ფარინოსის გარეშე

AutoSharing Option

თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ერკულესს" "ესპანიოლთან" მატჩში არ ეყოლება გამოცდილი ნახევარმცველი და კაპიტანი ხავიერ ფარინოსი, რომელმაც "რეალ სოსიედადთან" მატჩში ბარძაყი იტკინა. "ჯერჯერობით ვერ გეტყვით შევძლებ თუ არა მომავალი ტურისთვის გამოჯანმრთელებას, ალბათ არა. თუმცა მთავარი ისაა, რომ გუნდმა სტუმრად თამაშის კომპლექსი დასძლია. სამწვრთნელო ცვლილება აშკარად მოგვიხდა, გუნდში სულ სხვა განწყობაა, თუმცა დამსახურებას არც ყოფილ თავკაც, ესტებან ვიგოს ვუკარგავ", - განუცხადა "მარკას" 33 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ყველას "ვალენსიაში" და "ინტერში" თამაშით გვახსოვს. ფარინოსს ესპანეთის ნაკრებში 2 მატჩი აქვს ნათამაშები.

სევილიამ კანუტე დაკარგა და
ტროხოვსკი იპოვნა

ამ სეზონში "სევილიას" მთავარი პრობლემა ტრავმებია. ანდალუსიურმა კლუბმა ამჯერად ფორვარდი ფრედერიკ კანუტე დაკარგა, რომელიც ორ-სამ ტურს გამოტოვებს. მალელმა ტრავმა კვირას "სარაგოსასთან" მატჩში მიიღო. ექიმთა დასკვნით, გამორიცხულია, ბარძაყნატკენმა კანუტემ "მალიორკასთან" და "ხეტაფესთან" მატჩებში ითამაშოს. გრეგორიო მანსანოს განკარგულებაში ერთადერთი ჯანმრთელი ფორვარდია - ალვარო ნეგრედო. მწვრთნელმა მას შეიძლება 20 წლის როდრი შეუწყვილოს, ან ხორვატი ივან რაკიტიჩი წაწიოს წინ.
"ჰამბურგის" ნახევარმცველ პიოტრ ტროხოვსკის აგენტმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტი "სევილიაში" გადადის. ასე რომ, მართალი ყოფილა "მარკა", რომელიც ჯერ კიდევ გასულ კვირაში იუწყებოდა მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ. ტროხოვსკი ანდალუსიურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. გერმანიის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელს ივნისის ბოლოს უსრულდება კონტრაქტი "ჰამბურგთან" და ის "სევილიას" უსასყიდლოდ ერგება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული