"ბარსელონა" ტრანსფერებს ადასტურებს

AutoSharing Option
როგორც იქნა, "ბარსელონას" შტაბმა დაადასტურა, რომ კლუბი სერიოზულ სატრანსფერო ამბებშია ჩართული, რომ ბოიან კრკიჩის "რომაში" გადასვლას აღარაფერი უკლია, ისევე როგორც - ალექსის სანჩესის კატალონიურ გრანდში მისვლას.

ხოსეპ გვარდიოლამ კი განაცხადა, რომ სესკ ფაბრეგასის ტრანსფერზე "არსენალთან" ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. ყინული დაიძრა, ნელ-ნელა გაურკვევლობას ფარდა ეხდება...

გუშინ "ბარსას" სპორტული დირექტორი, წარსულში ცნობილი გოლკიპერი ანდონი სუბისარეტა და პეპ გვარდიოლა მედიის წინაშე წარდგნენ. სუბისარეტამ აღნიშნა, რომ ბოიან კრკიჩის ტრანსფერი "რომაში" თითქმის განხორციელებულია, რომ ასევე წარმატებით გვირგვინდება ალექსის სანჩესის ტრანსფერი "უდინეზე
დან".

"მხარეები ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. ძალიან მალე ალექსისი ჩვენთან იქნება. ჯერ კიდევ დარჩა მოსაგვარებელი საკითხები, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ ტრანსფერს ბოლო კეთილი ექნება", - განაცხადა სუბისარეტამ. ბოიან კრკიჩის შესახებ კი მან თქვა, რომ "რომაში" ტრანსფერი თავად ფეხბურთელს წაადგება კარიერაში და ეს ხელშეკრულება ძალიან მალე გაფორმდება.

სხვაგვარი სიტუაციაა სესკ ფაბრეგასის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით. "დასამალი არაფერი გვაქვს, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ "არსენალს", სესკი კი ამ კლუბის საკუთრებაა, ჩვენ მათ ვთავაზობთ საინტერესო ვარიანტს, რომელიც ჩვენი აზრით, ინგლისელებს დააინტერესებთ. მოლაპარაკებები ღიად მიმდინარეობს და არა კულუარებში".

ამავე პრესკონფერენციაზე დადასტურდა ხმები, რომ კლუბი, შეიძლება, ხეფრენ სუარესმა დატოვოს: "ფეხბურთელმა იცის თავისი მდგომარეობის შესახებ კლუბში და ჩვენ მასთან და მის აგენტთან ერთად ხეფრენის კარიერის საუკეთესოდ განვითარების გზებს ვეძებთ, მაგრამ სატრანსფერო ბაზარი ამ მხრივ ისე აქტიური არაა, როგორც ეს მედიაშია წარმოჩენილი. ჩვენ ძალიან ცოტა შემოთავაზება მივიღეთ ხეფრენთან დაკავშირებით".

პეპმაც დაადასტურა, რომ გუნდი სავარაუდოდ ალექსის სანჩესით და სესკ ფაბრეგასით გაძლიერდება, თუმცა "ბარსას" მწვრთნელმა აღნიშნა, რომ, თუ საქმე ასარჩევად მიდგება, მისთვის პრიორიტეტული თავდამსხმელის შემატებაა და არა ნახევარმცველის. ამით ალბათ ყველაფერია ნათქვამი.

პეპმა აქო და ადიდა ჩილელი ვარსკვლავი, მან ალექსისის მისამართით სიტყვა "ვირტუოზიც" არ დაინანა: "ის მხოლოდ 22 წლისაა, ძალიან ნიჭიერია და შეუძლია შეტევის სამივე პოზიციაზე თამაში. ამასთან გუნდის დაცვით ფუნქციებშიც იღებს მონაწილეობას, თამაშობს ვერტიკალურად და შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს". ამ დროს გვარდიოლამ ნახევარდაცვის ხაზზე თქვა, რომ ბ გუნდშიც არიან ისეთი ბიჭები, რომელთაც შეუძლიათ გუნდის გაძლიერებაო. სესკ ფაბრეგასზე კი თქვა, მას შეუძლია ტიაგო ალკანტარას კონკურენცია გაუწიოსო!

"ბარსელონამ" პირველი შეკრება 15 ფეხბურთელით დაიწყო, აქედან 14 პირველი გუნდის წევრია, ერთი კი მექსიკელი ჯონათან დოს სანტოსია ბ გუნდიდან. მოკლედ, "უემბლის" ფინალიდან 51 დღის შემდეგ "ბარსამ" განაახლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული