არტეტა სამშობლოში ბრუნდება?

AutoSharing Option
"ვალენსიამ" შესაძლოა, ერთი ესპანელი ვარსკვლავი დააბრუნოს სამშობლოში - ლაპარაკია, "ევერტონის" ნახევარმცველ მიკელ არტეტაზე. "დეილი მირორის" ცნობით, "ვალენსია" ძალზე დაინტერესებულია ამ პლეიმეიქერის დამატებით. "ლოს ჩეს" ამ პოზიციაზე არ უჭირს, მაგრამ ვალებში ჩაფლული კლუბისთვის უკვე ძალზე რთულია არგენტინის ნაკრების წევრის, ევერ ბანეგას შენარჩუნება, რომლის გაყიდვაც, ალბათ, მაინც მოუწევთ "ღამურებს". 29 წლის არტეტა კი მის ჩინებულ შემცვლელად მოიაზრება.
არტეტა "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია, მაგრამ კატალონიური გრანდის მთავარ გუნდამდე მან ვერ მიაღწია. ესპანელს "პარი სენ ჟერმენში", "რეინჯერსა" და "რეალ სოსიედადში" უთამაშია, 2005 წლიდან კი "ევერტონში"
გადაბარგდა და მას მერე ლივერპულური კლუბის ერთგულია. არტეტა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და კონტრაქტით 2015 წლამდე "ევერტონელია". ამიტომ "ვალენსიას" მისი გადაბირება იაფი არ უნდა დაუჯდეს.

რეალთან ომისთვის ემზადებიან

ამ უქმეებზე ბილბაოს "ატლეტიკს" ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ევროსაგზურისთვის მებრძოლ "ლომებს" "სამეფო კლუბი" სტუმრობს. ამ მატჩის წინ გუნდის თავკაც ხოაკინ კაპაროსს კლუბის ექიმებმა ორი კარგი ამბავი უთხრეს და ერთი ცუდი. როგორც იქნა, გამოჯანმრთელდნენ იონ აურტენეჩე და იბაი გომესი. მათ გუნდYთან ერთად სრული დატვირთვის უფლება პირველად მისცეს. თუმცა ამავე ვარჯიშზე ფეხი იტკინა ფერნანდო ამორებიეტამ და, შესაძლოა, "რეალთან" თამაშს დააკლდეს. გუნდის სასტარტო შემადგენლობის ორი ფეხბურთელი ტრანაჟორების დარბაზში ვარჯიშობდა, ბორხა ეკიზასა და იკერ მუნიაინს მცირე ტრავმები აქვთ და ისინი "რეალთან" მატჩისთვის მწყობრში იქნებიან.

მასუდი სეზონის ბოლომდე

შეჭირვებულ "ოსასუნას" ქვა აღმართში დაეწია - კლუბის ერთ-ერთ ლიდერს, ირანელ ნახევარმცველ მასუდ შოჯაეის მუხლის ოპერაცია დასჭირდა. გამორიცხულია, ამ სეზონში მასუდი ნავარელებს პრიმერადივიზიონში ადგილის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში დაეხმაროს. ექიმების დასკვნით, მასუდი მინდორს დაახლოებით 3 თვეში დაუბრუნდება.

გარსია დანის ქვეშ

სერხიო გარსიამ ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება, მას მერე, რაც ტრავმირებული მხრის ტკვილები აუტანელი გახდა. ოპერაცია "ესპანიოლის" ფორვარდს სეზონის ბოლომდე უფეხბურთოდ დატოვებს, მის სრულ გამოჯანმრთელებას 2 თვე დასჭირდება. მომავალ კვირაში კლუბის ექიმები ოპერაციის თარიღსაც დაასახელებენ.

ბოლო სიტყვა მოურინიოზეა

გუშინ "ხეტაფეს" პრეზიდენტი ანხელ ტორესი "რეალის" ხელმძღვანელობას ეწვია. დედაქალაქის გარეუბნის გუნდს "რეალ კასტილიას" ორი ფეხბურთელის შეძენა სურს, რომლებიც მართალია, პირველ გუნდში ვერ ხვდებიან, მაგრამ სარეზერვო კლუბის ორ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებად ითვლებიან. ლაპარაკია მორატასა და სარაბიას სავარაუდო ტრანსფერებზე ზაფხულში.
ბოლო წლებია, "ხეტაფე" ხშირად მიმართავს ასეთ ტაქტიკას, "რეალის" სარეზერვო გუნდიდან ისეთ ფეხბურთელებს იწვევს, რომლებიც მთავარ გუნდში ვერ ხვდებიან. მოვიყვანთ მაგალითებს - ასე მოხვდნენ "ხეტაფეში" დე ლა რედი, გრანერო, კოდინა, პარეხო, მიგელ ტორესი, მოსკერა და სოლდადო.
სხვათა შორის, მხარეებმა ახლაც ნაყოფიერად იმსჯელეს, თუმცა "ხეტაფეს" პრეზიდენტს გარკვევით აუხსნეს - ბოლო სიტყვა ჟოზე მოურინიოს ეკუთვნის - თუ სეზონის შემდეგ ის იტყვის, რომ სარაბია და მორატა სჭირდება, "ხეტაფესთან" მოლაპარაკება შეწყდება.

რეალი-ბარსა მაღალი რისკის თამაშია

ასეთი დასკვნა გამოიტანა ესპანეთის სპორტის საშეჯიბრო კომიტეტმა. სხვათა შორის, ასეთივე ბედი ეწია სეგუნდადივიზიონის შეხვედრას "ხერესსა" და "ბეტისს" შორის. ამ მატჩებში მომხდარი არეულობის შემთხვევაში კლუბები, შესაძლოა, 150 ათასი ევროთი დაისაჯონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული