მოგეხსენებათ, „ბარსელონამ“ ლონდონელებს 27 მილიონი ფუნტი (30 მილიონი ევრო) შესთავაზა, რაზეც მათ უარი თქვეს. ისინი კაპიტანს 40 მილიონ ფუნტად (44,7 მილიონი ევრო) აფასებენ და, მართალია, დააკლებენ, მაგრამ „ბარსას“ შეთავაზებულ ფასსა და ამ თანხას შორის მეტისმეტად დიდი განსხვავებაა.
ამრიგად,
ფეხბურთელისაც გასაგებია. იმ შემთხვევაში, თუ მისი ტრანსფერი ჩაიშლება და ლონდონში მოუწევს დარჩენა, გაფიცვა საქმეს მხოლოდ გაუფუჭებს. გარდა ამისა, არსებობს იმიჯიც: მართალია, ფაბრეგასს არასდროს დაუმალავს, რომ „ბარსელონაში“ უნდა გადასვლა, მაგრამ ამასთან, ყოველთვის იმეორებდა, რომ „არსენალი“ მისთვის განსაკუთრებული კლუბია. ლონდონელებიც, თითქოს და, მკაფიოდ ამბობენ, რომ ფაბრეგასი მათი კლუბის თილისმაა და მას მხოლოდ დიდ ფულად თუ გაყიდიან.
ამ ზაფხულს „ბარსელონას“ იმდენი თანხა არ აქვს, რომ მისთვის სასურველ ყველა ფეხბურთელში დაუნანებლად გაიღოს. აი, მაგალითად, კატალონიელებს ძალიან უნდათ „უდინეზესგან“ 22 წლის ჩილელი ალექსის სანჩესის ყიდვა, მაგრამ მას მერე, რაც საქმეში „ფულის ტომარა“ „მანჩესტერ სიტი“ ჩაერია, მათი შანსები შემცირდა. „ბლაუგრანას“ თავკაც პეპ გვარდიოლას სესკის გადაბირება მეტისმეტად უნდა, პრეზიდენტ სანდრო როსელს კი სხვა მიდგომა აქვს - ჩვენი ბავშვთა სკოლის ძველი აღსაზრდელის გამო ფინანსურ ბალანსს არ დავარღვევო. „ბარსას“ ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი:
„ყოველ წელიწადს ერთი და იგივე მეორდება, თუმცა ამ ზაფხულში სესკი თითქოს უფრო მოგვიახლოვდა და იქნებ ბოლოს და ბოლოს ამ საქმეს საშველიც დაადგეს“.
„არსენალის“ თავკაცმა, არსენ ვენგერმა კი გადაწყვიტა ცუდი შედეგებით გულგატეხილ ფანებს წერილობით მოუხადოს ბოდიში და განუმარტოს რა ტრიალებს მათი კლუბის თავს. ეს ერთგვარი პასუხი გახლდათ საკუთრივ ფანების წერილზე, რომელთაც უპირველეს ყოვლისა აინტერესებდათ, რატომ არ ყიდულობენ „მეთოფეები“ ცნობილ, ძვირადღირებულ ფეხბურთელებს. ვენგერი თავის განმარტებაში ხალხს გულმოდგინედ უხსნის რა ნაკლოვანებები აქვს ფულის დაუნანებლად ფლანგვას, კლუბის ფინანსურ ფილოსოფიას და იმას თუ რატომ ვერ გახდა „არსენალი“ გასულ სეზონში ჩემპიონი. საინტერესოა, რომ ფრანგი მწვრთნელი წარუმატებლობის გამო პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს.
თუმცა, ჯიბეზე ხელის გაკვრა ისეთი რამ არის, რაგინდ ფილოსოფიას მისდევდე, მაინც მოგიწევს. ასე მაგალითად, გუშინ მოგახსენებიდით, რომ „მეთოფეებს“ „ვალენსიასგან“ ხუან მატას ყიდვა უნდათ. მატა 23 წლის ესპანელი ნახევარმცველია, რომელიც ახლახან, 21 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩრდილოლონდონელებმა „ვალენსიას“ მატას სანაცვლოდ 18 მილიონი ფუნტი (20,1 მილიონი ევრო) შესთავაზეს, პასუხად კი მიიღეს, რომ თუ მისი ყიდვა უნდათ 23 მილიონი ფუნტის (25,7 მილიონი ევრო) გადახდა მოუწევთ. ცნობისთვის: „ვალენსიამ“ მატასთან ახალ, ოთხწლიან კონტრაქტს იანვარში მოაწერა ხელი.
„მატას კონტრაქტში რამდენიმე სპეციფიკური პუნქტია და თუ ეს პუნქტები არ ამოქმედდება, მისი სადმე გადასვლა გამორიცხულია“ - თქვა ფეხბურთელის მავანმა ახლობელმა, რომელიც, შესაძლოა, ასეთი განცხადებით ვაჭრობაში მონაწილეობს კიდეც. თავად მატამაც „ვალენსიაში“ დარჩენა ისურვა:
„მომდევნო სეზონში ტიტულების მოგება „ვალენსიასთან“ ერთად მინდა. 2015 წლამდე „ღამურებთან“ მაქვს კონტრაქტი და აქედან არსად ვაპირებ წასვლას“ - თქვა ფეხბურთელმა, რომელსაც, ვინ იცის, იმედი აქვს, რომ „არსენალი“ შეთავაზებას გაზრდის, რის გამოც, შეშფოთებული ვალენსიელები ხელფასს მოუმატებენ. გასულ ზაფხულში მატას ყიდვის სურვილი გამოთქვეს „რეალმა“, „ბარსელონამ“, „ჩელსიმ“ და „ლივერპულმა“.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც, თითქოს და, „არსენალში“ გადადიოდა, 23 წლის ქარიმ ბენზემა გახლდათ. ბენზემა, მოგეხსენებათ, „რეალში“ თამაშობს. იყო ვარაუდი, რომ თუ მადრიდელები სერხიო აგუეროსა და ნეიმარს იყიდდნენ, კონკურენციით შეშინებული ფრანგი „ემირეი სთედიუმზე“ გაიქცეოდა, მაგრამ მან ვაჟკაცობა გადაწყვიტა და თქვა, რომ „რეალში“ ვინც გინდა მივიდეს, ის იქიდან ფეხსაც არ მოიცვლის.
„დაჟინებით ვიმეორებ, „რეალიდან“ წასვლა გულში არასდროს გამივლია. კონკურენტების რომ მეშინოდეს ფეხბურთს სულ არ ვითამაშებდი“ - თქვა „ლიონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა.
ამასობაში კი „არსენალის“ დიზაინერებმა ახალი ფორმები შეკერეს. საოცარია, მაგრამ „მეთოფეთა“ ახალი, ოღონდ, რასაკვირველია, სტუმრად ჩასაცმელი ფორმა ლურჯია. უფრო სწორედ შავ-ლურჯი. წლეულს „არსენალს“ დაარსებიდან 125 წელი უსრულდება და მაისურზე ეს რიცხვიც იქნება ამოქარგული.
ფორმის პრეზენტაციაზე „მეთოფეებმა“ რამდენიმე ფეხბურთელი მიიწვიეს, მათ შორის 24 წლის ფრანგი სამირ ნასრიც. ნასრიმ, სამოსი მოირგო და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჟურნალისტებმა ერთხმად გაამახვილეს ყურადღება, რომ ნახევარმცველს დანა პირს არ უხსნიდა. ეს, ალბათ, გასაგებიც არის. ნასრის საქმე გაურკვეველია. მას „ემირეიტ სთედიუმზე“ ახალი კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია, მთხოვნელი კი იცოცხლეთ, ჰყავს - „მანჩესტერ იუნაიტედი“.
რაც შეეხება ფორმას, ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, რომ ის „მონაკოსას“ აგონებთ, დიზაინერები კი ამტკიცებენ, რომ დიაგონალური ფორმები ქვიშის საათის ასოციაციას იწვევს, ქვიშის საათი კი ისტორიული საგანი გახლავთ - 1886 წელს, როდესაც „მეთოფეთა“ კლუბი დაარსდა, ლონდონში, კერძოდ კი ვულვიჩის დაიალ სკვერზე, სამხედრო აღჭურვილობის ქარხანასთან სწორედ ქვიშის საათი იდგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"