”მალაგამ” ლუსიოს დაუმიზნა

AutoSharing Option
ესპანური პრიმერას ყველაზე სამხრეთული კლუბი, "მალაგა" ყველაზე აქტიურია სატრანსფერო ბაზარზე. შეიხ აბდულ ალ ტანი ყიდულობს და ყიდულობს მანუელ პელეგრინისთვის ახალ ფეხბურთელებს.

ეჭვსგარეშეა, არაბი მფლობელი მომავალ სეზონში აღარ შეეგუება, თუკი ანდალუსიელებს კვლავ მოკრძალებული ამოცანები ექნებათ გადასაწყვეტი. შეგახსენებთ, რომ "მალაგამ" ბოლო სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა. ამ დღეებში კლუბი ერთბაშად არნახულად გაძლიერდა.

მოდი, მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ - ჯერ სეზონი არ იყო დასრულებული, როცა გამოცხადდა, რომ "ბაიერნიდან" იჯარით აყვანილ არგენტინელ მარტინ დემიკელისს კონტრაქტი გაუფორმეს, ხოლო მის ნაცვლად ბავარიელებს 3 მილიონი ევროთი შეევსებოდათ ხაზინა. ივნისის
დასაწყისში კი ოფიციალურად გამოცხადდა, რომ "ჰამბურგის" ჰოლანდიელი ფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი "მალაგელია". თანაც ასაკოვანი (34 წლისაა), მაგრამ მაინც მსოფლიო დონის ვარსკვლავი მანუელ პელეგრინის უფასოდ ერგო. ვან ნისტელროის 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

10 დღის შემდეგ "მალაგამ" ისეთი ფეხბურთელი გაიფორმა, რომელიც სავარაუდოდ, კარგა ხნით ჩაიბარებს ესპანეთის ნაკრების დაცვის მარცხენა ფლანგს - ლაპარაკია ნაჩო მონრეალზე. 25 წლის პამპლონელის სანაცვლოდ "მალაგა" "ოსასუნას" 6 მილიონ ევროს გადაუხდის.

ვან ნისტელროის "ჰამბურგიდან" "კუდი" მოჰყვა - ფრიად მსუყეც - 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ანდალუსიაში გააგრძელებს კარიერას ჰოლანდიელი მცველი იორის მატეისენი. ესპანური და გერმანული გუნდები სატრანსფერო თანხას არ ასახელებენ. ამიტომ, ესპანური მედია "მკითხაობს" - მატეისენში შეიხ აბდულ ალ ტანიმ მილიონიდან 2,5-მდე ევრო გადაიხადა. მატეისენი 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს და ახლა მისმა მსურველმა ალ ტანის 20 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. 31 წლის მატეისენი უნივერსალი მცველია, მან ხუთი სეზონი გაატარა "ჰამბურგში", ჰოლანდიის ნაკრებში კი 70-ზე მეტი თამაში ჩაატარა.

გუშინ მატეისენს კიდევ ერთი ძლიერი ფეხბურთელი მიჰყვა "მალაგაში" - ფრანგი ჟერემი ტულალანი. საყრდენმა ნახევარმცველმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ანდალუსიურ კლუბთან. დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა "ლიონიდან" მისი ტრანსფერი სავრაუდოდ 10-15 მილიონი ევრო დაჯდა. 27 წლის ტულალანს პუბლიკას თვის ბოლოს წარუდგენენ. აქ ჩამოთვლილთ დავუმატოთ არგენტინელი დიეგო ბუენანოტე, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში გაიფორმა კლუბმა. "რივერ პლეიტის" 23 წლის გარემარბი ახალი სეზონიდან შეუერთდება გუნდს - მის სანაცვლოდ "მალაგამ" 4,5 მილიონი ევრო გაიღო.

საბოლოო ჯამში, "მალაგამ" 6 ფეხბურთელში 25-32 მილიონი ევრო უკვე დახარჯა და ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. "მალაგამ" 2015 წლამდე გაუგრძელა კონტრაქტი სამ პერსპექტიულ ფეხბურთელს: რესიოს, ფრანსისკო პორტილიოსა და ხუანმის U(რომელიც გასულ სეზონში პრიმერას ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, 17 წლის). არსად მიდიან გასული სეზონის ლიდერები რონდონი (კლუბის ბომბარდირი 14 გოლით), ჟულიო ბაპტიშტა (რომელმაც მოკლე ხანში 9 გოლი გაიტანა), ურუგვაელი სება ფერნანდესი (7 გოლი), ელიზეუ და სხები...

ამას შედეგი უკვე მოაქვს - "ლა როსალედაზე" სეზონის აბონიმენტების შარშანდელი მაჩვენებლის 60% უკვე გაყიდულია. არადა, სეზონის დაწყებამდე 2 თვეზე მეტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული