ენდიმ მადრიდში შიში ჭამა

AutoSharing Option
ენდი თაუნსენდი ყოფილი ფეხბურთელი გახლავთ. მას ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ორ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული. თამაშობდა რვა სხვადასხვა კლუბში, მათ რიცხვში „ჩელსიში“, „ასტონ ვილასა“ და „მიდლსბროში“. დღეს თაუნსენდი 47 წლისაა და ტელე და საგაზეთო ჟურნალისტად მუშაობს. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგახსენეთ, რომ მიმომხილველს ოთხშაბათს, მადრიდში, შემაშფოთებელი ამბავი გადახდა.

ის ესპანეთის დედაქალაქში ტელეკომპანია ITV-ს ბოსებთან ერთად იყო, როდესაც ხულიგნები დაესხნენ თავს. მიზეზი: თაუნსენდი „რეალ“-„ბარსელონას“ ნახევარფინალური შეხვედრის გერმანელ მსაჯ ვოლფგანგ შტარკში აერიათ. გადარჩენილმა ირლანდიელმა ყველაფერი, რასაკვირველია, „რეალის“ პორტუგალიელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს დააბრალა.
თავისი საქციელით სწორედ მოურინიომ წააქეზა მადრიდელი ცხელთავიანები არბიტრის წინააღმდეგ. თაუნსენდმა თქვა:

„რესტორანში შევედი და ის-ის იყო სადილობას შევუდექი, რომ შევამჩნიე, ხალხი მიყურებდა. ზოგმა ფოტოების გადაღება დაიწყო, ერთი კი მოვიდა, მაგიდაზე მარიხუანას ფოთოლი დამიდო და დამცინავი გამომეტყველებით მითხრა: ეს ჩვენგან! მაგიდასთან ათნი ვისხედით და ვერაფრით მივხვდით რა ხდებოდა. შემდეგ, რომ ვისადილე წამოვდექი და რესტორანში ღრიანცელი ატყდა: „ბუუ“ დამიძახეს. ტუალეტში გასულს გამომყვნენ. ასეთ დღეში ჩავარდნილს ოფიციანტი დამეხმარა, მაგიდამდე მიმაცილა. ისევ ვერაფერს ვხვდებოდი.

მერე, ვიღაცეები მოდიოდნენ და ესპანურად აგრესული ტონით მელაპარაკებოდნენ. რესტორნის მეორე ბოლოდან ვიღაც კაცმა ყვირილი დამიწყო. ნელ-ნელა ვითარება იძაბებოდა და შეიძლებოდა კონტროლს აღარ დაქვემდებარებოდა. ამ დროს მკერდზე დავიხედე - უეფას აკრედიტაცია ისევ ჩამოკიდებული მქონდა და მივხვდი, რომ ამ ხალხს მსაჯი ვეგონე. როგროც კი ამ ადამიანთა ქცევის საიდუმლო ამოვხსენი, წამოვდექი და ვთქვი, რომ ინგლისის ტელევიზიის წარმომადგენელი ვიყავი“.

მომხდარმა ITV-ს თანამშრომლებს შორის დიდი ხალისი გამოიწვია, მაგრამ თავად თაუნსენდი სხვა აზრისა დარჩა:

„ჩემმა კოლეგამ ედრიან ჩაილსმა ვოლფი დამიძახა და ძალიან იხალისა, მაგრამ ამ ყველაფერს მეტისმეტად სახიფათო მხარეც აქვს. ხალხი ისე იყო აღელვებული, რომ მსაჯის სისხლს დალევდა. მათთვის „რეალის“ დამაცხებაში დამნაშავე ერთადერთი კაცი, არბიტრი იყო და ეს იდეა მოურინიომ მიაწოდა. მე უშუალო მოწმე გავხდი იმისა თუ როგორ ზემოქმედებს მოურინიო ადამიანებზე და არ მინდა ეს კაცი ინგლისში დაბრუნდეს. თამაშის შემდეგ, სანამ სტადიონიდან ჯერ კიდევ მიგვყავდა რეპორტაჟი, ვხედავდი ორ კაცს, რომლებიც ხელჩართულნი ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული