მოდი, მაინც გადავხედოთ ლა ლიგის დარჩენილ ტურებში ვისთან უწევთ თამაში ლიდერსა და მის მდევარს.
XXXI ტური
ბარსელონა-ალმერია
ბილბაო-რეალი
XXXII
რეალი-ბარსელონა
XXXIII
ბარსელონა-ოსასუნა
ვალენსია-რეალი
XXXIV
რეალ სოსიედადი-ბარსელონა
რეალი-სარაგოსა
ბარსელონა-ესპანიოლი
სევილია-რეალი
XXXVI
ლევანტე-ბარსელონა
რეალი-ხეტაფე
XXXVII
ბარსელონა-დეპორტივო
ვილიარეალი-რეალი
XXXVIII
მალაგა-ბარსელონა
რეალი-ალმერია
მხოლოდ შაყირის ხასიათზე მყოფი ადამიანი თუ დაიწყებს ამ გრაფიკით "რეალის" საჩემპიონო შანსებზე მსჯელობას. კი ბატონო, "სამეფო კლუბს" თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს - დიახ, "ელ კლასიკოს" 17 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, მაგრამ, რა ვუყოთ ამ 8 ქულას და ჟოზე მოურინიოს გუნდის საშინელ კალენდარს. "რეალს" 4 სტუმრობა ელის და ყველა ერთმანეთზე რთული - ბილბაოში, ვალენსიაში, სევილიასა და ვილიარეალში. მაშინ, როცა "ბარსა" "რეალის" გარდა "ლევანტეს", "მალაგას" და "რეალ სოსიედადს" უნდა ესტუმროს. "კამპ ნოუზეც" "ბლაუგრანა" "ოსასუნას", "დეპორტივოსა" და "ალმერიას" მასპინძლობს, ერთადერთი, ბარსელონური დერბი ელის. პრინციპში, რთული საშინაო მატჩი არც "სამეფო კლუბს" ელის.
პეპი უდრის ტერის და გმირი ვალდესი
"ვილიარეალთან" მატჩით გვარდიოლა გაუტოლდა ტერი ვენეიბლზს, მან უკვე 169-ჯერ გაიყვანა გუნდი. პეპის შემდეგი სამიზნე ლუის ვან გაალის 200 მატჩია, რინუს მიხელსმა 264 მატჩი უთავკაცა "ბლაუგრანას", ხოლო ფრანკ რაიკაარდმა - 273. ალბათ, ძალზე ძნელი იქნება იოჰან კრუიფის მიღწევამდე მიახლოვებაც კი, ლეგენდარული ჰოლანდიელი 430 შეხვედრაში გაუძღვა "ბარსელონას".
"ვილიარეალთან" "ბარსელონას" კარგად ნამდვილად არ უთამაშია, თუმცა ურთულეს მეტოქესთან მიზანს მიაღწია - 1:0 დაამარცხა ის. ამ შეხვედრაში კატალონიელთა გმირი მისი გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი იყო. ვალდესმა სულ 3 "სეივი" გააკეთა, მაგრამ სამივე მნიშვნელოვანი იყო. ჯერ გოლკიპერმა ჯუზეპე როსის ორჯერ არ გაატანინა 0:0-ზე შემდეგ, თამაშის მიწურულს მან სანტი კასორლას აუღო. რომ არა ვალდესის თავდადება, "ბარსას" თამაშის მიხედვით ძნელად თუ იფიქრებდი, რომ გუნდი ხელმეორედაც შეძლებდა დაწინაურებას.
კარგად ითამაშა დაცვაში დახეულმა სერხიო ბუსკეტსმა, რომელმაც თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო - 14. ჩავის არ ყოფნაში მთავარი მეპასის ფუნქცია... 19 წლის ტიაგო ალკანტარამ იკისრა. ფეხბურთელმა, რომელიც მხოლოდ მე-10 მატჩს ატარებდა "ბარსელონას" შემადგენლობაში და პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი სწორედ დისკვალიფიცირებულ ჩავის ცვლიდა. ტიაგოს ანგარიშზე 136 პასია, მაშინ, როცა "ვილიარეალის" საუკეთესო მეპასეს 55-პასიან ზღვრისთვის არ გადაუცილებია.
ანდრეს ინიესტა ერთადერთი ბარსელონელია, რომელმაც პრიმერას ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, 30 ტურიდან 29-ში სასტარტოში ითამაშა. საინტერესო სიტუაცია შეიქმნა ყვითელ ბარათებთან დაკავშირებითაც - მოგვეჩვენა, რომ ვიქტორ ვალდესმა და სერხიო ბუსკეტსმა განზრახ მიიღეს გაფრთხილებები, რომლებიც მათთვის სეზონში მეხუთეა - ეს კი ავტომატურად მიშნავს, რომ ბუსკეტსი და ვალდესი "ალმერიასთან" დაპირისპირებას გამოტოვებენ. და რატომ შეგნებულად? შემდეგი მატჩი ხომ "ელ კლასიკოა", სადაც ყველას სურს თამაში. 4-4 გაფრთხილება აქვთ ხავიერ მასკერანოსა და ლეო მესის და თუ ისინი "ალმერიასთან" დაპირისპირებაში ყვითელ ბარათებს მიიღებენ, "კლასიკოს" გამოტოვებენ.
ჟერარდ პიკესთვის "ვილიარეალის" კარში გატანილი მე-2 გოლი იყო სეზონში და მე-9 ბარსელონურ კარიერაში. სეზონის პირველი გოლიც პიკემ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. ამ სეზონში "ბარსამ" ოთხი ფეხბურთელი დაიმატა: ადრიანო, აფელაი, ვილია და მასკერანო. პირველად მოხდა, რომ ოთხივე ახალწვეული სასტარტო შემადგენლობაში იყო.
პრეზიდენტის ბოდიში და გოლი საკუთარ კარში
გახსოვთ ალბათ, სანდრო როსელის განცხადებას, "რეალს" თასის ფინალშიც 5:0-ს მოვუგებთო, როგორი რეაქცია მოჰყვა ხოსეპ გვარდიოლას მხრიდან - მწვრთნელმა დელიკატურად გააკრიტიკა კლუბის პრეზიდენტი და თქვა, რომ მისი საქმე არ არის მსგავსი განცხადებების გაკეთებაო. "მე შემეძლო მეთქვა, ფინალს თუნდაც 60:0-ს მოვიგებთო, მაგრამ არა მას". ბევრს ეგონა, რომ ასეთ განცხადებას ცუდი რეაქცია მოჰყვებოდა "ბლაუგრანას" ბოსებისგან, მაგრამ აი, რა თქვა როსელმა: "ჩვენ არ გვიყვარს ხალხის შეურაცხყოფა. ჩვენი პრინციპია ადამიანურობა. ვწუხვარ ჩემი გამონათქვამის გამო და დიდი ბოდიში ყველას". შესაძლოა, "ბარსელონა" სწორედ ამიტომ თამაშობს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს მთელს ევროპაში, რომ ასეთი მწვრთნელი და პრეზიდენტი ჰყავს... აქვე ახლახან მომხდარ ერთ ამბავს მოგიყვებით - სერხი ბარხუანი წარსულში "ბარსელონას" მცველი იყო, ახლა ის ჟუვენილ ბ-ს წვრთნის, სწორედ იმ გუნდს, სადაც შარშანდელ სეზონში გიორგი ჭანტურია თამაშობდა. ეს გუნდი თავის ლიგაში ლიდერია და ბოლო ტურში "კასტელდეფელსთან" ორი ქულა დაკარგა. აი, როგორ მოხდა ეს - თამაში 0:0 სრულდებოდა, როცა კარლოს ხულიო მარტინესმა, "ბარსელონას" ფეხბურთელმა მეტოქის კარი აიღო, მაგრამ მან ვერ შეამჩნია, რომ მეტოქის მეკარე ტრავმირებული ძირს ეგდო. ბუნებრივია, გოლი ჩაითვალა. საინტერესო კი შემდეგ მოხდა, სერხის მითითებით მისმა ბიჭებმა ბურთი წაართვეს მეტოქეს და... საკუთარ კარში გაიტანეს. ამ ჟესტმა "ბარსელონას" ჭაბუკთა გუნდს ორი მნიშვნელოვანი ქულა დააკარგვინა, რითაც ისარგებლა "ესპანიოლმა", მოიგო და კონკურენტს მიუახლოვდა, მაგრამ თამაშის შემდეგ სერხიმ განაცხადა, რომ "ფეერ პლეი" ყველა სპორტულ შედეგზე მნიშვნელოვანია და რომ მისმა შეგირდებმა ამით გაცილებით მეტი მოიგეს, დაკარგული ორი ქულის სანაცვლოდ.
არწასაგები ლიგა და მამა ანდრესი
დავუბრუნდეთ დიდ "ბარსელონას" - გუშინ მედიას წარუდგა დავიდ ვილია, ფორვარდი, რომელსაც, სანაკრებო გაბრწყინებას თუ არ ჩავთვლით, გოლი 26 თებერვლის მერე არ გაუტანია. "მართალია, ჯერ არასოდეს მომხდარა, რომ გუნდს ლა ლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ამხელა უპირატესობა გაეფლანგა, მაგრამ მაინც ვამბობ, ლიგა ჯერ არ მოგვიგია. ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუკი ჩვენ ჩემპიონებად ჩავთვლით საკუთარ თავებს. მოდი, ასე ვთქვათ, ლიგა ჩვენია, ოღონდ არ უნდა გავფლანგოთ უპირატესობა".
"ელ გუახე" ორმაგად გაახარა ამ ტურმა, ჯერ ერთი მისმა გუნდმა "რეალთან" უპირატესობა გაზარდა, მეორეც, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მისმა მშობლიურმა კლუბმა იმარჯვა - ვილია ხომ ასტურიელია: "არასოდეს დამიმალავს, რომ "სპორტინგს" ვგულშემატკივრობ. ამ მოგებით გუნდმა გამოისწორა საქმე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში".
ვილიამ შეაქო ჭაბუკთა გუნდის ჟესტი და როცა დაეკითხნენ იგივეს თუ გააკეთებდითო, "ელ გუახემ" დადებითი პასუხი გასცა: "დიახ, იგივეს გავაკეთებდი, თუნდაც ეს "რეალი"-"ბარსელონას" მატჩი ყოფილიყო". მან ექვსმატჩიან უგოლო სერიაზეც ილაპარაკა: "როცა გოლი ვერ გაგაქვს, ყველაზე სწორია, სიმშვიდე შეინარჩუნო. რადგან გოლი არ გამაქვს, ესე იგი, ვარჯიშს რამეს ვაკლებ, მეტს ვივარჯიშებ და გოლებსაც ისევ გავიტან", - განაცხადა "ბარსას" ფორვარდმა.
ვარჯიშზეც ვიტყვით, გუშინდელი "ბარსას" ვარჯიში ოვაციებით დაიწყო - ასე ულოცავდნენ ანდრეს ინიესტას, რომელიც მამა გახდა.
ლა ლიგა. XXX ტური
ალმერია-ბილბაო 1:3
ალმერია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მასედო, მ. სილვა, კ. გარსია (82. კორონა), ლუნა - მ'ბამი, ბერნარდელო - ხუანმა ორტისი (57. კალუ უჩე), პიატი, კრუსატი (63. ხოსე ორტისი) - ულოა.
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, კასტილიო - გურპეგი, ორბაისი, ხ. მარტინესი (46. იტურასპე) - ტოკერო, ფ. ლორენტე (79. დე მარკოსი), მუნიაინი (84. ამორებიეტა).
გოლები: 1:0 პიატი (5), 1:1 მუნიაინი (28), 1:2 ტოკერო (51), 1:3 ორბაისი (60)
გაფრთხილება: ლუნა - მარტინესი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-14 (6-7); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 13 000
თ მ ფ წ ბ ქ
ბარსელონა 30 26 3 1 82-15 81
რეალი 30 23 4 3 69-22 73
ვალენსია 30 17 6 7 46-35 57
ვილიარეალი 30 16 6 8 48-31 54
ბილბაო 30 14 3 13 47-42 45
სევილია 30 13 6 11 46-44 45
ესპანიოლი 30 14 1 15 38-43 43
ატლეტიკო 30 12 6 12 45-41 42
ლევანტე 30 11 5 14 33-40 38
მალიორკა 30 11 5 14 31-40 38
რასინგი 30 9 9 12 30-44 36
ოსასუნა 30 9 8 13 36-36 35
სპორტინგი 30 8 11 11 28-35 35
სოსიედადი 30 11 2 17 40-51 35
ხეტაფე 30 9 7 14 41-49 34
დეპორტივო 30 8 10 12 25-40 34
სარაგოსა 30 7 9 14 29-43 30
ერკულესი 30 8 5 17 28-48 29
მალაგა 30 8 5 17 39-62 29
ალმერია 30 5 11 14 31-51 26