მოდი, ვნახოთ სესკი და "რეალი"

AutoSharing Option
"ბარსელონა" ესპანეთის სუპერთასს ყველაზე მეტჯერ, 9-ჯერ ფლობდა, 8-ჯერ ამ ტიტულს მისი დაუძინებელი მტერი - "რეალი". მოკლედ, ამაღამ "კამპ ნოუზე" გაირკვევა, წინ გაიჭრება კატალონიური გრანდი თუ გაათანაბრებს ტიტულთა რიცხვს "სამეფო კლუბი".

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახალი "რეალის" ნახვა, იყო თუ არა პირველი მატჩი, როცა მადრიდელებმა თამამად შეუტიეს "ბარსას", გამონაკლისი, თუ ჟოზე მოურინიო წლეულს სულ სხვა ტაქტიკით აპირებს მეტოქის ჰეგემონიის დამხობას ესპანეთში.

არის კიდევ ერთი ძალზე საინტერესო ინტრიგა: ითამაშებს თუ არა "ბარსას" ახალწვეული სესკ ფაბრეგასი. ფეხბურთელი, რომელიც მშობლიურ კლუბს ოფიციალური ინფორმაციის
თანახმად, 29 მილიონი ევრო დაუჯდა (არაოფიციალურად 40 მილიონს ასახელებენ). ესპანური მედია ამტკიცებს, რომ სესკი ითამაშებს და თანაც სასტარტო შემადგენლობაში იქნება! აი, ეს უკვე ძალზე საინტერესოა...

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ძალზე განებივრებული ვართ "კლასიკოებით", გასულ სეზონში ხუთი "კლასიკო" ვიხილეთ, თანაც ზედიზედ ოთხი სულ რაღაც 21 დღის განმავლობაში. არადა, ადრე ასე სულაც არ იყოს. მაგალითისთვის, ესპანეთის სუპერთასზე ბოლოს ეს გუნდები 1997 წელს შეხვდნენ. მაშინ, 14 წლის წინათ, სუპერთასი "რეალს" დარჩა (1:2, 4:1), ისევე, როგორც სამ სხვა შემთხვევაში, როცა "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ამ გათამაშებაში. ანუ ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონას" "რეალისთვის" აქამდე არ უჯობნია, ახლა კი შესანიშნავი შანსი აქვს - მადრიდელთა ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩი სტუმართათვის კარგი ანგარიშით, 2:2 დასრულდა.

გუშინ ჟოზე მოურინიომ კატალონიისკენ 22 ფეხბურთელი დაძრა. სიახლე ისაა, რომ ესტებან გრანერო ამჯერად გუნდთან ერთად იქნება, ისევე როგორც "რეალ კასტილიას" წევრები მორატა და მეხიასი. "რეალის" ახალწვეულები, ნური შაჰინი და ჰამით ალთინთოპი კვლავ ტრავმირებულები არიან. გამგზავრებამდე ჟოზემ ბოლო ვარჯიში გამართა და, რა თქმა უნდა, ის მედიისთვისაც კი დახურა. ვარჯიშში მონაწილეობა 23-მა ფეხბურთელმა მიიღო, რომელთაგან ბარსელონაში მწვრთნელმა მხოლოდ ნაჩო არ წაიყვანა.

სხვათა შორის, საეჭვოა ანხელ დი მარიას და სამი ხედირას თამაში, მათ ცალკე ივარჯიშეს "რეალის" ფიზმომზადების მწვრთნელ რუი კოშტასთას განკარგულებაში. პრინციპში, დი მარია ისედაც აღარ მოიაზრებოდა სასტარტო შემადგენლობაში. ამბობენ, რომ ერთადერთი ცვლილება "რეალში" სწორედ ეს იქნება - სასტარტოში დი მარიას ფაბიო კოენტრაო შეცვლის.

თამაშის წინ "რეალში" შესანიშნავი განწყობაა: "ყველაფერი ჩვენ ხელთაა, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ "ბარსელონა" და მოვიპოვოთ სუპერთასი", - აცხადებს ფრანგი ქარიმ ბენზემა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია.

სესკ ფაბრეგასი კარიერაში მესამედ ითამაშებს "რეალის" წინააღმდეგ, მაგრამ ამას პირველად გააკეთებს მშობლიური კლუბის მაისურით. ორჯერ, როცა ის მოედანზე "სამეფო კლუბს" გადაეყარა, "არსენალი" არ დამარცხებულა. 2006 წელს მან პირველად ითამაშა ესპანეთის მიწაზე პროფესიულ დონეზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ლონდონურმა კლუბმა 1:0 მოიგო და იმ თამაშში სესკმა საგოლე პასი გაუკეთა ტიერი ანრის, 18 წლის ფაბრეგასი მადრიდულმა პუბლიკამ ოვაციებით გააცილა. ხოსეპ გვარდიოლამ, შეიძლება პირველად სწორედ დღეს დააყენოს სუპერშემტევი ექვსეული (რომელსაც, თქმა არ უნდა, კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ მომავალში) - შუახაზში სამკუთხედს სესკი, ჩავი და ინიესტა შექმნიან, შეტევაში ტრიო კი სანჩესი, მესი და ვილია იქნება. მოდი, და ებრძოლე ასეთ გუნდს!

"ბარსას" კაპიტანი კარლეს პუიოლი კვლავ არ არის მზად თამაშისთვის. ამიტომაც, კლავ მოუწევს ნახევარმცველ მასკერანოს დაცვის ცენტრში თამაში. აი, პიკე კი სასტარტოდან დაიწყებს, რის გამოც აბიდალი გადავა დაცვის მარცხენა ფრთაზე, ადრიანო კი - სათადარიგოთა სკამზე. მოკლედ, ცვლილებები მინიმალური იქნება, თუმცა ერთი ისეთია, რომ მარტო მის სანახავად ღირს თამაშის ყურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული