ჟოზე მოურინიო ლონდონში შეამჩნიეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" 49 წლის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისარგებლა რა სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზით, ლონდონს ოჯახთან (მეუღლე ტომი და 2 შვილი) ერთად ეწვია.

ის გუშინ ჯერ "ჰითროუს" აეროპორტის მიდამოებში დააფიქსირეს, რამდენიმე საათში კი უშუალოდ ლონდონში პორტუგალიელმა თავად ისურვა "ჩელსის" მავან გულშემატკივართან ერთად ფოტოს გადაღება. ეს სურათი სოციალური ქსელების დახმარებით, ბუნებრივია, ელვის სისწრაფით გავრცელდა.

მოურინიოს ვიზიტის მიზანი ლონდონის "ჩელსის" რაიონში სახლის შეძენა გახლდათ. როგორც "ევროსპორტის" ჟურნალისტები ირწმუნებიან, "განსაკუთრებულს" ბრიტანეთის დედაქალაქში ძველი საცხოვრებელიც არ გაუყიდია, მაგრამ იქ ახალ სახლზე ბევრად მცირე ფართია.
გარდა გუშინდელი ვიზიტისა, კუნძულზე ჟოზეს შესაძლო დაბრუნებაზე მისი მეგობრებიც ლაპარაკობენ, რომელთა ვინაობას პრესა საიდუმლოდ ინახავს.

მათი თქმით, მოურინიოს ამბიციური ლონდონური კლუბის ჩაბარება სურს. ასეთი კი, მოგეხსენებათ, სამია - "ჩელსი", "ტოტენჰემი" და "არსენალი". უკანასკნელი თითქმის წარმოუდგენელია, რადგან თუნდაც მოუს ხათრით, არსენ ვენგერს გუნდიდან არავინ გაუშვებს.

"დეზები" რეალურად დგანან ჰარი რედნაპის დაკარგვის საფრთხის წინაშე. 64 წლის სპეციალისტი საკლუბო სეზონის დასრულებისთანავე ალბათ ინგლისის ნაკრებს ჩაიბარებს და მას ევრო 2012-ზე გაუძღვება. ასე რომ, "უაით ჰართ ლეინზე" პორტუგალიელის მისვლა ლოგიკური იქნება. რჩება "ჩელსი", სადაც ანდრე ვილაშ ბოაშს სკამი მეტისმეტად მორყეული აქვს და თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, რას გადაწყვეტს აბრამოვიჩი, არავინ იცის.

ის, რასაც "განსაკუთრებული ადამიანი" არასოდეს მალავდა, ეს იყო გამორჩეული სიყვარული ლონდონის მიმართ. "წვიმების ქალაქიდან" აბარგების ჟამს მან ასეთი ფრაზაც კი თქვა, აქ მე დაუმთავრებელი საქმეები მრჩებაო. შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ შიდა ასპარეზზე
ყველაფრის მოგების შემდეგ მას პრემიერლიგურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება აქვს ჩაფიქრებული.

მოგეხსენებათ, მოურინიო "არისტოკრატებში" 2004-07 წლებში მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში ორჯერ შეძლო "გუნდის" გაჩემპიონება, ამდენჯერვე მოაგებინა "ლურჯებს" ლიგის თასი, თითოჯერ კი ასოციაციის თასი და სუპერთასი. თუმცა ძირითადად მაინც ევროპულ ასპარეზზე განცდილი წარუმატებლობების გამო რომან აბრამოვიჩმა 2007 წლის 20 სექტემბერს ის თანამდებობიდან დაითხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული