სად წავა სერხიო აგუერო ჯერაც საკითხავია, მაგრამ ერთი ფაქტია, მან უკან მისასვლელი გზა საბოლოოდ მოიჭრა - მადრიდის "ატლეტიკოში" კუნი აღარ დაბრუნდება.
აგუერო ახლა სამშობლოშია და კოპა ამერიკაზე წარმატებულად ასპარეზობს - ჯგუფური ეტაპის შემდეგ ის 3 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველობს. ახლახან ფეხბურთელმა საბოლოოდ გამორიცხა ვარიანტი, რომ ის "ატლეტიკოში" დარჩება, აგუერომ ბოლო 5 წელიწადი გაატარა იქ და ფიქრობს, რომ ეს უკვე საკმარისია.
არგენტინელ ფორვარდს მთხოვნელი არ აკლია - მისი შეძენა "რეალს" და "იუვენტუსს" ყველაზე მეტად სურთ, მაგრამ არც ერთი კლუბი არ აპირებს
"ატლეტიკოს" დაწესებული ფასის, 45 მილიონი ევროს გადახდას. "სამეფო კლუბში" ფიქრობენ, რომ ამხელა თანხა აგუეროში მეტისმეტია, ამავე აზრის არიან ტურინშიც. "მე უკვე ყველაფერზე ველაპარაკე "ატლეტიკოს" ბოსებს. ამ წუთებშიც ჩემი წარმომადგენლები ათანხმებენ ჩემი კლუბიდან წასვლის საკითხს. მინდა, რომ კოპას დასრულების შემდეგ ყველაფერი გაირკვეს. ერთი ცხადია - მე იქ აღარასოდეს დავბრუნდები", - კატეგორიულია კუნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"