ნიჭი და სურვილი - ტეო ერნანდესი "რეალის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ჯერ კიდევ 5 ივლისს მადრიდის "ატლეტიკომ" და "რეალმა" ოფიციალურად გამოაცხადეს ტეო ერნანდესის ტრანსფერის შესახებ. მაშინვე ითქვა, რომ "სამეფო კლუბში" ახალგაზრდა მარცხენა მცველის პრეზენტაცია 10 ივლისს გაიმართებოდა. ასეც მოხდა - წუხელ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ტეო ერნანდესის წარდგენა გაიმართა.

"ესტადიო ბერნაბეუ" კიდევ ერთხელ გაიხსნა "რეალის" ახალი ფეხბურთელის წარსადგენად. ორშაბათს "რეალის" ფეხბურთელი ტეო ერნანდესი გახდა, რომელიც პრეზენტაციაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა, მას კი "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი შეეგება.

"დიდი მადლობა ყოველ თქვენგანს, "რეალის" ფეხბურთელებს ასეთი დახვედრისთვის. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წევრი
გავხდი. აქ მოვედი, რადგან მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებისგან ვისწავლო, როგორ უნდა ტიტულების მოგება. ჰალა მადრიდ!", - განაცხადა ტეო ერნანდესმა პრეზენტაციაზე.

ამის შემდეგ სიტყვით პერესი გამოვიდა, რომელმაც ზინედინ ზიდანს შრომა შეუქო: "დღევანდელი "რეალი" უნიკალური გუნდია, რომელსაც ზიდანი ხელმძღვანელობს. გუნდი, რომელიც ყოველ წამს ისწრაფვის იმისკენ, რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდეს. ტეო ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გასულ სეზონში ლა ლიგასა და კოპა დელ რეიზე დიდებული კვალი დატოვა. ახლა კი შენ "რეალის" ფეხბურთელი ხარ, ტეო, შენი ტალანტისა და სურვილის წყალობით, რადგან შენ მრავალ გუნდს მადრიდი არჩიე", - განაცხადა "რეალის" ბოსმა.

წარდგენას წინ უძღვოდა სამედიცინო ტესტები, რომელშიც მონაწილეობა ტეომაც მიიღო, თუმცა იგი 5 ივლისსაც შეამოწმეს "რეალის" ექიმებმა. სანიტას ლა მორალეხას კლინიკაში ჩატარებულმა გამოკვლევამ უჩვეულო არაფერი აჩვენა და ექიმებმაც ტეოს ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთეს. 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, "რეალმა" "ატლეტიკოს" 26 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ტეომ "სამეფო კლუბთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი "რეალში" 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მარსელოს კონკურენტი იქნება დაცვის მარცხენა ფლანგზე.

გააძლიერებს თუ არა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონებს ფეხბურთელი, რომელიც 1997 წლის ოქტომბერში მარსელში დაიბადა? გასულ სეზონში მას "ალავესში" დიდებული სეზონი გამოუვიდა, ბასკეთში ტეო იჯარით თამაშობდა, მან 38 თამაშში მიიღო მონაწილეობა. უეფას ოფიციალურმა საიტმა ერნანდესი ლა ლიგის ტალანტების სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მისი დიდი პლუსი სისწრაფეა. ნიჭიერ ფეხბურთელს ჯანიც მოსდევს, საიმედოა დაცვის დროს და ძალიან სახიფათო, როცა შეტევებში ერთვება. მას შესაშური დარტყმა აქვს და ვიტორიაში თამაშისას ორი გოლიც გაიტანა.

გამორჩეულია დრიბლინგით და არც პასები დაეწუნება (3 საგოლე პასი სეზონში). ტეო შესანიშნავად ასრულებს შორეულ საჯარიმო დარტყმებს, თუმცა ეჭვი გვეპარება, მას ამის უფლება "რეალში" კრიშტიანო რონალდომ მისცეს. იგი საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია.

ალბათ, არც იმის შეხსენება გინდათ, რომ ტეო "ატლეტიკოს" მცველის, ლუკა ერნანდესის უმცროსი ძმაა. მან "ალავესის" წარმატებაში ლომის წილი დაიდო - ბასკური გუნდი თასის ფინალში გავიდა, ლა ლიგა კი მე-9 ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინათ "რეალმა" "ბერნაბეუზე" 3-ნომრიანი მაისურით კიდევ ერთი მცველი, ხესუს ვალიეხო წარადგინა.

* * *
"რეალი" არ ჩერდება, ვალიეხოსა და ერნანდესის შემდეგ დანი სებალიოსის ჯერია - ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველთანაც ყველაფერი გაირკვა, "ბეტისმა" იგი "რეალს" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუთმო. გადაწყდა, რომ სებალიოსი "რეალს" 21 ივლისს ამერიკაში გაჰყვება, 20-ში კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მისი პრეზენტაცია გაიმართება.

გუშინ სებალიოსსაც ელოდნენ სამედიცინო შემოწმებაზე, ამის შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ "ბეტისის" ფეხბურთელის გამოკვლევა გადაიდო და შესაბამისად, "რეალს" მისი ტრანსფერი ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა, როგორც "მარკა" წერს, ეს მხოლოდ საათების ან დღეების ამბავია.

* * *
"რეალის" ვარსკვლავები ბაზას დაუბრუნდნენ და სამედიცინო ტესტები ჩააბარეს. გუნდი მზადებას იწყებს, 21-ში კი კალიფორნიაში მიფრინავს. ივლისში "სამეფო კლუბი" სამ შეხვედრას გამართავს. 23 ივლისს სანტა კლარაში (კალიფორნია) ზიდანის გუნდი ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერს" დაუპირისპირდება. 27-ში უკვე ლოს ანჯელესში, "რეალი" "მანჩესტერ სიტის" შეხვდება, 30 ივლისს კი ფლორიდაში "რეალს" კლასიკო ელის - "ბარსელონას" მაიამიში შეხვდება.

* * *
"რეალის" გოლკიპერი ალექს გრანინქსი ჰოლანდიაში მიდის, როტერდამის "სპარტაში" სათამაშოდ. ახლა 21 წლის გრანინქსი "რეალში" 2011 წლიდანაა, მაგრამ ბელგიელს არ გაუმართლა, რადგან ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა, რომ პირველი გუნდის მესამე გოლკიპერი... მისი ვაჟი ლუკა ზიდანი იქნება.

"რეალ მადრიდ კასტილიას" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა "სამეფო კლუბი", ალეიშ ფებასი "სარაგოსაში" გადავიდა, სადაც კლუბის მე-9 ახალწვეული გახდა. ის ქართველი პაპუნაშვილის თანაგუნდელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული