კლასიკოდან კლასიკომდე

AutoSharing Option
4:0 0:5-ის მერე?
შეუძლია თუ არა მადრიდის "რეალს" ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონას" 4:0 დამარცხება? მას მერე, რაც ჩემპიონატში "სამეფო კლუბი" 0:5 შერცხვა კატალონიურ გრანდთან, მსგავსის მტკიცება არარეალურია, თუმცა ამ კლუბების ისტორიაში ერთხელ სწორედ ასე მოხდა...

მართალია, ჟოზე მოურინიოს გუნდმა ახლახან არ წააგო "ბარსელონასთან" და 10 კაცის ამარა 1:1 ეთამაშა მას, მაგრამ დასამალი არავისთვისაა - საჩემპიონო დუელი "ბარსამ" "რეალს" სერიოზული უპირატესობით მოუგო, ჯერ "კამპ ნოუზე" შეარცხვინა, შემდეგ კი მადრიდული ფრეს წყალობით თითქმის გაინაღდა ჩემპიონობა - დარჩენილ 6 ტურში "რეალმა" კონკურენტზე 9
ქულით მეტი უნდა დააგროვოს, ამისი კი ესპანეთში აღარავის სჯერა.

ასე რომ, მოურინიოს გუნდს ოთხშაბათს, თასის ფინალში საჩემპიონო მარცხისთვის შური აქვს საძიებელი. შეძლებს კი "რეალი" ამას, ისტორია გვეუბნება, რომ "ლოს ბლანკოსს" ამის არცთუ ურიგო შანსი აქვს. კოპა დელ რეის (ანუ სამეფო თასი ჩვენებურად) ფინალში "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს ხუთჯერ გადაეყარა. 1934 და 1974 წლებში ტიტული მადრიდელებს დარჩათ, 1968, 1983 და 1990 წლებში კი - ბარსელონელებს. ჩვენი ინტერესის საგანი 1974 წლის სეზონია. იმ სეზონში "რეალს" "ბარსელონამ" 5:0 მარცხი აგემა, თანაც "სანტიაგო ბერნაბეუზე"! მაშინ გოლები ხუან მანუელ ასენსიმ (დუბლი), იოჰან კრუიფმა, ხუან კარლოსმა და უგო სოტილმა გაიტანეს. ეს გუნდები ერთმანეთს თასის ფინალში გადაეყარნენ და "რეალმაც" რევანში აიღო. სხვათა შორის, მაშინდელი ლიმიტის გამო უცხოელ ფეხბურთელებზე ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს კრუიფმა და სოტილმა, რამაც "ბარსა" გვარიანად დაასუსტა, "რეალმა" გაილაღა და თასი 4:0 მოგებით მოიპოვა. გოლები 37 წლის წინანდელ ფინალში სანტილიანამ, ბენიტო რუბინანმა, ფრანსისკო აგილარმა და პირიმ გაიტანეს.
რა თქმა უნდა, ახლა ამის გამეორება გაჭირდება, ასეთი პერსპექტივა შეუძლებელადაც მოსჩანს, მაგრამ ისტორია კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია და თანამედროვე რეალელებს ეს ისტორია ოთხშაბათის ფინალის წინ ფრთებს შეასხამს.


იოზილი სასტარტოში ბრუნდება
გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი ალბათ დაუბრუნდება მადრიდელთა სასტარტო 11-ეულს, როცა "რეალი" თასის ფინალში "ბარსელონას" დაუპირისპირდება. გერმანელი პლეიმეიქერი მოურინიომ ტაქტიკური მოსაზრებით დატოვა სათადარიგოთა სკამზე შაბათის "კლასიკოზე", თუმცა იოზილმა ბოლო ნახევარი საათი ისე კარგად ითამაშა, რომ მოურინიოს აფიქრებინა, მესუთი მას პირველივე წუთებიდან სჭირდება.

შაბათს იოზილის გარეშე მოთამაშე ნახევარდაცვამ (პეპე, სამი ხედირა, ჩაბი ალონსო) წინ ბევრი ვერაფერი შექმნა, მაგრამ "ბარსას" საყოველთაოდ ცნობილ ნახევარდაცვის ხაზს ბევრი პრობლემა გაუჩინა. განსაკუთრებით პეპე გამოირჩეოდა, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო მადრიდელთა რიგებში. "დიარიო ასი" მიიჩნევს, რომ მოურინიომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო - იოზილი პირველივე წუთებიდან ითამაშებს, ამ გადაწყვეტილებას კი ქარიმ ბენზემა ემსხვერპლება, ყოფილმა ლიონელმა ერთი-ორჯერ კი იყოჩაღა "კლასიკოზე", მაგრამ საერთო ჯამში მაინც ვერ გაამართლა მწვრთნელის იმედები. 22 წლის იოზილი გასულ ზაფხულს გადავიდა "რეალში" და ასე მოკლე დროში შეძლო "სამეფო კლუბის" ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად ქცევა.


რონალდო? კასილიასი? არა - პეპე!
შესაძლოა, კრიშტიანო რონალდომ ძალზე მნიშვნელოვან მომენტში გაიტანა გადამწყვეტი პენალტი. შესაძლოა, იკერ კასილიასის თავდაჯერებულობამ და უშეცდომო თამაშმა ბევრი რამ განსაზღვრა, მაგრამ შაბათის "კლასიკოს" გმირობა უთუოდ სხვას ეკუთვნის. ეს სხვა ბრაზილიური წარმოშობის პორტუგალიელი მცველი პეპეა. ნახევარდაცვის ურჩხულად ქცეული მცველი.

28 წლის პეპეს საფეხბურთო სამყარო ცენტრალურ მცველად იცნობს, თუმცა ადრეულ წლებში, "მარიტიმუსა" და "პორტუში" ის ნახევარდაცვის შუაში თამაშობდა. ხშირად გვინახავს ის ამ პოზიციაზე პორტუგალიის ნაკრებშიც. მოკლედ, მოურინიოს ახალი ველოსიპედი არ გამოუგონია, თუმცა სწორედ მისმა მიგნებამ "კლასიკოს" ჩარხი "რეალისკენ" შეატრიალა.

პეპემ ამ პოზიციაზე ისე ითამაშა, თითქოს, "რეალში" სულ საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა. მისი აქტიური პრესინგის გამო ლეო მესი იძულებული იყო სიღრმეში დაეხია და იქიდან შეეტია მეტოქის კარისთვის. ამასთან, პეპე წინ წასვლასაც კი ასწრებდა, თუკი მისი გუნდი უტევდა. მას დაავალეს ცენტრში, რაც შეიძლება ბევრჯერ მოეპოვებინა დაკარგული ბურთი და პეპემ ჩვეული ტემპერამენტით ამოცანას თავი იოლად გაართვა.

როცა საჭირო იყო, პეპე წესების დარღვევასაც არ თაკილობდა, თუმცა პორტუგალიელის 5 ჯარიმიდან არც ერთი იყო უხეში. პეპეს თამაშმა "ბარსას" მოედნის ცენტრში ჩვეულად გალაღების საშუალება არ მისცა. რაულ ალბიოლის გაძევების შემდეგ პეპემ დროებით უკან დაიხია, დაცვის ცენტრში, მაგრამ მოურინიო მალევე მიხვდა, რომ ეს "რეალს" დაღუპავდა, რადგან მოედნის ცენტრში "ბარსა" სრული ბატონ-პატრონი გახდა. მოუმ ალვარო არბელოა შეუშვა და პეპე ნახევარდაცვაში დააბრუნა.

ახლა მოურინიო ალბათ დილემის წინაშეა, შეუცვალოს თუ არა პოზიცია პეპეს სამუდამოდ, ექსპერიმენტმა ხომ ძალიან გაამართლა. თუკი დარჩენილ სამ "კლასიკოშიც" პეპე ასეთი შემართებით ითამაშებს, ის მალე მადრიდისტების საყვარელი ფეხბურთელი გახდება.


მორალური გამარჯვება
რა ვუწოდოთ 4-დან პირველ "კლასიკოში" დასრულებულ მატჩს? მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩის შემდეგ "ბარსას" ჩემპიონობა ცხადი გახდა, ეს იყო "რეალის" მორალური გამარჯვება. ჟოზე მოურინიომ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში 10 კაცით ისევე ეფექტურადაა შესაძლებელი, როგორც - 11-ით.

პორტუგალიელი ყოველთვის ცდილობს და ძირითადად ახერხებს კიდეც, რომ თავისი გუნდიდან მაქსიმუმი გამოადნოს, მაშინაც კი, როცა მისთვის არახელსაყრელად ვითარდება თამაში. ისე, როგორც ეს შაბათს მოხდა, როცა 50-ე წუთზე მსაჯმა რაულ ალბიოლს წითელი ბარათი აუფრიალა.

ეს "კლასიკო" ორი სრულიად განსხვავებული სტილის ფეხბურთის ნათელი მაგალითი იყო - "ბარსა" ცდილობდა თამაშის რიტმი ეკონტროლებინა, ბურთი მუდამ ჰქონოდა და პასებით გასულიყო ფონს. "რეალი" კი მაღალი ტემპისა და მწვავე კონტრშეტევების იმედად იყო.

თამაშის წინ სტუმართა მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აკი ამბობდა კიდევაც - "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია კონტრშეტევებზე თამაშშიო. ასე რომ, როცა ალბიოლს წითელი აუფრიალეს პეპს განგაშის ზარი უნდა შემოეკრა. ერთი წლის წინათ მოურინიოს "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგიდან ორი მატჩის ჯამში გამოაგდო "ბარსელონა". იტალიაში 3:1 მოგების შემდეგ, იტალიელებმა მხოლოდ 0:1 დათმეს, მიუხედავად იმისა, რომ 28-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ - მსაჯმა ტიაგო მოტა გააძევა. იმ თამაშის შემდეგ მოურინიო ამბობდა: "ჩვენ ბურთი არაფერში გვჭირდებოდა, მთავარი იყო, არ დაგვეთმო პოზიციები. ამიტომაც მშვიდად დავუთმეთ "ბარსას" ბურთი".

მაგრამ შაბათს ცოტა უფრო სხვა სიტუაცია იყო, როცა ალბიოლი გააძევეს, "რეალის" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მესიმ გოლად აქცია. ასე რომ, მოურინიოს ლიდერობა დასაცავი კი არ ჰქონდა, 10 კაცით წაგებული თამაში უნდა შემოეტრიალებინა - მატჩის დასრულებამდე 40 წუთით ადრე კაცნაკლული "რეალი" 0:1-ს აგებდა. არადა, ალბიოლის გაგდებამ თამაში დიდად არ შეცვალა. ამის მიზეზი კი მოურინიოს გამართული ტაქტიკაა, რომელიც 10 კაცით თამაშისასაც საკმაოდ ეფექტურია. "რეალი" უცბად გადაეწყო რიცხობრივ უმცირესობაში თამაშზე და მალე "ბარსელონას" დაცვას "რეალის" კონტრშეტევებისას გაუჭირდა.

მოურინიო პიონერია ამ სისტემის დანერგვაში, ჯერ კიდევ "პორტუში" ყოფნისას მან ამას "პრესაო ალტა" (მაღალი პრესინგი) უწოდა. ამის შემდეგ, სისტემას მუდამ წარმატებები მოაქვს "განსაკუთრებულისთვის".

თუ გახსოვთ, ლა ლიგის ერთ-ერთ ტურში იკერ კასილიასი პირველივე წუთზე გააძევეს. მაშინდელი მეტოქე (ესპანიოლი) საოცარ ფორმაში იყო, მაგრამ, საბოლოოდ, გამარჯვება "რეალს" დარჩა - 1:0. მისთვის მეორე სეზონში "ინტერში" მოურინიოს გუნდმა ყაზანის "რუბინთან" ბოლო ნახევარი საათი 10 კაცით ითამაშა, თუმცა მიზანს (ფრე) მიაღწია. მოუმ ერთხელ 9 კაცითდაც არ წააგო სერია A-ს მატჩში ("სამპდორიას" წინააღმდეგ). სხვათა შორის, იმ შეხვედრაში "ინტერს" ორი მცველი გაუძევეს (ვალტერ სამუელი, ივან კორდობა) და თან ორივე პირველ ტაიმში.
კიდევ უფრო კარგ შედეგს მიაღწია მოურინიომ "მადონინაზე", როცა "მილანთან" თამაშის 29-ე წუთზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვესლი სნეიდერი გაუძევეს - "ინტერმა" დერბი 2:0 მოიგო. ბოლო წუთებზე ბრაზილიელმა მცველმა ლუსიომაც მიიღო წითელი ბარათი, ასე რომ, "ინტერმა" "მილანს" 9 კაცით აჯობა. მაშინ მოურინიომ ამაყად განაცხადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში წავაგებდით, თუ მოედანზე 6 ფეხბურთელი დარჩებოდაო.
თუ არ ჩავთვლით მოუს პირველ "კლასიკოს", როცა სერხიო რამოსი გააძევეს, პორტუგალიელი თავკაცი მუდამ კარგად უმკლავდებოდა რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნას და თუ მაინც მარცხდებოდა, მხოლოდ დაძაბულ ბრძოლაში.
სხვათა შორის, შაბათის მატჩის წინ მოურინიომ იწინისწარმეტყველა კიდევაც, რომ ფეხბურთელს გაუძევებდნენ, ჩვენ 10 კაცით თამაშს ვხვეწდითო - განუცხადა მაშინ მწვრთნელმა რეპორტიორებს. იგივეს იმეორებს პორტუგალიელი ახლაც, თასის ფინალის წინ. გაუძევებენ თუ არა ფეხბურთელს ხვალიდენ "კლასიკოზეც", ძნელი სათქმელია, მაგრამ მოურინიო ხმამაღლა აცხადებს, რომ ამისთვის მზადაა.


მარსელომ ალვეშს გაუმხილა: ვიაფერისტე
სენსაციურ ცნობას აქვეყნებს კატალონიური გაზეთი "სპორტი", რომელსაც ინტერვიუ ბრაზილიელმა დანი ალვეშმა მისცა. სწორედ ამ ინტერვიუში ალვეშმა განაცხადა, რომ თამაშის შემდეგ მასთან რეალელი თანამემამულე მარსელო მივიდა და მოუბოდიშა, რადგან მატჩის მიწურულს წაქცევა გავაფორმე პენალტი სინამდვილეში არ იყოო. შეგახსენებთ, რომ 81-ე წუთზე საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან შეჭრილი მარსელო დანი ალვეშმა შეაჩერა, ბარსელონელები ამტკიცებენ, რომ ეს მან წესების სრული დაცვით შეძლო, თუმცა სხვა აზრის იყო მსაჯი, რომელმაც ვიქტორ ვალდესის კარში პენალტი დანიშნა, პენალტი, რომელმაც "ბარსას" ზედიზედ მე-6 "კლასიკოს" მოგების შანსი დაუკარგა.
დანი ალვეში ამბობს, რომ მარსელომ თავისი საქციელი სათამაშო სიტუაციითა და გუნდის საჭიროებით ახსნა, "რეალი" აგებდა და ხსნა არ ჩანდა. ასეა თუ ისე, ახლა სამეფო თასის ფინალის ჯერია, რომელიც ოთხშაბათს ვალენსიაში, "მესტალიას" სტადიონზე გაიმართება. მოკლედ, "კლასიკო" დასრულდა, ახალი "კლასიკო" იწყება.







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული