ამბები ”ბარსელონას” ბანაკიდან

AutoSharing Option
ფინალში პენალტების სერიით
გუშინ "ბარსელონა" მიუნხენში "აუდის თასის" გათამაშებაში ჩაება, სადაც კატალონიური გრანდის პირველი მეტოქე პორტუ ალეგრეს "ინტერნასიონალი" გახლდათ.

ხოსეპ გვარდიოლამ ამ თამაშზე ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა: ვალდესი, რივეროლა, ფონტასი, ბუსკეტსი, მაქსველი, ტიაგო, ინიესტა, კეიტა, აფელაი, სორიანო, კუენსა. როგორც ხედავთ, მეტად ექსპერიმენტული შემადგენლობაა. ეს "ბარსას" მეორე წინასასეზონო მატჩი იყო. ბრაზილიელთა შორის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი მათი არგენტინელი ათიანი ანდრეს დ'ალესანდრო იყო. მეორე ტაიმში პეპმა ეს შემადგენლობა ათამაშა: პინტო, ბალიუ, პიკე, აბიდალი, მასიპი, მუნიესა, ჩავი, ესპინოსა, ვილია, პედრო, ხეფრენი.

ანგარიში პირველ ტაიმში
ტიაგო ალკანტარამ გახსნა, მეორე ტაიმში ბრაზილიელმა ნეიმ გაათანაბრა, 63-ე წუთზე ისევ "ბარსა" გავიდა წინ, ამჯერად ჯონათან დოს სანტოსმა გაიტანა, მაგრამ დამიაომ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დალაშქრა პინტოს კარი - 2:2. თუმცა დამიაომ იგივე პენალტის სერიაში ვეღარ გაიმეორა.

საბოლოოდ, ესპანელებმა პენალტების სერიაში 4:2 მოიგეს და "აუდის თასის" ფინალში გავიდნენ. პენალტები გაიტანეს: ვილიამ, დოს სანტოსმა, კარმონამ და მუნიესამ. "აუდის თასის" ფინალი დღეს გაიმართება, "ბარსელონას" მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იქნება.

ამერიკული ტურნე
ხოსეპ გვარდიოლამ გამოაცხადა იმ ფეხბურთელთა სია, რომელთაც 28 ივლისს ამერიკულ ტურნეზე წაიყვანს. როგორც კი "აუდის თასი" მორჩება, "ბარსელონა" 25-კაციანი შემადგენლობით გერმანიიდან ამერიკაში გაემგზავრება. გვარდიოლა შანსს ბ გუნდის 9 ფეხბურთელს მისცემს. ესენია: მასიპი, მუნიესა, ბალიუ, როსელი, რივეროლა, კარმონა, დოს სანტოსი, კუენსა და სორიანო. გვარდიოლა ასვენებს იმ სახმრეთამერიკელებს, რომელთაც კოპა ამერიკაზე მიიღეს მონაწილეობა. ასე რომ, ბარსას ამერიკულ ტურნეზე არ იქნებიან ლეო მესი, ალექსის სანჩესი, ხავიერ მასკერანო, გაბი მილიტო, დანი ალვეში და ადრიანო კორეია. მოკლედ, პეპმა მიუნხენურ 28 კაცს სამი მოაკლო: გუსტავო ლედესი, არმანდო ლოსანო და ხავი ესპინოსა. 31 ივლისს "ფედექსის" სტადიონზე "ბარსელონას" მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

პუიოლი სუპერთასზე არ იქნება
ხოსეპ გვარდიოლა გუნდის კაპიტან კარლეს პუიოლს ერთობ უფრთხილდება, მწვრთნელის გადაწყვეტილებით ოპერაციაგადატანილი ვეტერანი მცველი ესპანური ჩემპიონატის დაწყებამდე მოედანზე სათამაშოდ არ გავა. მიზეზი კი ისაა, რომ პუიოლს ჯერ ბოლომდე არ მოურჩენია ტრავმა და ასეც რომ იყოს, მისი დაყენება ამხანაგურ მატჩებში პეპს არ უღირს.

თუმცა კარლესი მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს არ გამოტოვებს - ჩემპიონატის დაწყებამდე ესპანეთში სუპერთასის გათამაშება მოეწყობა, ორრაუნდიან დაპირისპირებაში "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" შეხვდება - გადაწყვეტილია, რომ პუიოლი სუპერთასსაც გამოტოვებს.

მას რაღაცა აქვსო...
"ბარსელონას" ჩილელი ახალწვეული ალექსის სანჩესი აცხადებს, რომ ის შეეცდება კლუბს მეტი ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს. 22 წლის სამხრეთ ამერიკელმა თქვა: "მე მოვედი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. გვერდით, ჩავი, მესი და სხვები ითამაშებენ, ეს კი ჩემთვის დიდი პატივია. ჩემი მიზანია გუნდს კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოხვეჭაში დავეხმარო". სანჩესმა იუკადრისა კრიშტიანო რონალდოსთან შედარება: "რონალდოს დიდ პატივს ვცემ, ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ არ მსურს, ვინმეს შემადარონ", - განაცხადა მან. სხვათა შორის, ალექსისმა აღნიშნა, რომ თავიდანვე რონალდოს, ოღონდ ბრაზილიელის, ფანი იყო და ფეხბურთის ბევრ ასპექტში ცდილობდა მისთვის მიებაძა.

ალექსისი "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ ერთობ შეაქო. მან განაცხადა, რომ სანჩესი ისეთი რამ აქვს, რაც "ბარსელონას" არ გააჩნია, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობდა, დიდ გოლკიპერს არ დაუკონკტებია: "ალექსისი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ელეგანტური. მას შეუძლია თამაში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრესიულია. ვფიქრობ, მას ისეთი თვისებები გააჩნია, რომელიც ჩვენ გუნდს ახლა აკლია".

ჩავი არსენალს არ ეშვება
მოგეხსენებათ, ჩავის ამასწინდელმა კომენტარებმა სესკ ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით ლამის "ომი" გამოიწვია "ბარსელონასა" და "არსენალს" შორის. მაშინ "არსენალის" ფრანგი თავკაცი არსენ ვენგერი აღაშფოთა ჩავის გამონათქვამმა - სესკი ლონდონში იტანჯებაო. მოგვიანებით ჩავიმ ამ სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა იქვე დაამატა, რომ სესკისთვის კარგი იქნებოდა "ბარსელონაში" თამაშიო.

როგორც ჩანს, ჩავი არ ისვენებს. მან ახლა ესპანურ "სპორტს" მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ სესკ ფაბრეგასი ის ნაწილია, რომელიც "ბარსას" სრულყოფილებას აკლია:

"მინდა, რომ ეს საგა კარგად დასრულდეს და სესკი "ბარსაში" ვიხილო. ის "პაზლის" უკანასკნელი ნაწილია, რომელიც გუნდს აკლია - ამის შემდეგ კი "ბარსელონა" იქნება სრულად დაკომპლექტებული. სესკი სულ რაღაც 24 წლისაა და მისი დაბრუნება იმის ნიშანი იქნება, რომ თაობათა ცვლა გრძელდება. მე კონკურენციის არ მეშინია - 13 წელიწადია, რაც მუდმივად კონკურენციის ქვეშ ვარ. მეტი კარგი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში ისევ ჩვენთვის არის კარგი. ასე რომ, ყველანი მოხარული ვიქნებით თუ ფაბრეგასი ჩვენთან გადმოვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული