ტური, რომელიც გადარჩა და კაცი, რომელმაც გაბედა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის ექვს კლუბს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენ ამ უქმეებზე 30-ე ტურს ვნახავთ. მათ რომ არ ეჩივლათ, LFP მთავრობასთან ჭიდაობას აპირებდა, ტური 12 ივნისისთვის უნდა გადადებულიყო, ანუ ჩემპიონატი უსაშველოდ გაწელილიყო. ამას რომ გადავურჩით "ვილიარეალის" დამსახურებაცაა, თუმცა არანაირად "ბარსელონასი". პირველი გაფიცვის წინააღმდეგი იყო, მეორე კი - მომხრე.

ამაღამ ისინი "ელ მადრიგალზე" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, "ელ კლასიკომდე" ამაზე კარგი მატჩი არ იქნება, საჩემპიონო ინტრიგაც შეიძლება აქ ჩაიხლართოს. მესამეადგილოსანი "ვილიარეალი" ძლიერი გუნდია, ხოლო "ბარსას" გარკვეული პრობლემები აქვს.

მართალია, კატალონიელებს თამაში "ვილიარეალთან" აქვთ, მაგრამ მაინც
"რეალზე" ფიქრობენ. რატომღაც მათმა ხელმძღვანელებმა ახალი შემოტევა წამოიწყეს "სამეფო კლუბზე" - რამდენიმე დღის წინათ კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი არ მოერიდა და აღნიშნა, რომ 20 აპრილს თასის ფინალში მისი გუნდი "რეალს" 5:0-ს მოუგებს. როსელის ამ დაუფიქრებელმა ნათქვამმა ძალიან ბევრი გააღიზიანა მადრიდში... თურმე არამარტო მადრიდში.

ხოსეპ გვარდიოლაც უკმაყოფილო ყოფილა როსელის ამ ნათქვამით, რაც მან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გამოხატა: "მე მის ადგილზე ამას არ ვიტყოდი, მესმის რა მიზნითაც გააკეთა როსელმა ასეთი განცხადება, მას სურს გუნდში საბრძოლო განწყობა იყოს, მაგრამ ფინალში "რეალის" 5:0 დამარცხება წარმოუდგენელია. როგორმე თავი უნდა შეეკავებინა ასეთი რამის თქმისგან. მე, როგორც მწვრთნელს შემეძლო მეთქვა, რომ "ბარსა" თუნდაც 60:0-ს მოუგებს "რეალს", მაგრამ მას სულ სხვა სტატუსი აქვს".

არ ვიცით, რა ხდება იქ, კატალონიაში, მაგრამ ჩვენი გადასახედიდან, კლუბის პრეზიდენტის ასე საჯაროდ გაკრიტიკებას (სამართლიანადაც) დიდი გამბედაობა სჭირდება. სხვათა შორის, პეპის ეს სიტყვები (ცოტა შელამაზებული) "ბარსელონას" ოფიციალურ საიტზეც გამოქვეყნდა. მოკლედ, მთელს ესპანეთში თუ არა, კატალონიაში დემოკრატიას არ უნდა უჭირდეს.

ბუნებრივია, პეპმა მომავალ თამაშზეც ილაპარაკა: "ფიზიკურ მზადყოფნასა და ტაქტიკურ განსწავლულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩემპიონობა ამის დიდ სურვლის მოაქვს. მეტოქე ძალზე სერიოზულია, ბოლო წლებია "ვილიარეალი" მუდამ ლიდერებშია. ისინი ყოველთვის ძნელად დასამარცხებლები არიან". "ბარსას" ახალგაზრდა მწვრთნელი მოხარულია, რომ მესიმ თავიდან აიცილა სერიოზული ტრავმა: "მიხარია, რომ მესიმ ამდენი მატჩი ითამაშა და მაინც მწყობრშია, თუმცა ჯერ ძნელი სათქმელია, ითამაშებს, თუ არა ლეო "ელ მადრიგალზე", მისთვის, მილიტოსთვის და მასკერანოსთვის მეტად მომქანცველი მგზავრობა იყო".

გუშინ "კამპ ნოუზე" მოვარჯიშე "ბარსას" ერიკ აბიდალმა მიაკითხა, ოპერაციიდან 15 დღის შემდეგ ფრანგმა თანაგუნდელები გაამხნევა.

ფეხბურთელებმა ძალიან გაიხარეს აბიდალის ნახვით. ვალენსიის მხარეში პეპს 19 ფეხბურთელი მიჰყავს, აქედან 16 პირველი გუნდის წევრია, მათ შორის არიან ლეო მესი და ბოიან კრკიჩი, რომელთა თამაში საეჭვოა. მწვრთნელი კატალონიაში პუიოლს, პედროს და მაქსველს ტოვებს. მათ თითქოს უკვე შეეძლოთ თამაში, მაგრამ გვარდიოლამ გადაწყვიტა, ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ მათი ჯანმრთელობით არ გაერისკა. ჩავი დისკვალიფიცირებულია.

სხვათა შორის, "ვილიარეალი" მოგებას აპირებს. "ყვითელი წყალქვეშა ნავის" მესაჭე ხუან კარლოს გარიდო ამბობს, რომ "ბარსას" დამარცხება "ელ სუბმარინოს" დიდ გუნდად აქცევს, მოგებისკენ მოუწოდებს თანაგუნდელებს სანტი კასორლაც. მასპინძლებს არ ეყოლებათ ბრაზილიელი თავდამსხმელი ნილმარი, რაც ძალზე სერიოზული დანაკლისია.

"ბარსას" მდევარი "რეალი" დღეს "სპორტინგს" მიიღებს. მართალია, კონკურენტთYან შედარებით მეტოქე "რეალს" უფრო სუსტი ჰყავს, მაგრამ პრობლემები უფრო სერიოზული დაუგროვდა - კრიშტიანო რონალდო და ქარიმ ბენზემა არათუ "სპორტინგთან", არამედ ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ტოტენჰემთანაც" არ იქნებიან. რომ არა გონსალო იგუაინის გამოჯანმრთელება "რეალს" წინა ხაზში დიდი პრობლემა ელოდა. ჟოზე მოურინიოს სულ ორი ჯანმრთელი ფორვარდი ჰყავს დღეისათვის იგუანი და ემანუელ ადებაიორი. ასტურიელებს შეიძლება ეს ეყოს კიდეც, აი, ლონდონელებთან კი, რა მოგახსენოთ...

ჟოზემ 20-კაციანი განაცხადი "რეალ კასტილიას" სამი ფეხბურთელით (ხუან კარლოსი, ალექსი, ხუანფრანი) შეავსო. მადრიდელებს არც გაგო, მარსელო და კაკა ეყოლებათ, ჩაბი ალონსო კი დისკვალიფიცირებულია.

ჟოზე მოურინიო: "შაბათის მატჩი "სპორტინგთან" უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ტოტენჰემთან" დაპირისპირება. ლიგაზე ორი თამაშია, აქ კი თუ "სპორტინგს" ვერ მოვუგებთ, ჩემპიონობაზე ფიქრი უნდა დავივიწყოთ. ძალიან გვიხარია ყველას, რომ იგუაინი მწყობრში ჩადგა, თუმცა ჯერ ძნელია თქმა, ითამაშებს თუ არა გონსალო "სპორტინგთან" მატჩში".


დღეს
რეალი-სპორტინგი 20:00
დისკვალიფიკაცია: ჩაბი ალონსო (რეალი)
ტრავმა: პედრო ლეონი, კაკა, გაგო, ბენზემა, იგუაინი (?), რონალდო, მარსელო - ტორე

ხეტაფე-ვალენსია 22:00
დისკვალიფიკაცია: ბოატენგი - ხოაკინი
ტრავმა: უსტარი, მანე, გავილანი, კოლუნგა, მარიო, ა. ლოპესი - მადურო, მოია, ალბელდა, დომინგესი

ვილიარეალი-ბარსელონა 00:00
დისკვალიფიკაცია: ჩავი (ბარ)
ტრავმა: ოლივა, ა. ლოპესი, ნილმარი, სენა, სისინიო - აბიდალი, პუიოლი, მესი (?), კრკიჩი (?), პედრო, მაქსველი


ხვალ
ესპანიოლი-რასინგი 19:00
ტრავმა: პენა, ფორლინი, დატოლო, მატიონი, ალვარესი, მარკესი - ციოლისი, გონსალესი, როდრიგესი, სერანო

დეპორტივო-მალიორკა 19:00
დისკვალიფიკაცია: დე გუზმანი (მალ)
ტრავმა: რიკი, კასტრო, ხისკო, ვალერონი, ვალერონი, ურეტა - ენრიხი, ვიქტორი, პინა, ნადალი

ლევანტე-მალაგა 19:00
დისკვალიფიკაცია: ხავი ტორესი (ლევ)
ტრავმა: ლარეა, დელ ორნო, ნ. გონსალესი, სერხიო, კოლომერი, პერესი - კალა, როსარიო, მალაგუენო, ასენხო, ბაპტიშტა, რუბენი

რეალ სოსიედადი-ერკულესი 19:00
ტრავმა: ხ. ლორენტე, დემიდოვი - ტრეზეგე, გომესი, პენა, ტოტე, ტომერი

სევილია-სარაგოსა 21:00
დისკვალიფიკაცია: დობლასი (სარ)
ტრავმა: კონე, ჩიგარინი, გუარენტე, პალოპი, სანჩესი, აკოსტა - ლაფიტა, ლაგუარდია, ბუტაჰარი

ოსასუნა-ატლეტიკო 23:00
დისკვალიფიკაცია: აგუერო (ატლ)
ტრავმა: რუპერი, ოიერი, არანდა, პანდიანი, რობერტო - პულიდო


ზეგ
ალმერია-ბილბაო 23:00
დისკვალიფიკაცია: პელერანო (ალმ)
ტრავმა: ნიეტო - აურტენეჩე, კასტილიო, ი. გომესი, იტურასპე, რომალიო, ტოკერო

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 29 25 3 1 81-15 78
2. რეალი 29 23 4 2 69-21 73
3. ვალენსია 29 16 6 7 42-33 54
4. ვილიარეალი 29 16 6 7 48-30 54
5. ესპანიოლი 29 14 1 14 37-41 43
6. ბილბაო 29 13 3 13 44-41 42
7. სევილია 29 12 6 11 43-43 42
8. ატლეტიკო 29 11 6 12 42-39 39
9. მალიორკა 29 11 5 13 30-38 38
10. ოსასუნა 29 9 8 12 34-33 35
11. სოსიედადი 29 11 2 16 39-48 35
12. ლევანტე 29 10 5 14 30-39 35
13. ხეტაფე 29 9 7 13 39-45 34
14. რასინგი 29 8 9 12 28-43 33
15. სპორტინგი 29 7 11 11 27-35 32
16. დეპორტივო 29 7 10 12 23-39 31
17. სარაგოსა 29 7 9 13 28-40 30
18. მალაგა 29 8 5 16 38-59 29
19. ალმერია 29 5 11 13 30-48 26
20. ერკულესი 29 7 5 17 25-47 26

ბომბარდირები: 27 - ლეო მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - დავიდ ვილია (ბარსელონა); 15 - ჯუზეპე როსი (ვილიარეალი), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 13 - პედრო (ბარსელონა); 12 - ხოსე რონდონი (მალაგა); 11 - ნილმარი (ვილიარეალი), ფელიპე კაისედო (ლევანტე), სერხიო აგუერო (ატლეტიკო); 10 - დავიდ ტრეზეგე (ერკულესი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ალვარო ნეგრედო (სევილია), ლუიშ ფაბიანო (სევილია).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული