შაბათის მატჩს, რაც შეეხება - ხოსეპ გვარდიოლამ, რაც "ბარსელონას" თავკაცია, პირველად ვერ მოიგო "კლასიკო", მაგრამ ამ 1:1-ის შემდეგ პრაქტიკუ
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორი სამწვრთნელო არსენალის პატრონია ჟოზე მოურინიო და როგორ შეუძლია მატჩის მართვა და რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, როგორ შეუძლია არცთუ დაბალანსებული (თუმცა ვარსკვლავური) გუნდით იყოს კონკურენტუნარიანი. "ბარსელონას" შემთხვევაში კი ყველაფერი მარტივად არის, მწვრთნელიც შესანიშნავია და გუნდიც ჩინებულად აწყობილი. სხვათა შორის, ხოსეპ გვარდიოლამ ამ თამაშში კიდევ ერთი დადებითი თვისება გამოავლინა - პრაგმატულობა.
დავიწყოთ დასაწყისით, ჟოზეს გუნდის შემადგენლობის გამოცნობა გაცილებით რთული იყო, ვიდრე - პეპის. ის რომ კაპიტანი კარლეს პუიოლი თავს დადებდა, მაგრამ ამ შეხვედრაში მაინც ითამაშებდა, მაშინვე ცხადი იყო, როცა გვარდიოლამ მადრიდში წამსვლელი 20 კაცის სია ჩამოწერა. ეს კი მწვრთნელის მთავარი ექსპერიმენტის გაკეთებისგან იცავდა - პუიოლი მწყობრში როცაა, სერხიო ბუსკეტსის მცველად გადაყვანა რაღა საჭიროა. დანარჩენი 10 კაცის კი შეგვეძლო ერთი კვირით ადრე დაგვესახელებინა.
მოურინიომ კი სიურპრიზით დაიწყო. გახსოვთ ალბათ, როგორ ჩაიკარგა მესუთ იოზილი "კამპ ნოუზე" 0:5 დასრულებულ მატჩში. თუმცა მოუმ ის იმიტომ კი არ დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომ გერმანელს "ბარსას" შიში ჩამოუყალიბდა (მეორე ტაიმში მესუთმა დაამტკიცა, რომ ეს ასე სულაც არ არის), არამედ იმიტომ, რომ სულ სხვა ფეხბურთის თამაშს აპირებდა. პეპე პორტუგალიის ნაკრებში ხშირად თამაშობს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, "რეალში" - იშვიათად. ახლა კი მცველი სწორედ ამ პოზიციაზე სჭირდებოდა მოურინიოს და თანაც ძალიან - პორტუგალიელი ჩავი-ინიესტა-მესის სამკუთხედს ყელში უნდა გაჩხეროდა და, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ერთი კაცისთვის, პეპემ ეს შეძლო. ის კი არა, ალბიოლის გაძევების შემდეგ ბუნებრივად უკანდახეული პეპე, მოურინიომ მალევე დააბრუნა ნახევარდაცვაში, რადგან დღევანდელ "რეალში" ის ერთადერთია, რომელსაც ორი კაცის ფუნქციის შესრულება შეუძლია.
პირველი სახიფათო მომენტი "ბარსელონასი" იყო - მე-19 წუთზე ინიესტამ მესის ბრწყინვალე პასი გადააწოდა, არგენტინელმა კი კასილიასისთვის ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, რაც არ გამოუვიდა. "რეალის" ორი პასუხი ბენზემასა და რონალდოს შესრულებით ასეთი მწვავე არ ყოფილა. 27-ე წუთზე კი პირველი საკამათო ეპიზოდი მოხდა, მესიმ მეკარეს პირისპირ შეატოვა დავიდ ვილია, რომელიც ორთაბრძოლაში წაიქცა... ვფიქრობთ, საკამათო ბევრიც არაფერია - კასილიასმა მოცელა ვილია და პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ არბიტრი სესარ მუნის ფერნანდესი შეცდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ კი დასრულდა, მაგრამ შესვენებამდე ორივე გუნდს ანგარიშის გახსნის დიდებული შანსი მიეცა. მესიმ ერთხელაც აჯობა "რეალის" მცველებს და კარში სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ კასილიასმა ივარგა. საპირისპირო კართან კი სერხიო რამოსის თავური პასის შემდეგ რონალდო (ასევე თავით გაიტანდა), რომ არა ადრიანო, ბრაზილიელი კარის ხაზზე გადაეღობა ბურთს.
მეორე ტაიმის პირველი სახიფათო მომენტი "რეალისაა" - 49-ე წუთზე რონალდოს საჯარიმო დარტყმა ძელს გაეხახუნა. 2 წუთში კი მოედანზე ყველაფერი შეიცვალა - "რეალი" 10 კაცით დარჩა, მის კარში კი პენალტი დაინიშნა - ვილიამ მოხერხებულობითა და მოქნილობით აჯობა ალბიოლს, რომელმაც ხელით დაიჭირა "ელ გუახე". პენალტი მესიმ უნაკლოდ შეასრულა - ეს იყო არგენტინელის პირველი გოლი მოურინიოს გუნდების კარში და 30-ე ჩემპიონატში.
ამის შემდეგ აი, რა მოხდა: გვარდიოლამ შედეგის შენარჩუნება ბურთის ხანგრძლივი გათამაშების ხარჯზე გადაწყვიტა, "ბარსა" ცენტრის სრული ბატონ-პატრონი იყო, თანაც სტუმრები არ ცდილობდნენ იერიშების მიტანას კასილიასის კარზე, ისინი უფრო ელოდნენ როდის უღალატებდა "რეალს" ნერვები. 61-ე წუთზე ჩავის დარტყმული ხარიხას გაეხახუნა. მოურინიო მიხვდა, რომ ამით წაგება გაფორმდებოდა და თამამ ცვლილებებს მიმართა - დი მარია და ჩაბი ალონსო მოხსნა შეხვედრიდან, არბელოა და ადებაიორი შემოიყვანა (მანამდე იოზილიც ჩაერთო თამაშში), პეპე კი ისევ შუახაზში გადაიყვანა. ამას დაემთხვა პუიოლის ტრავმაც და თამაშის ხასიათი კიდევ ერთხელ შეიცვალა - "რეალმა" მომენტების შექმნა დაიწყო, რომლებითაც კარგად ვერ ისარგებლეს მარსელომ და ადებაიორმა.
ცოტაც და "ბარსა" "რეალის" მიერ 1960 წელს დამყარებულ რეკორდს გაიმეორებდა, როცა "სამეფო კლუბმა" მიჯრით 6 "კლასიკო" მოიგო, მაგრამ რონალდოს პასით საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი მარსელო მისმა თანამემამულე დანი ალვეშმა მოცელა. ჩვენი აზრით, იმ სამი საპენალტე სიტუაციიდან ყველაზე საეჭვო ეს ეპიზოდი იყო, თუმცა მსაჯი შეუვალი იყო - პენალტი კი რონალდომ გოლად აქცია, ეს მისი პირველი "კლასიკური" გოლია. ამის შემდეგაც დიდებული თამაში იყო, ის კი არა, სულ ბოლოს ვილიას რომ ხეირიანად გაეჩერიბინა ბურთი, ისევ "ბარსა" მოიგებდა. მოკლედ, პლანეტის ორი საუკეთესო გუნდის ჯახში, პლანეტის ორი საუკეთესო ფეხბურთელის თითო პენალტით ფრე დაფიქსირდა - 1:1.
ალვარო არბელოა (რეალი): "როცა 10 კაცით თამაშობ და აგებ, ბოლო წუთებზე გატანა და მარცხისგან ხსნა სულაც არ არის პატარა საქმე. ჩვენ ძალიან ბევრი მოვინდომეთ და ფრე დავიმსახურეთ კიდეც. რა თქმა უნდა, თავიდან ყველანი მოსაგებად გამოვედით, მაგრამ თამაში სულ სხვა სცენარით განვითარდა. 11 კაცით ბრწყინვალედ ვთამაშობდით, მათ შანსები თითქმის არ ჰქონდათ, ჩვენ - კი."
რიკარდო კარვალიო (რეალი): "ყველაზე მთავარი ის არის, რომ 10 კაცით თამაშისას მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ და არ წავაგეთ შეხვედრა. ახლა "ბარსასთან" დარჩენილი თამაშების მოგებაზე ვიფიქრებთ. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს გამოვტოვებ."
მარსელო (რეალი): "მსაჯობა მე რატომ უნდა შევაფასო? ჩვენ ფეხბურთელები ვართ და უნდა ვითამაშოთ ბოლომდე, არ აქვს მნიშვნელობა რეფერი ჩვენს საწინააღმდეგო თუ საჩვენო გადაწყვეტილებებს იღებს. ახლა ყველას თასის ფინალის მოგება გვსურს."
ჟოზე მოურინიო (რეალი): "პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ჩვენ მეტოქეს კომპაქტურად ვეთამაშებოდით. ფრე სულ სხვაა და მოგება კიდევ სხვა, თუმცა ამ შეხვედრიდან პოზიტიურ დასკვნებს გამოვიტანთ. ჩვენ კი გვსურს, რომ ორივე გუნდის წინააღმდეგ თანაბარი მსაჯობა იყოს, წესები ხომ ერთი და იგივეა. უკვე დავიღალე 10 კაცით თამაშით. ახლა ალბიოლმა თასის ფინალი უნდა გამოტოვოს პრაქტიკულად არაფრის გამო. რიცხობრივ უმცირესობაში "ბარსელონასთან" თამაში კოშმარია. რეფერიმ კი იგივე სახის ჯარიმისთვის დანი ალვეში მოედანზე დატოვა. ერთხელ მეც მინდა 10-კაციანი "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში. წინ თასის ფინალია, რომლის მოგება ძალიან ძნელი იქნება, თუმცა ჩვენ სწორედ ამას ვაპირებთ და, იმედია, "მესტალიაზე" მაინც ვიქნებით თანაბარ პირობებში."
ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ჩვენ ჯერ არ ვართ ჩემპიონები, წინ კიდევ 6 ტურია. ჩვენ ველოდით, რომ მოურინიო რაიმე სიურპრიზს შემოგვთავაზებდა და ასეთი პეპეს ნახევარდაცვაში თამაში იყო. პორტუგალიელი ძალიან ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელია, მისი დამარცხება ძნელია. პეპემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით. მსაჯობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ვერც ერთი საკამათო ეპიზოდი ვერ დავინახე გარკვევით. იმედია, თასის ფინალში ისევ გვეყოლება პუიოლი."
ჩავი (ბარსელონა): "ბარსელონა" დღესაც ბევრად უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე "რეალი". ცუდია, რომ ვერ მოვიგეთ, ამით საბოლოოდ გადავწყვეტდით ჩემპიონის საკითხს. თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და დაცვაშიც კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ბოლოსკენ საკუთარ თავებს შევუქმენით პრობლემები."
პედრო (ბარსელონა): "მეტოქემ პენალტით გაათანაბრა, რომლის მართებულობაში დარწმუნებული არა ვარ. "რეალს" ვაჯობეთ, თუმცა ფრეც კარგი შედეგია. აი, ოთხშაბათის თამაში კი სულ სხვა იქნება, მოგებული ხომ თასს მოიპოვებს."
მომდევნო ტური
23 აპრილი: ვალენსია-რეალი, ბარსელონა-ოსასუნა, ბილბაო-რეალ სოსიედადი.
24 აპრილი: ერკულესი-დეპორტივო, მალიორკა-ხეტაფე, რასინგი-მალაგა, სპორტინგი-ესპანიოლი, ატლეტიკო-ლევანტე, სევილია-ვილიარეალი.
25 აპრილი: სარაგოსა-ალმერია.
.