუშვებს 19 წლის ფლანგის მცველს, რომელმაც ძმისგან განსხვავებით, საფრანგეთის ნაკრებს "ფურია როხა" ამჯობინა. ზიდანს სურს, რომ ტეოს სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეს, "რეალში" კი მის პოზიციაზე მარსელო თამაშობს...

სულ მალე კიდევ ერთი ფეხბურთელის, მარკოს ლორენტეს პრეზენტაცია გველის. ასევე ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პეპეს როლს 20 წლის ხესუს ვალიეხო შეავსებს. ბოლო სეზონი მან იჯარით ფრანკფურტის "აინტრახტში" გაატარა. ვალიეხოს ახლა დიდი გამოცდა ელის ახალგაზრდულ ნაკრებში, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მძიმე ტრავმის მერე კვლავ შევიდა ფორმაში. ევროპის ჩემპიონატზე მას "რეალის" ბოსები ყურადღებით დააკვირდებიან და მერე გადაწყვეტენ, დააბრუნონ გუნდში თუ კვლავ იჯარით გაუშვან. ლორენტეც "რეალს" ეკუთვნის და ტეო ერნანდესთან ერთად "ალავესში" თამაშობს.

რაულიც მალე მოვა
ახალწვეულები თავისთავად ნიშნავს ფეხბურთელების გაყიდვასაც. ამის შესახებ პერესმა კარდიფშიც ილაპარაკა ღიად. თუმცა ვინ იქნებიან ახალწვეულები? პერესს ძალიან სურს კილიან მბაპეს ხელში ჩაგდება, "მონაკო" მას ძალიან ძვირს აფასებს.

"რეალში" ჯერ არ ჩამოყალიბებულან გოლკიპერის საკითხზე. დავიდ დე ხეა პერესს თავიდან არ ამოუგდია, ჩაშლილი ტრანსფერის მიუხედავად, მაგრამ ბოსებს ჯერ გადასაწყვეტი აქვთ, დე ხეას ტრანსფერის საკითხს მიუბრუნდნენ თუ არა. ფეხბურთელთა პოზიცია კი ცნობილია - ისინი პრეზიდენტს სთხოვენ, არ გაყიდოს კეილორ ნავასი.

ბუნებრივია, "სამეფო კლუბს" კიდევ ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ, თუნდაც, ედენ აზარს. ბელგიელმა თავადვე განაცხადა, რომ მხოლოდ "რეალის" წინადადებას განიხილავდა, მაგრამ ოპერაციის გამო აზარის ტრანსფერი თითქმის გამოირიცხა.

სულ მალე რაულ გონსალესი დაიწყებს "რეალში" მუშაობას, ის ხოსე ანხელ სანჩესს დაეხმარება. ასე რომ, ლეგენდა მალე გამოჩნდება ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოჩა-"სულ უდა გაგდონ პერესი და კაი იქნება გამიხარდება". კაცი რომ ასეთ უაზრობას იტყვის, რა უნდა ელაპარაკო. იქნებ ახსნა, რატომ უნდა გააგდონ. ეს ერთი. მეორეც. პრეზიდენტს არ აგდებენ ჯიგარ, პრეზიდენტს ირჩევენ. ასე რომ, როცა რამეს წერ, კარგი იქნება თუ ცოტა გონებასაც დაატან.
ladika
10:13 08-06-2017
0
სულ უდა გაგდონ პერესი და კაი იქნება გამიხარდება
გოჩა
17:18 07-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული