ჩავის ბოდიში და ოპტიმიზმი

AutoSharing Option
ორიოდე დღეა, რაც "ბარსელონამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ეს კლუბი უკვე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა მიუხედავად იმისა, რომ ბაზაზე ჯერ პირველი გუნდის 14 ფეხბურთელი ვარჯიშობს.

გუშინ მედიას ჩავი ერნანდესი წარუდგა, ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონას" ექიმებმა შვებულება გაუხანგრძლივეს, რომ სრულფასოვანი დასვენება მოასწროს.

ჩავის უპირველესად თავის მართლება მოუწია - საქმე იმაშია, რომ ერთი კვირის წინ ინტერვიუში მან თქვა სესკ ფაბრეგასი "არსენალში" იტანჯებაო. ამან კი საბოლოოდ გამოიყვანა წყობიდან ლონდონელთა ფრანგი თავკაცი არსენ ვენგერი.

"ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩემი გამონათქვამი ვენგერზე და "არსენალზე" თავდასხმად
გაიგო. მსგავსი არაფერი გამივლია გონებაში. უბრალოდ, ვთქვი, რომ სესკისთვის საუკეთესო ვარიანტი "ბარსელონაში" თამაშია", - განაცხადა 31 წლის ნახევარმცველმა. "თავს უკვე ჯანმრთელად ვგრძნობ, ერთადერთი ქუსლი მაწუხებს. გასულ სეზონში ტრავმებმა ძალიან შემაწუხეს. ამიტომ, ჩემთვის ძალიან კარგია, რომ ჯერ ჯგუფთან ერთად არ ვვარჯიშობ, თუმცა ბიჭებს ძალიან მალე შევუერთდები".

ჩავი ოპტიმისტურად იწყებს სეზონს: "ჩვენი მიზანი იგივეა - ვიბრძოლებთ ყველა ტიტულის მოსაგებად. უპირველესად კი სუპერთასისთვის ბრძოლით დავიწყებთ, თუმცა სეზონის განმავლობაში სუპერთასზე უფრო მნიშვნელოვანი ტიტულებისთვის ბრძოლა გველის". "ბარსას" შეტევების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მოხარულია, რომ ალბერტ ფონტასი და ტიაგო ალკანტარა პირველ გუნდში დააწინაურეს. განსაკუთრებით ტიაგოს დამატება უხარია, რადგან ნახევარდაცვაში "ბარსას" მეტი ვარიანტი ექნება. "მერე რა, რომ ის ჩემი კონკურენტია - უკონკურენტო "ბარსელონაში" არავაინაა", - დაასკვნა მან.

გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლიც ვარჯიშობს, ოღონდ მცველი ჯერ მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. კაპიტანს მთლიანად დაუთმეს ბაზის მეორე მინდორი. მას მუდმივად თან ახლავს ერთ-ერთი მწვრთნელი. მუხლზე ოპერაციის შემდეგ 7 კვირა გავიდა. ხოსეპ გვარდიოლა იმედოვნებს, რომ კაპიტნის პრობლემები წარსულს ჩაბარდა - ახალ სეზონს ის კაჟივით ჯანმრთელი შეხვდება.

გუშინ ხოსეპ გვარდიოლამ სარეზერვო გუნდის თავკახ ესუებიო საკრისტანს ერთობლივი ვარჯიშის გამართვა შესთავაზა. ასე რომ, როცა პუიოლი დინჯად ურტყამდა წრეებს მეორე მინდორს, პირველზე გაერთიანებული გუნდი ვარჯიშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული