იმ დღეს, როცა "რეალი" ბილბაოს "ატლეტიკთან" სათამაშოდ გავიდა, "მარკამ" დიდი სკანდალი ააგორა - თურმე ჟოზე მოურინიოს წაგებული კლასიკოს შემდეგ ფეხბურთელები აუმხედრდნენ!
მართლაც, საოცარი იყო, თუ რატომ დაგმანა პორტუგალიელმა თავკაცმა ბაზის ყველა კარი, როცა გუნდი ბასკებთან მატჩისთვის ემზადებოდა.
თუკი "მარკას" ვენდობით, მოურინიოს მოწინავე ესპანელ ფეხბურთელებთან მოუვიდა უთანხმოება, მაგრამ მის მხარეს არის "რეალის" ძლიერი პორტუგალიური "კოლონია" (რონალდო, პეპე, კარვალიო, კოენტრაო), ამან კი, შეიძლება, გუნდში დიდი არეულობა გამოიწვიოს.
აი, რას წერს "მარკა" - პარასკევს, ვარჯიშზე
"მარკა" ამტკიცებს, რომ "რეალის" ფეხბურთელებს არ მოსწონთ ის ტაქტიკური არჩევანი, რომელსაც მოუ კლასიკოს დროს აკეთებს, როცა მწვრთნელი უარს ამბობს შემტევ სტილზე და ბურთის ფლობაზე. არადა, სხვა თამაშებში "რეალი" სწორედ ასე ასპარეზობს. სხვათა შორის, ფეხბურთელებს ცუდად მიუღიათ გამოჯანმრთელებული რიკარდო კარვალიოს მაშინვე სასტარტოში მოხვედრა, თუმცა არ გამოუთქვიათ პროტესტი, როცა მარჯვენა ფლანგზე მოულოდნელად ჰამით ალთინთოპი გამოჩნდა.
კამათი მწვრთნელსა და შეგირს იმის გამო მოუვიდათ, რომ მოურინიოს ნათქვამი ჰქონდა რამოსისთვის, სტანდარტული მდგომარეობების დროს, მას უნდა "აეყვანა" კარლეს პუიოლი. კლასიკოზე კი პუიოლმა თავით გაათანაბრა ანგარიში, ის ჩავის ჩამოწოდებულს ვარდნაში თავით შეეგება. "ბარსას" კაპიტანმა პეპეს დაასწრო, მაშინ როცა რამოსი პიკეს "კეტავდა".
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევცვლიდით ასაყვან ხალხს", - თქვა რამოსმა. "ანუ შენ მწვრთნელობანას თამაში დაიწყე", - იკითხა მოურინიომ - "არა, მაგრამ ხანდახან შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია მოედანზე, მაგრამ, რადგან თქვენ ფეხბურთი არ გითამაშიათ, ამას ვერ გაიგებთ". სიტუაცია სხვა ფეხბურთელებმა განმუხტეს, უფრო კონკრეტულად კი ჩაბი ალონსომ. ამის შემდეგ, მოურინიო გაეცალა გუნდს, სკამზე დაჯდა და იქიდან უყურა ვარჯიშს, ყველაფერი კი აიტორ კარანკას მიანდო.
კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს არის "მარკას" მონათხრობი, რომლისაც, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად გვჯერა. ჯერ ერთი, პარასკევის ვარჯიში ჩაკეტილი იყო და "ვალდებებასის ბაზაზე, ჟურნალისტი კი არა, ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. გამოდის, რომ ინფორმაცია იქიდან ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გამოიტანა ან "მარკამ" მოიგონა.
სხვათა შორის, ადრე "მარკა" დიდად უჭერდა მხარს მოურინიოს, მაგრამ თანდათან დამოკიდებულება შეიცვალა. ჯერ იყო, მათ 7 მიზეზი ჩამოწერეს, რის გამოც "რეალმა" წააგო "ბარსელონასთან". შემდეგ ივარაუდეს, რომ პორტუგალიელმა მოიგონა დი მარიას ტრავმა. ახლა კი "მარკა" წერს, რომ მოურინიომ ფლორენტინო პერესთან შეხვედრაზე მარცხი ფეხბურთელებს დააბრალა: "სენიორ პრეზიდენტ, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მის დონეს არ შეეფერებიან", - ვინ იგულისხმა მოურინიომ, თქვა თუ არა საერთოდ ასეთი რამ, უცნობია, მაგრამ თუ ეს მართლა ასეა - პერესს გუნდში განხეთქილების თავიდან ასაცილებლად დიდი შრომა დასჭირდება.
მარკას სკანდალის შედეგი: სტვენა სტადიონზე!
"მარკას" სკანდალური სტატია, ბუნებრივია, "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილ თითქმის ყველა გულშემატკივარს ჰქონდა წაკითხული. ბოლოსკენ, როცა "რეალი" 3:1-ს იგებდა გუნდის "ულტრასებმა" დაიწყეს მოურინიო, მოურინიოს სკანდირება და... ჰოი, საოცრებავ - პირველად ისტორიაში ამან სტვენა გამოიწვია ტრიბუნებზე. ნაწილი "ულტრასებს" აყვა, ნაწილი კი უსტვენდა.
"დებატები" დროულად ჩაახშო ხოსე კალეხონის გოლმა, მაგრამ ფაქტია, რომ "ეროვნული მოტივით" (ესპანელებს ჩაგრავენ) დაწერილმა სტატიამ უარყოფითი შედეგი მაინც გამოიღო.
აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით "რეალის" თავკაცმა: "ამ სტადიონზე ბევრისთვის უსტვენიათ, თვით ზინედიზ ზიდანისთვის, ბრაზილიელი რონალდოსთვის, კრიშტიანო რონადლოსთვის და მე რატომ უნდა ვყოფილიყავი გამონაკლისი? ყველამ იცის, რომ ჩემთვის ეს პრობლემა არაა. ზიდანმა და სხვებმა სტვენას დიდებული თამაშით უპასუხეს, მეც შესაბამისად ვუპასუხებ და სტვენაც მინელდება.
ყველა კლუბს აქვს ისტორია და თავისი კულტურა, მე არ დავბადებულვარ მადრიდისტად, მაგრამ ვარ პროფესიონალი და ვიცავ ამ კლუბის ინტერესებს. მე არ ვითხოვდი, დამნიშნეთ "რეალის" მწვრთნელადო, ფლორენტინო პერესმა მთხოვა, რომელთანაც ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. ვერავინ ამას ხელს ვერ შეუშლის, გასაკეთებელი საქმე აუცილებლად გაკეთდება, სულ ეს არის", - როგორც ხედავთ, მოურინიო სულაც არ არის იოლად, მედიის შავი პიარით მოსაცილებელი მწვრთნელი.
ბუმერანგის პრინციპი: კასილიასი - მარკას უნდა მოეკითხოს, რამოსი - ყველაფერი ტყუილია
პირველი იკერ კასილიასმა გააკეთა ამ სკანდალზე კომენტარი. აი, რა თქვა "რეალის" კაპიტანმა: "მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა, გუნდში ყველანი ერთსულოვნები ვართ. რაც შეეხება "მარკას" გავრცელებულ ინფორმაციას, მოკითხეთ თავად გაზეთს. ჩვენ ისედაც ბევრი სამუშაო გვაქვს ამ სისულელისთვის არ გვცალია. რაც შეეხება პორტუგალიელი და ესპანელი ფეხბურთელების ურთიერთობას კლუბში, ის დიდებულია".
გუშინ "ინციდენტს" "ტვიტერით" თავად სერხიო რამოსი გამოეხმაურა: "ის, ვინც ამტკიცებს, რომ გუნდი ბანაკებადაა დაყოფილი, მატყუარაა. ჩვენ ერთი დიდი ჯგუფი ვართ, ყველანი ერთად ვშრომობთ წარმატებისთვის და ერთად მივაღწევთ წარმატებას. გუშინდელი გამარჯვება სუპერმნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ახლა კი დროა, კოპაზე ვიფიქროთ, ჩვენ მადრიდი ვართ!"
სხვათა შორის, ამ ამბავს სრულიად მოულოდნელად ანდრეს ინიესტა გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რაც გარეშე თვალით უნახავს, "რეალში" იდილიური ვითარებაა.
ალვარო არბელოამ, რომელიც "მარკას" მტკიცებით შელაპარაკებას ესწრებოდა, განაცხადა, რომ არავისთან კამათი არ მოსვლია და ამ ინციდენტის შესახებ არაფერი გაუგია: "ჩვენ გუნდში ყველაფერი წესრიგშია. გაანებეთ "რეალს" თავი".
აი, ასე დაჩრდილა "მარკას" სკანდალმა იკერ კასილიასის მე-600, ხოლო ჩაბი ალონსოს მე-200 მატჩი "რეალის" მაისურით და თავად "სამეფო კლუბის" ბრწყინვალე გამარჯვება "ბილბაოსთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პ.ს. რონალდო გადმოსვლის დღიდან რეალის საუკეთესო ბომბარდირი ხდება ზედიზედ!!