ალექსის ალეხანდრო სანჩესი
დაიბადა: 1988 წლის 19 დეკემბერს ჩრდილოეთ ჩილეს ოკეანისპირა ქალაქ ტოკოპილაში.
თამაში შეუძლია შეტევისა და ნახევარდაცვის ფლანგებზე.
ის ჩილეს "ოქროს თაობის" წევრია, ჩილეს 20-წლამდელთა გუნდმა 2007 წელს კანადაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა.
მისი მეტსახელია - "ელ ნინიო მარვილია".
კარიერა
2003-2006 - "კობრელოა" (ჩილე)
2006-დღემდე - "უდინეზე" (იტალია)
იჯარით ითამაშა: 2006-07 - "კოლო კოლო" (ჩილე), 2007-2008 - "რივერ პლეიტი" (არგენტინა).
ჩილეს ნაკრებში: 37 თამაში, 13 გოლი
პირადი საიტი: http://www.alexissanchez.com
ვისი სავარაუდო ტრანსფერია, რომ არ ჩამოდის ევროპული გაზეთების
ყველას გვარიანად მოყირჭდა ერთი და იგივეს კითხვა, თუ როგორ სურს "არსენალის" ესპანელ კაპიტანს მშობლიურ გუნდში დაბრუნება და ამას ვერ ახერხებს. თანაც, სცენარი რომ არ შეცვლილა, ახლა ისევ "ბარსასთვის" მიუღებელი სატრანსფერო ფასის თემა ამოტივტივდა... რა თქმა უნდა, საინტერესოა, სად გააგრძელებს კარიერას სერხიო აგუერო, "რეალში" თუ სხვაგან, მაგრამ ალექსის სანჩესის სავარაუდო ტრანსფერს, ფეხბურთის მოყვარულთა დაინტერესების თვალსაზრისით, ეს ამბავიც გვარიანად ჩამორჩება.
"უდინეზედან" "ბარსაში", გზა, თითქოს, გაკვალულია, მაგრამ გუნდები ფასზე ჯერ ვერ შეთანხმებულან - იტალიური გუნდის მფლობელი ჯამპაოლო პოცო 22 წლის ჩილელის ხარჯზე აპირებს სუპერგუნდის შექმნას - ალექსის სანჩესს 50 მილიონ ევროს აფასებს.
სანჩესი ფეხბურთის მოყვარულთა უდიდესმა ნაწილმა პირველად შარშანდელ მუნდიალზე ნახა და მოიხიბლა. უზადო ტექნიკისა და სისწრაფის პატრონის თამაშის ყურება სამხრეთ აფრიკაში ერთი სიამოვნება იყო. სხვათა შორის, სანჩესი "უდინეზეს" 2006 წლიდან ეკუთვნის, მაშინ წინდახედულმა იტალიელებმა ტალანტში 3 მილიონ ევროზე ნაკლები გადაუხადეს "კობრელოას".
დიდებულ მუნდიალს ბრწყინვალე სეზონი მოჰყვა სერია A-ში, სადაც "უდინეზემ" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, ჩილელმა კი 27 თამაშში 12 გოლი გაიტანა.
"ბარსას" უყვარს ხოლმე სამხრეთამერიკელი ტალანტების ხელში ჩაგდება და მათზე აქცენტის გაკეთება. მაგრამ ყოველ რონალდინიოსა და ლიონელ მესიზე თითო კეირისონი და ჯოვანიც მოდის. ესეც უნდა გაითვალისწინონ "ბარსას" ხელმძღვანელებმა, თუმცა წინასწარ ყველაფერი ისე ჩანს, რომ სანჩესს ურიგო კარიერა არ უნდა ელოდეს კატალონიაში.
მოკლედ, გადავხედოთ "ბარსელონას" სამხრეთამერიკულ ტრანსფერებს და ვნახოთ, როდის ცდებოდნენ კატალონიაში და როდის მოარტყეს ათიანში...
ვარსკვლავები
რომარიო (ბრაზილია)
ბარსა: 1993-1995
63 თამაში, 39 გოლი, 12 მილიონი ევრო
პსვ-ში ხუთი სეზონის გატარების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფორვარდი კატალონიაში ორი წელი გაჩერდა. მას განსაკუთრებით ეფექტური სადებიუტო სეზონი ჰქონდა - ლა ლიგის 33 მატჩში 30 გოლი გაიტანა.
რონალდო (ბრაზილია)
ბარსა: 1996-1997
49 თამაში, 47 გოლი, 15 მილიონი ევრო
როგორც რომარიო, ისიც პსვ-დან მივიდა, ფორვარდი სულ ერთი სეზონი გაჩერდა "ბარსაში", მაგრამ როგორ ითამაშა! მესიმდე 49 თამაშში 47 გოლი საკლუბო რეკორდი იყო.
რივალდო (ბრაზილია)
ბარსა: 1997-2002
235 თამაში, 130 გოლი, 23,5 მილიონი ევრო
რონალდო რივალდომ შეცვალა. მართალია, ისინი ერთი ყაიდის ფეხბურთელები არ არიან, მაგრამ რივალდომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა "ბარსას" წარმატებებში. "დეპორტივოსგან" ნაყიდმა ბრაზილიელმა 5 დაუვიწყარი სეზონი გაატარა კატალონიურ გრანდში. ყველას ახსოვს მისი ეფექტური მაკრატელა-დარტყმები.
რონალდინიო (ბრაზილია)
ბარსა: 2003-2008
254 თამაში, 107 გოლი, 12 მილიონი ევრო
რივალდოს შემდეგ "ბარსელონას" საამაყოდ რონალდინიო ჰყავდა, ის პსჟ-დან გადმოიყვანეს. 2004 და 2005 წლებში ის ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ლიონელ მესი (არგენტინა)
ბარსა: 2004-დღემდე
269 თამაში, 180 გოლი, უფულოდ
მესის დამსახურებების მოკლე ჩამოთვლას ვაპირებდით, მაგრამ გადავიფიქრეთ - უკომენტაროდ...
იმედგაცრუებები
ჯოვანი სილვა ოლივეირა (ბრაზილია)
ბარსა: 1996-1999
93 თამაში, 26 გოლი, 5,5 ევრო
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ჯოვანის ურიგო შედეგი არა აქვს. შეგვიძლია გავიხსენოთ მისი მნიშვნელოვანი გოლები "რეალთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ბაიერნთან"... მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ის "ბარსაში" "ახალი პელეს" სტატუსით მივიდა, შემდეგ კი... "ოლიმპიაკოსში" გადავიდა.
ჯოვანი (ბრაზილია)
ბარსა: 2001-2003
41 თამაში, 2 გოლი, 21 მილიონი ევრო
"ბარსელონაში" ეგონათ, რომ ეს ჯოვანი (თუმცა მათი სახელები ლათინურად სხვადასხვანაირად იწერება) უფრო გაამართლებდა, მაგრამ გაცილებით უარესი შედეგი მიიღეს. 21 მილიონად ნაყიდმა კაცმა "კამპ ნოუზე" ერთადერთი გოლი გაიტანა და "ბარსადან" უტიტულოდ წავიდა.
მაქსი ლოპესი (არგენტინა)
ბარსა: 2004-2009
18 თამაში, 2 გოლი, 6,5 მილიონი ევრო
2004 წელს ჰენრიკ ლარსონმა ტრავმა მიიღო და "ბარსამ" მის შესაცვლელად "რივერ პლეიტიდან" მაქსი ლოპესი იყიდა. მაქსი თავს კი იწონებს "ბარსელონაში" მოპოვებული ტიტულებით, მაგრამ მისი წვლილი ამაში ნულოვანია.
კეირისონი (ბრაზილია)
ბარსა: 2009-დღემდე
არ უთამაშია, 14 მილიონი ევრო
14 მილიონად იყიდეს და კეი-9 უწოდეს, მისგან ძალიან ბევრს ელოდნენ და ერთი მატჩიც ვერ ითამაშა ბრაზილიელმა "ბარსაში". სულ იჯარის წესით თამაშობს და არც იმ გუნდებში ბრწყინავს. მოკლედ, ვიღას ახსოვს კეირისონი? "ბარსას" ხელმძღვანელებმა უნდა გაიხსენონ, სანამ ალექსის სანჩესის კონტრაქტს ბეჭედს დაასვამენ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"